„რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა. როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ადვოკატები სხდომის დარბაზში შესვლამდე აცხადებდნენ, ისინი დღეს რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ. ერთ-ერთ მთავარ შუამდგომლობად ისინი დააყენებენ საკითხს, რომ საქმეს დაერთოს მტკიცებულებად ქიბარ ხალვაშის განცხადება, რომელიც მან დაახლოებით 4 დღის წინ სოციალურ ქსელში გააკეთა, სადაც ის ამბობდა, რომ მას ე.წ. საბალანსო ნაშთის ფურცელი ჰქონდა კომპიუტერში, ამობეჭდა და ისე მიაწოდა მოსარჩელე მხარეს. თუმცა, ადვოკატების ინფორმაციით, მოსარჩელე მხარეს წარმოდგენილი აქვს დოკუმენტის დედანი, რომელსაც ბერიანიძე აწერს ხელს და რომელიც გამორიცხავს ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომ მას კომპიუტერში ჰქონდა ე.წ. ბალანსის ფურცელი.
ასევე შუამდგომლობების ეტაპის დასრულების შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ისა და „საქართველოს" წარმომადგენლები მზად არიან, რომ ე.წ. საპაექრო სიტყვით წარსდგნენ სასამართლოს წინაშე.
„დღეს სავარაუდოდ, სასამართლო ჯერ ამ შუამდგომლობებთან დაკავშირებით იმსჯელებს. ჩვენ ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. შემდგომ იქნება მოპასუხეთა საპაექრო სიტყვები. არ ვიცი, რამდენად მოესწრება დღეს ამ საპაექრო სიტყვების დასრულება. მოგეხსენებათ, რამდენიმე მოწინააღმდეგე ხმარეა და ყველა შეეცდება, მაქსიმალურად გამოიყენოს დრო.
ის მიმოწერა, რომელიც იყო „facebook"-ზე, ადასტურებს ზუსტად იმ პოზიციას, რასაც ჩვენ ვაცხადებდით, რომ არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს მხარისას და ამას თვალნათელს გავხდით სასამართლოს სხდომაზე", - განაცხადა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ.