მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მოახდინა დროული რეაგირება და შეძლო მოსალოდნელი საფრთხის პრევენცია. აღნიშნული განცხადება შოთაძემ „რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებზე საუბრისას განაცხადა.
„სათვალთვალო კამერების დამონტაჟება და საპატრულო ეკიპაჟების გააქტიურება „რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და გატარებული უსაფრთხოების ზომები იყო დროული. ეს პრევენციული ღონისძიებები, ისევე როგორც ზოგადად დამნაშავეების დასჯა და საქმის გამოძიება მნიშვნელოვანია დანაშაულთან ბრძოლის შემთხვევაში", - აღნიშნა შოთაძემ.
რაც შეეხება ფარულ აუდიოჩანაწერებსა და წამების ამსახველ კადრებს, შოთაძე აცხადებს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა აღნიშნული მიმართულებით დახმარებისა და დამატებითი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თხოვნით უკრაინას უკვე მიმართა.
„რაც შეეხება სამართალდამცავ ორგანოებს, მათ შესაბამისი დახმარების თხოვნით მიმართეს უკრაინულ კომპეტენტურ ორგანოებს. ვინაიდან ეს ჩანაწერები ატვირთულია უკრაინაში, გაცილებით მარტივია უკრაინელი სამართალდამცავი ორგანოებისთვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების წარმოება", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.