reportiori.ge - აკაკი ასათიანი: დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ მეტ-ნაკლებად ნორმალური ატმოსფერო შეიქმნა ქვეყანაში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:13
ინტერვიუ
აკაკი ასათიანი: დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ მეტ-ნაკლებად ნორმალური ატმოსფერო შეიქმნა ქვეყანაში!
ავტორი:
29 ოქტომბერი, 2015. 18:47


„ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერი აკაკი ასათიანი საქართველოში ჩატარებული პირველი მრავალპარტიული არჩევნების 25 წლისთავს ეხმაურება და აღნიშნულ მოვლენას მსოფლიო მნიშვნელობას ანიჭებს. როგორც ასათიანმა განაცხადა, დასავლეთმა ამ მოვლენას დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს. ამ და პოლიტიკურად მნიშვნელოვან სხვა თემებზე ასათიანი „რეპორტიორს" ესაუბრა:



- გუშინ იყო 28 ოქტომბერი. 25 წლის წინ საქართველოში შედგა პირველი მრავალპარტიული არჩევნები. ეს ფაქტი მნიშვნელოვანი იყო არამარტო ჩვენთვის, არამედ საბჭოთა კავშირშიც პირველად იყო მრავალპარტიული არჩევნები. ამ არჩევნებს მსოფლიო მნიშვნელობაც ჰქონდა. ამას ადასტურებს ისეთი ავტორიტეტული ენციკლოპედიური ცნობარი, მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენების შესახებ, რომელიც გამოცემული აქვს ჰერიკონეს.


პროცესი, რომელიც დაიწყო საბჭოთა კავშირში, ე.წ. გარდაქმნა, დემოკრატიზაცია, მსოფლიო მნიშვნელობის პროცესი იყო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დემოკრატიის დანერგვა იმ პირობებში, როცა საზოგადოების მზაობა არ არის, პრაქტიკულად შეუძლებელია.


ეს ყველაფერი მოხდა „ეროვნული მოძრაობის" მეთაურობით, რომელიც წარმოიშვა 1986-87 წლებში და შემდეგ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით ჩამოყალიბებულმა „მრგვალმა მაგიდამ", პირველ რიგში მიაღწია საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.


ის, რომ ახლანდელი ხელისუფლება, პოლიტიკური წრეები და წამყვანი მედიასაშუალებებიც ნაკლებად აშუქებენ ამ ხაზით თემას, გამოწვეულია იმით, რომ დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში სულ რამდენიმე ადამიანია შემორჩენილი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა იმ მოვლენებში.


დღეს ქვეყნის წინაშე დამოუკიდებლობის პრობლემა აღარ დგას. პრობლემა არის ის, რომ დამოუკიდებლობა უნდა გამხდარიყო ადამიანების ნორმალური ცხოვრების საშუალება. თავისუფლებას არგუმენტი არ აქვს. თავისუფალი უნდა იყოს ადამიანიც და ხალხიც. თავისუფლება იძლევა საშუალებას, რომ ადამიანებმა დამოუკიდებელ ქვეყანაში ნორმალურად იცხოვრონ. სამწუხაროდ, ეს 25 წელი ამ თვალსაზრისით დაიკარგა.


- კიდევ რა პრობლემის წინაშე დგას დღეს ხელისუფლება და ზოგადად ქვეყანა?


- მგონია, რომ დღევანდელი ხელისუფლების დამსახურება მხოლოდ ის არაა, რომ არჩევნების გზით გაისტუმრა „ნაციონალური მოძრაობა". მისი დამსახურებაა ასევე ის, რომ მეტ-ნაკლებად ნორმალური ატმოსფერო შეიქმნა ქვეყანაში.


იმ ტიპის სამოქალაქო დაპირისპირების ან გადატრიალების საშიშროება, რაც 90-იანებში იყო, გამორიცხულია. საამისოდ არ არის განწყობილი საზოგადოების ოდნავ მაინც სერიოზული ნაწილი. ვერ ვხედავ თუნდაც 2 %-ს ისეთი ადამიანების, რომლებიც ისურვებდნენ იმ ვითარებაში დაბრუნებას, რაც 24 წლის წინ იყო.


პრობლემა არის სხვა რამ. ორმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ ერთმანეთთან ანგარიშის სწორებით, ორი მოკრივესავით, ჩვენ გაგვხადონ მათი გულშემატკივრები. ეს არ არის კრივი და სპორტი, ეს არის ქვეყანა და მაყურებელი არაა დაინტერესებული, თუ ვინ მოიგებს მათ შორის. მაყურებელი დაინტერესებულია, რომ გაიმარჯვოს იმ დარბაზმა, სადაც თვითონ იმყოფება. ეს ყველაფერი კრივის დონეზე არ უნდა ხდებოდეს, პარტიები უნდა ცდილობდნენ, დაარწმუნონ თავიანთი ქვეყნის მოსახლეობა საკუთარ გეგმებში. ჯერჯერობით საამისო არაფერი ჩანს. „ნაციონალები" არიან თავის მართლების რეჟიმში და რაღაც გაუგებრად არაადეკვატურები არიან. ძალიან პარადოქსული ვითარებაა. „ნაციონალები" იქცევიან ისე, თითქოს ხელისუფლებაში არიან და „ქართული ოცნება" კი იქცევა ისე, თითქოს ოპოზიციაშია.

 

- რა პროგნოზებს აკეთებთ 2016 წლის არჩევნებისთვის?


- „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ისეთი რაღაცები მოხდა, რომ დიდი და სერიოზული მონანიების გარეშე საზოგადოების 12%-ზე მეტის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. „ქართულ ოცნებას" თუ აკლდება მხარდამჭერთა რიცხვი, იმას არ ნიშნავს, რომ „ნაციონალებს" ემატებათ. ეს კარგად აისახა კვლევებშიც. არავინ არ გადავა „ნაციონალებისკენ".


პოლიტიკა ვაკუუმს ვერ იტანს. არიან სხვა პარტიებიც. ნორმალური არჩევნების პირობებში, ცხადია, მომდევნო პარლამენტი იქნება მრავალპარტიული.

 

- რას ფიქრობთ „რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე?


- დემოკრატიისთვის ბრძოლამ უცნაური სახე მიიღო. თავის დროზე გადატრიალება, რომელიც სროლის ფონზე მიმდინარეობდა, დემოკრატიისთვის მოხდა. არ შეიძლება, დემოკრატიისთვის იბრძოდე და ამბობდე, რომ წინასწარ იცი სასამართლოს გადაწყვეტილება და მას არ დაემორჩილები. ასეთი საუბრები მხარდამჭერთა იმ 12 %-საც გააქრობს, რაც დღეს „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს. თუ დემოკრატიისთვის მიმდინარეობს ბრძოლა, ის დემოკრატიული და სამართლებრივი გზებით უნდა მიმდინარეობდეს. სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი წინააღმდეგობის გაწევა მათ სასიკეთოდ არ წაადგებათ. თუ ვინმეს სოლიდარობის განცდა ჰქონდა, ესეც გაუქრება.


ივანიშვლმა ასეთ რაღაცებს გაუძლო სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა. „ქართუ ბანკი" დააყაჩაღეს. მის დაცვას იარაღი ჩამოართვეს. არანაირი რეაქცია ამაზე გარდა დამორჩილებისა ივანიშვილს არ ჰქონია, რადგან სახელმწიფო სტრუქტურებისგან მოდიოდა ეს ყველაფერი.


ყველას ვურჩევ, დავანებოთ თავი მოწოდებებს დაპირისპირების შესახებ და დავემორჩილოთ კანონს. დემოკრატიული საზოგადოება კანონს ემორჩილება, თუ მოსახლეობას ეს არ მოსწონს, ის კანონი შემდეგ იცვლება. ესაა გამოსავალი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016