reportiori.ge - ძველი ამბები ახალი რაკურსით - როგორ მოხსნა შოფერმა პირველი მდივანი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:06
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ძველი ამბები ახალი რაკურსით - როგორ მოხსნა შოფერმა პირველი მდივანი
30 ოქტომბერი, 2015. 15:57


გასული საუკუნის მეორე ნახევარი საკმაოდ მდიდარი იყო მოარული ხმებით. თუმცა არც პირველ ნახევარში იყო ნაკლები.


შეიძლება, მეტიც კი.


ის პერიოდი, განსაკუთრებით, 60-70-იანი წლებიდან მოყოლებული, დიდ ცხოვრებაში ჩვენი თაობის შესვლას ემთხვევა, მეც ამ დროს მოღვაწე ადამიანების მონათხრობიდან ავირჩიე ის ორი, ცენზურაგაუვლელი ამბავი, რომელთაც დღეს გადმოგცემთ.


ასეთ ამბებს მაშინ ჩურჩულით უყვებოდნენ ერთმანეთს, ჩურჩულითვე სხვისგან მოსმენილს და, ალბათ, ეს „უსადენო კავშირი" იყო დღევანდელი სოციალური ქსელების შორეული წინამორბედი.


ვახუშტი კოტეტიშვილმა, ჩემმა კლასელმა, ვისთან ერთადაც 11 წელიწადი ერთ მერხზე ვისხედით, ერთი სპარსული ანდაზა მასწავლა - თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი იყო მაშინ:


„დივარ მუშ დარედ, გუშ მუშ დარედ" - კედელში თაგვია და თაგვს აქვს ყურები.


საუბარი, რომელიც ცნობილმა ქართველმა სახელმწიფო მოღვაწემ ბაკურ გულუამ გამოსაქვეყნებლად გამანდო, ისეთ დახურულ სივრცეში გაიმართა, რომელსაც, პრინციპში, კედლები არ აქვს, ისეთი, როგორიც ჩვეულებრივ წარმოგვიდგენია.


მაგრამ მიყურადებაზე გაწაფული თაგვი იქაც აღმოჩენილა.


1973 წელია. უკვე წელიწადია, ედუარდ შევარდნაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანია.


ქვეყნის პირველი პირი ჩადის ენგურჰესის მშენებლობის დასათვალიერებლად, იქაური ვითარების ადგილზე გასაცნობად, როგორც მაშინ ამბობდნენ.


მანქანაში, შოფრის გვერდზე ზის შევარდნაძე, უკანა სავარძელში - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომიტეტის პირველი მდივანი ვალერიან ოსმანის ძე კობახია და ენგურჰესის მშენებლობის მაშინდელი ხელმძღვანელი მიხეილ ცისკარიშვილი.


სოფელ ჯვარიდან მოდიან. გადმოვიდნენ ერისწყალზე და კობახია ამბობს:


- ეს არის საზღვარი აფხაზეთთან, - საუბრობს რუსულად.


არავინ გამოეპასუხა.


სოფელ ერისწყალში რომ შევლენ, კობახია იტყვის:


- ჩვენ უკვე აფხაზეთში ვართ, ედუარდ ამბროსევიჩ! აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.


არც ამჯერად გამოხმაურებიან.


საბერიოში რომ ჩავლენ, კობახია კვლავ ხაზგასმით აცხადებს:


- ჩვენ ახლაც აფხაზეთში ვართ, ედუარდ ამბროსევიჩ!


არადა, ეს კუთხე - გალის რაიონი - ძველი საბედიანო და სამურზაყანოა. აქ, ბედიაში არის დასაფლავებული საქართველოს პირველი გამაერთიანებელი ბაგრატოვანი მეფე ბაგრატ III.


ავტომანქანის მძღოლი, რომელიც კარგად ფლობს სუბორდინაციის საფუძვლებს როგორც ყოფილი სამხედრო, უფროს-უმცროსობის წესის დაცვით მოულოდნელად მიმართავს ედუარდ შევარდნაძეს:


- ედუარდ ამბროსევიჩ, ნება მომეცით, მივმართო ამხანაგ კობახიას.


შევარდნაძე თავს უქნევს.


შოფერი, ისე, რომ გზას თვალს არ აცილებს, კობახიას ეუბნება:


- თქვენ სულ აფხაზეთს ახსენებთ, აფხაზეთის საზღვარს. რა შუაშია საქართველოს შიდა საზღვრები, როცა ჩვენი ქვეყანა ერთიანი რესპუბლიკაა? რისი თქმა გსურთ ამით? ბოდიშს კი გიხდით, მაგრამ მე პარტიის წევრი ვარ და უფლება მაქვს, შეგეკითხოთ. თქვენი მაღალი თანამდებობა ჩვენს ურთიერთობაში დამაბრკოლებელი არ არის, მოგეხსენებათ.


პაუზა...

და კობახია მკვახედ უპასუხებს:


- თქვენ მანქანის საჭე გიჭირავთ ხელში და მიხედეთ თქვენს საქმეს!


შევარდნაძე, რომელიც დაპირისპირებულთა ამ მიკროდიალოგს აქამდე მდუმარედ ისმენდა, მოუტრიალდება კობახიას:


- ვალერიან ოსმანოვიჩ, კომუნისტმა შეკითხვით მოგმართათ. სხვათაშორის სწორი შეკითხვით.


ამის შემდეგ, სულ რამდენიმე თვეში კობახია გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, ენგურჰესელები ხუმრობდნენ მაშინ - ერთმა შოფერმა ავტონომიური რესპუბლიკის კომიტეტის პირველი მდივანი მოხსნაო.


საიდან და როგორ გავრცელდა ეს ამბავი ენგურჰესის მშენებელთა თორმეტათასიან კოლექტივში?


თქვენ, რა თქმა უნდა, მიხვდით - იმ ცნობისმოყვარე თაგვმა გამოიტანა: გაიგონა და სხვასაც გააგებინა.


გააგებინა, რომ აფხაზეთში პირველ კაცად დასმული კობახია თავისუფალი არ იყო იმ სეპარატისტული განწყობილების გავლენისგან, რომელიც საქართველოს ამ ადმინისტრაციულ წარმონაქმნში ნაცარწაყრილი ნაკვერჩხალივით მაშინ აბრიალდებოდა, როცა „ზურგის ქარი" დაუბერავდა.


ამიტომაც დაატოვებინეს დაკავებული თანამდებობა. თუმცა ამ „ნიუანსისთვის" პარტიულ ოფიციოზს ხაზი არასოდეს გაუსვია.


მორალი: თაგვის სპილოსაც ეშინია.



დაე, მოიპარონ!

 

ამ ამბავს კი ბაკურ გულუას მოუყვა ენგურჰესის მშენებლობის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი შუქრი ქირია:


- ენგურჰესის მშენებლობაზე რომ ჩამოვიდა ვასილ მჟავანაძე მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გივი ჯავახიშვილთან და ცეკას მდივან ბორის გიგიბერიასთან ერთად, მე მათ წინ გზის გამკვლევივით მივუძღოდი, მაგრამ ცალი ყურით იმას ვუსმენდი, რას ლაპარაკობდნენ. ახალგაზრდა კაცი ვიყავი და ამ მაღალი თანამდებობის ადამიანების საუბარი მაინტერესებდა.


მშენებლობის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ესაკია ეუბნება მჟავანაძეს, რომ ადგილობრივები იპარავენ ყველაფერს - ხეტყეს, რკინის ნაწარმს, ხრეშს, ქვიშას. ასეთი უცნაური ხალხი არ მინახავსო.


მჟავანაძე ხმას არ სცემს.


ბეტონის ქარხანაში რომ მივიდნენ, ესაკიამ მჟავანაძეს უთხრა, ბეტონსაც იპარავენო.


- უცნაური კაცი ხარ შენ, ნიკოლოზ, - უპასუხებს მჟავანაძე, - ბეტონი, როგორც ვიცი, დიდხანს ვერ ძლებს და შეიკვრება. შორს ვერ წაიღებ.


ესაკიამ დაუდასტურა, კიო.


- მაშასადამე, სადღაც ახლომახლო გამოიყენებენ. სოფლის მოსახლეობა ან ხიდბოგირს გააკეთებს (არავინ იცოდა, რომ ეს სამხედრო კაცი ამგვარ ტერმინოლოგიაში ერკვეოდა), ან ღობეს, ან სახლს აიშენებს ბოლოს და ბოლოს. ჰესი ისეთი გიგანტური მშენებლობაა, რომ ასეთი წვრილმანი არც შეეტყობა. არ გინდა, რომ ხალხი აშენდეს და დასახლდეს?! დაანებე თავი, სხვა რამეზე ილაპარაკე!


ამის მოსმენა შუქრი ქირიასთვის, მთელი მსოფლმხედველობის გადატრიალება იყო: ერთი მანქანა ხრეშისა და ქვიშის „არადანიშნულებით" გამოყენებისთვის ესაკია ხალხს პასუხისგებაში აძლევდა.


სიმკაცრე, რა თქმა უნდა, საჭირო იყო, მაგრამ როცა საქართველოს ცეკას პირველი მდივნისა და საკავშირო ცეკას პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატისგან გაიგებ - ხალხმაც ისარგებლოსო, თავგზა აგებნევა.


შემთხვევით წამოსცდა ცეკას პირველ მდივანს?


არა!


- მე ვიყავი იმ მანქანაში, რომელშიც შოფრის გვერდით იჯდა ცეკას მდივანი, ენგურჰესის მშენებლობის კურატორი ზურაბ პატარიძე, უკანა სავარძელზე კი - მე და მაშინდელი დამზადების მინისტრი, შემდგომ ცეკას მდივანი შოთა ჭანუყვაძე, - ჰყვება ბატონი ბაკურ გულუა:


ზუგდიდიდან რომ გამოვედით და ულამაზეს, წელში გამართულ სოფლებს დავუარეთ, ზურაბ პატარიძე შემომიბრუნდა და მეუბნება:


- კაცო, სანამ მშენებლობა დაიწყებოდა, ამ სოფლებში ქოხმახები იდგა. ახლა, ხედავ, რა სახლები წამოუჭიმავთ?!


უხაროდა ამ იმერელ კაცს.


ჭანუყვაძემ ჩამილაპარაკა გურული კილოკავით:


- ბიჭო, თქვენ ხომ ხელს არ უშლით ამაში?


- არა-მეთქი.


- ჰოდა, არ შეუშალოთ. აშენდეს ხალხი, აშენდეს...


მივხვდი, რომ ვასილ მჟავანაძეს თავისი დამოკიდებულება მარტო იმ სამი კაცისთვის კი არ უთქვამს (მიეხმარეთ ხალხსო), არამედ ასეთი იყო საქართველოს ხელმძღვანელობის პოლიტიკა.


მაშინ აგებული სახლები ახლაც დგას.


 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016