reportiori.ge - კონსტანტინე გამსახურდია: მწამებლებს ნამდვილად ეკუთვნით ის ჯოჯოხეთი, რომ მათი ვინაობა იცოდეს მთელმა საქართველომ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:13
ინტერვიუ
კონსტანტინე გამსახურდია: მწამებლებს ნამდვილად ეკუთვნით ის ჯოჯოხეთი, რომ მათი ვინაობა იცოდეს მთელმა საქართველომ!
ავტორი:
29 ოქტომბერი, 2015. 17:24


საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებისა და ხელისუფლების გადატრიალების საფრთხეებზე საუბრობს და „რეპორტიორთან" ინტერვიუში სხვა პოლიტიკურად მწვავე პროცესებს განიხილავს:


- უაღრესად საინტერესო და ამავდროულად წინააღმდეგობებითა და კოლიზიებით აღსავსე დროში გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ პროცესების აქტორებსა და პოლიტიკური ცხოვრების დამკვირვებლებს ყოველთვის აქვთ დიფერენცირებული, მიუდგომელი და ობიექტური პოზიცია შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ეს მეტწილად იმის გამო ხდება, რომ ადამიანები ჩართულები არიან პროცესებში ისე, რომ იმყოფებიან ერთ ან მეორე მხარეს. როდესაც შენ წარმოადგენ მხარეს, ბუნებრივია, გაგაჩნია იმდენი ჭეშმარიტება, იმდენი სიმართლე და იმდენი ობიექტურობა, რამდენიც შენგ ჭირდება, რომ ამ მხარეზე შენი ადგილი შეინარჩუნო. ამიტომ, ძალიან ხშირად, ადამიანებს უჭირთ, დაინახონ შექმნილი სიტუაცია მთლიან კონტექსტში, ანუ კონტექსტიდან ამოუგლეჯავად და ამგვარად შეაფასონ და გამოიტანონ სათანადო დასკვნები. მინდა განვაცხადო, რომ არ ეღირსებათ ადამიანური ღირსებისთვის შესაფერისი ცხოვრება მათ, ვისაც ვერ გაურკვევია, რა ეპოქაში ცხოვრობს და რომელ აქტორებთან, პოლიტიკურ ძალებთან უწევთ რეალურად შეხება. დღევანდელ დღეს საქართველოში რამდენიმე თვალსაჩინო და ღირსშესანიშნავი პროცესი მიმდინარეობს.

 

- შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იყოს?


- დიახ, მინდა გითხრათ ერთი რამ, საქართველოს უახლეს ისტორიას ახასიათებს ერთი და იგივე ნარატივი, რომელიც თითქმის ანალოგიურად ხდება, როგორც ერთხელ უკვე მოხდა. შესაძლოა, იყოს პატარა განსხვავებები, თუმცა ძირითადად, 90 %-ით ერთნაირად ხდება ხოლმე. და მეორე საკითხი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, გახლავთ ერთი და იმავე ადამიანების ბრძოლა ხელისუფლებისთვის.


ეს თემა ახლა იმიტომ ვახსენე, რომ ეს ფილმი ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ. ეს იყო 2007 წელს, როდესაც რამდენიმე ოპოზიციონერის, მათ შორის ჩემს წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით. ჩვენ გვბრალდებოდა მეზობელი ქვეყნის, ანუ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა და მთავრობის სასახლის დაკავებისა და ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის ოპერატიული ღონისძიებების დაგეგმვა. გვბრალდებოდა, რომ ეს ღონისძიებები უნდა გაგვეტარებინა 2007 წლის 2 ნოემბერს, როდესაც მთავრობის სასახლესთან 150 000 ადამიანამდე შეიკრიბა. ეს იყო შთამბეჭდავი რიცხვი და როდესაც ეს ამბები ასე არ დასრულდა, ბუნებრივია ბევრ ადამიანს გაუჩნდა შეკითხვა. ყველა ელოდებოდა, რომ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვლებოდა და სააკაშვილის ხელისუფლება დამთავრდებოდა. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ჩანაწერების საფუძველზე. ეს იყო სხვადასხვა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. მაშინ მომიწია კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მისვლა და კომენტარის გაკეთება  ჩემს თითოეულ სატელეფონო საუბარზე. რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად წიგნიერი კომენტარი გავაკეთე, რის შემდეგაც პრაქტიკულად ყველა ეჭვი მოიხსნა. სისხლის სამართლის საქმემაც ჩაილურის წყალი დალია.


თუ გავავლებთ დღევანდელობასთან გარკვეულ პარალელს, ძნელი სათქმელია, რა მასალებს ფლობს რეალურად საქართველოს პროკურატურა. ჩვენ ეს არ ვიცით. ვიცით მხოლოდ, რომ ფლობენ, არა ფონოგრამას, არამედ ძალიან ბუნდოვან ჩანაწერს, რომელიც თითქოს რაღაც ლაზერული ტექნიკის მოშველიებით იქნა ჩაწერილი და შემდეგ გადმოტანილი ქაღალდზე. ეს ყველაფერი ძალიან ბუნდოვანია და ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. არ მსმენია, რომ ევროპასა და ამერიკაში ანალოგიური ხელსაწყო თუ ინსტრუმენტი ჰქონდეთ. რაც მსმენია, ეს არის ფანტასტიკაში, წიგნებში, როგორც არის მაგალითად ჯორჯ ორუელის წიგნი „1984". აქ არის აღწერილი ერთგვარი ტელესკრინი, ხელსაწყო, რომელიც დამონტაჟებულია თითოეული ადამიანის ბინაში. რამდენადაც ქვეყანას მართავს დიდი ძმა და აკრძალულია დიდი ძმის წინააღმდეგ მიმართული აზრების გაჩენაც კი, ეს არის აბსოლუტური ტოტალიტარიზმის ქვეყანა და ტელესკრინი არის ხელსაწყო, რომელიც კითხულობს ადამიანის აზრებს. რაღაც ასეთი ტიპის ხელსაწყოზეა საუბარი ახლაც, ჩვენს რეალობაში. შესაძლოა, მე ჩამოვრჩი მსოფლიო ტექნოლოგიების განვითარებას და მოგეხსენებათ, მსოფლიო ტექნოლოგიები გიგანტური ნაბიჯებით ვითარდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, სერიოზული სასამართლო ასეთ ტექნოლოგიებს თუ მართლა გაითვალისწინებს, ჩემთვის სრულიად არადამაჯერებელია.


სხვა საკითხია, შეუძლიათ თუ არა მათ დაგეგმონ რაიმე მსგავსი. ამაზე არ შევჯერდები. მათ არასდროს უთქვამთ, რომ არაკონსტიტუციურ გზებს გამოიყენებენ, თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ დათმობას აპირებენ. ისინი ნამდვილად არ აპირებენ პოზიციების დათმობას. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მესამე პირის გამოჩენას.


- მესამე პირი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახლავთ?


- დიახ, ეს მესამე პირი არის პრეზიდენტი მარგველაშვილი. მგონი, სწორედ აქ უნდა იყოს ძაღლის თავი დამარხული. საერთოდ, წინა ხელისუფლებას ახასიათებდა პროკურატურის მსგავსი ორგანოების გამოყენება პიარის დანიშნულებით. ეს გულისხმობს, რომ ესა თუ ის პიროვნება შეგვიძლია წარმოვაჩინოთ სასურველ კონტექსტში და ხელი შევუწყოთ მისთვის ჩირქის მოცხებას. მგონი, ამ შემთხვევაში, უბრალოდ იმავე ფენომენთან გვაქვს საქმე, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება აკეთებდა.


თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ მარგველაშვილს დაიბარებენ ძალოვნები (ნეტა რა პასუხს ელიან მისგან?), ის დაადასტურებს, რომ რაიმე საქმიანი შეხება ჰქონდა სააკაშვილთან და ბოკერიასთან? თუ რას ელიან მისგან? ეს ყველაფერი თავისთავად ცხადია, მაგრამ რაღაცნაირად მარგველაშვილის სახელის ხსენება სააკაშვილსა და ბოკერიასთან კარგია იმ კუთხით, რომ ამ ადამიანს ჩირქი მოეცხოს. ისევე როგორც 2007 წელს კარგი იყო ჩემი სახელის ხსენება რუსეთის საელჩოს დესპანთან, ვოლინკინთან. ანუ ჩვენ გვახსენებდნენ, როგორც ადამიანებს, რომლებიც დაკავშირებული ვიყავით რუსეთის სპეცსამსახურებთან, რადგან ბუნებრივია, რუსეთის საელჩო სპეცსამსახურებთან ერთად ფუნქციონირებს.


- როგორ უნდა მოიქცეს დღევანდელი ხელისუფლება, რომ არსებული ვითარება წარმოაჩინოს სერიოზულად და არა პიარკამპანიად?


- გარკვეულ ეტაპზე, მათ უნდა გაასაჯაროონ, თუ რა მონაცემებს ფლობენ ამ ე.წ. შეთქმულებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. და ვიდრე ამას ვერ ვხედავთ, ეს უნდა განვიხილოთ, როგორც ერთ-ერთი პიარაქცია.

 

- „რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზეც გკითხავთ. თქვენი აზრით, რა პროცესებთან გვაქვს საქმე?


- რაც შეეხება „რუსთავი 2"-სა და მასთან დაკავშირებულ პერიპეტიებს, დღეს პირდაპირ ეპიცენტრში ვართ, ახლაც მიმდინარეობს პროცესი და სრულიად გაურკვეველია, თუ როგორ დასრულდება. არსებობს სურვილები, ბრალდებები, მოსაზრებები, თუმცა, მაინც მიჭირს კატეგორიული აზრის გამოთქმა ერთი მიზეზის გამო. შედარებისთვის მინდა მოვიყვანო მაგალითი მათეს სახარებიდან. მათეს სახარებაში გარკვევით წერია, რომ აბრაამმა შვა ისააკი, ისააკმა შვა იაკობი, იაკობმა შვა იუდა და ძმანი მისნი და ა.შ. იესო ქრისტემდე ძალიან კონკრეტულადაა ჩამოთვლილი ყველა წინაპარი. მეორე მაგალითსაც გეტყვით. როდესაც დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გახლდით ზვიად გამსახურდიას საქმეზე და დავდე ძირითადი დოკუმენტი, ძალიან კონკრეტულად იყო ჩამოთვლილი ყველა ის სადგური, რომელშიც იმყოფებოდა ზვიად გამსახურდია, ვიდრე მისი ფიზიკური სიცოცხლის კვალი არ გაქრა. ამას ჩვენ ვერ ვიტყვით „რუსთავი 2"-ის საქმეზე.


ნამდვილად არ ვარ ჩახედული მოსამართლე ურთმელიძის სამზარეულოში, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, სასამართლო არასწორი მიმართულებით მიდის.

 

- რა გზით უნდა წასულიყო სასამართლო თავიდანვე, რომ საქმეს სწორი მიმართულება მისცემოდა?


- პირველ რიგში, მათ უნდა დაედოთ მკაფიოდ ფორმულირებული, ჩამოყალიბებული ისტორია „რუსთავი 2"-ის გასხვისების შესახებ, 2004 წლიდან მოყოლებული დღემდე. მასმედიის საშუალებით გავიცანით აქიმიძე, დვალი, ყარამანიშვილები, მაგრამ ვინ იყვნენ კიდევ სხვა მფლობელები? არა მგონია მხოლოდ ამ მფლობელებთან გვქონდეს საქმე.


მოსამართლეს და ზოგადად სასამართლოს უნდა გაესაჯაროებინა მთელი მაქინატორიკა „რუსთავი 2"-ის გასხვისებებისა და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, გვეთქვა, თუ რამდენად სწორია მისი მიკუთვნება ვთქვათ ქიბარ ხალვაშისთვის და არა აქიმიძისთვის, დვალისთვის, ყარამანიშვილებისთვის ან ვინმე სხვისთვის.

 

- რაც შეეხება მოსაზრებას, რომ პროცესი მიმდინარეობს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. თქვენ რა შეხედულება გაქვთ ამ მიმართულებით?


- პარალელები რომ გავატაროთ, ვერ ვიტყვი, რომ 2006-2007 წლის „იმედი", რომელიც იმყოფებოდა ბადრი პატარკაციშვილის მფლობელობის ქვეშ, იყო თავისუფალი მასმედია. როგორ შეიძლება, თავისუფალი იყოს მასმედია, რომელიც იმართება ოლიგარქის მიერ?! სხვათაშორის, იქ ჩემი პოზიციის გათვალისწინებაც ხდებოდა. მე ვიყავი ერთ-ერთი ოპოზიციონერი და ეს არხი გამოხატავდა ოპოზიციის რეზონს. ვერ ვიტყვი, რომ „იმედი" თავისუფალი მასმედია იყო, თუმცა, მისი დახურვის წინააღმდეგი ვიყავი.


არც „რუსთავი 2" არის თავისუფალი მასმედიის ნიმუში. იგი გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობის" რეზონს და უფრო ფართო გაგებით, გარკვეული ტიპის ადამიანებისა და პარტიების რეზონს. ანუ, ეს არის საზოგადოების ერთი ნაწილი.


მაგრამ, პოზიტიურობა მაშინდელ „იმედსა" და დღევანდელ „რუსთავი 2"-ს ერთი აქვს, რომ ხელისუფლებას ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება კრიტიკა. რადგან, თუ ხელისუფლებას არ აკრიტიკებენ, არ უყეფენ, როგორც ბრემენელი მუსიკოსები უყეფდნენ ყაჩაღებს განსადევნად, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებაშიც ხშირად იბუდებენ ყაჩაღები. მასმედია საჭიროა ამ ყაჩაღების დასაფრთხობად, რადგან სამოქალაქო საზოგადოებას სხვა ბერკეტი ვერ ექნება. სამოქალაქო საზოგადოება ვერ დაიჭერს „ვინჩესტერებსა" და „კალაშნიკოვებს" და ვერ დაიწყებს მათზე ნადირობას.


- რა მოხდება, თუკი სასამართლო „რუსთავი 2"-ის მფლობელად ქიბარ ხალვაშს დაასახელებს?


- იქ იქნება შეხლა-შემოხლა. განვითარდება საკმაოდ მძიმე სცენარი, რაც ძალიან ცუდია საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის. ცუდ და ნეგატიურ შედეგს იქონიებს იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლოა, გავქრეთ ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო რადარიდან. ჩვენს რეპუტაციას შესაძლოა ძირი გამოეთხაროს.


დაკვირვებული ვარ, რომ ყველა ასეთი მნიშვნელობის პრობლემა, ხელისუფლების ცვლილება და მსგავსი პროცესები როდესაც მიმდინარეობს ჩვენთან, ყოველთვის მოგებული რჩება ჩვენი მეზობელი რუსეთი. რუსეთი, რომელსაც აინტერესებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასუსტება, მისთვის ძირის გამოთხრა, მისი დისკრედიტაცია. მას სურს, დაამტკიცოს, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლად არსებობას შეძლებს. რატომღაც ასე ხდება. ვერ ვხსნი, რატომ ხდება ასე, მაგრამ ფაქტია.


- უკრაინულ მედიასივრცეში გავრცელებულ წამების ამსახველ ვიდეომასალაზე რას ფიქრობთ? რა ღონისძიებები უნდა გაატაროს სახელმწიფომ აღნიშნულთან მიმართებაში?


- ეს არის მართლაც ამაზრზენი, საზარელი კადრები. შეუძლებელია, მას უყურო აღშფოთების გარეშე და არ მოგინდეს იმ ადამიანების პირქვე დაკიდება, რომლებიც ამას სჩადიოდნენ.


პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის ექსპერტიზა თითოეული ამ ე.წ. კასრების ვიდეოსი. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, როდის, სად, რომელ ადგილას არის გადაღებული ეს კადრები; ვინ არიან გადაღებული, თავის გვარებითა და სახელებით. როდესაც დადგინდება, ვინ არის ეს ჯალათი და რა თქმა უნდა, საზოგადოებამ მათ შესახებ უნდა გაიგოს, უნდა გაირკვეს, თუ ვინ მისცა მას ბრძანება. ამის შემდეგ უნდა დაიდოს სრული სურათი. ყველა წამება უნდა იქნეს დოკუმენტირებული, წამების შემსრულებელთა და მსხვერპლთა ჩათვლით. მწამებლებს ნამდვილად ეკუთვნით ის ჯოჯოხეთი, რომ მათი ვინაობა იცოდეს მთელმა საქართველომ. ასევე, უნდა გაირკვეს, გასამართლდნენ თუ არა ისინი და რამდენად სამართლიანი მსჯავრი გამოიტანა სასამართლომ მათ საქმეებთან დაკავშირებით. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია სისტემური ბოროტების სურათის დახატვა, თუ როგორ ფუნქციონირებდა ეს სისტემა, ვინ იყვნენ ამ სისტემის ავტორები და შემოქმედნი. შესაძლოა, აპრიორი ვთქვათ, რომ ეს იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნები. ეს ვარაუდია, რომელიც სასამართლომ უნდა დაამტკიცოს. მას შემდეგ, რაც ეს იქნება დამტკიცებული, საზოგადოებამაც და სასამართლომაც ადეკვატური გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016