სამართლიანობის აღდგენა პოლიტიკოსებს არასწორად ესმით, - ეს განცხადება „გლობალური კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეაფასებისას გააკეთა.
როგორც დევდარიანი მიიჩნევს, პირველ რიგში უნდა მოხდეს მოქალაქეებისთვის წართმეული ქონების დაბრუნება.
„არჩილ კბილაშვილის განცხადებას თუ ყურადღებით წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ მისი და პრემიერის შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. თუ გადავხედავთ ვითარებას, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, მოქალაქეების მთელი არმიაა, რომელიც სამართლიანობის აღდგენას ელის, მაგრამ ამ დრომდე არანაირი ძვრები არ მიმდინარეობს. ამ ყველაფერს კი, მხოლოდ ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილება სჭირდება", - განაცხადა დევდარიანმა.
ნანა დევდარიანისთვის გაურკვეველია, რატომ არ უბრუნებენ ქონებას დაზარალებულებს, იმ შემთხვევაში, როდესაც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და არ გატანილა აუქციონზე.
„სამართლიანობის აღდგენაზე ამ კუთხით არის საუბარი და არა დაჭერაზე, ჩამოხრჩობასა და დახვრეტაზე. ახალი პრემიერის დანიშვნით, პირველივე თვეები გამოაჩენს აღდგება თუ არა სამართალი. ვითვალისწინებ ღარიბაშვილის ხასიათს. ის ბევრად ხისტი და ენერგიულია, ვიდრე სხვა პოლიტიკოსები, მე ჯერჯერობით იმედიანად ვარ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა „გლობალური კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელმა.