საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვის ბრძანებას პასუხობს, რომლის თანახმადაც, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც რუს სამხედროებს დასვენება აეკრძალათ.
„ იმედი მაქვს, ეს შეზღუდვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალზეც გავრცელდება",- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ვალერი გერასიმოვმა ხელი მოაწერა ბრძანებას, სადაც იმ ქვეყნების სიაა ჩამოთვლილი, რომელშიც რუს სამხედროებს დასვენება ეკრძალებათ. ქვეყნებს შორის რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შავ სიაში შეიყვანა, საქართველო, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ყირგიზეთი თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ეგვიპტე და ისრაელი მოხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ძალოვან უწყებებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცეა „ ვესნიკ კავკაზა „ ავრცელებს. ამავე გამოცემის ცნობით, აკრძალული ქვეყნების სია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შედგა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, ავსტრიაში, ბელორუსში, ვიეტნამში უნგრეთში, საბერძნეთში, იტალიასა და საფრანგეთში დასვენების უფლებას აძლევს.