"ქართული ოცნების" საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო. ხიდაშელმა პირველი შეხვედრა ბადიაურისა და ყანდაურას მოსახლეობასთან გაიმართა. მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრებზე მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ხიდაშელმა მოსახლეობისგან კონკრეტულ სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
ბადიაურის მოსახლეობამ შეხვედრაზე ადგილობრივი სკოლის მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. თამარ ხიდაშელი მათ დაპირდა, რომ იგი აღნიშნული სკოლის რეაბილიტაციის საკითხს თვალს მიადევნებს და ასევე, იმედოვნებს, რომ განათლების სამინისტრო გამონახავს რესურსებს და მომავალი წლისთვის შეკეთდება სკოლა.
„ბევრს ვერ დაგპირდებით, რადგან სულ ერთი წელია დარჩენილი სადეპუტატო უფლბამოსილების ამოწურვამდე. ჩემი მხრიდან არასერიოზული იქნება რაღაც ისეთი დაგპირდეთ, რასაც ვერ შევასრულებ. მაგრამ ის რაც შეიძლება, რომ მომავალი წლის განმავლობაში გაკეთდეს, აუცილებლად ვეცდებით, რომ ეს საკითხი ბოლომდე მივიყვანოთ", - განუცხადა მოსახლეობას ხიდაშელმა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება რჩება, რომლის მოგვარებისთვისაც კონკრეტული ღონისძიებები იგეგმება.