ტელეკომპანია „იმედი" „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ბრალდებებს პასუხობს და ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც ნიკა გვარამიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტელეკომპანიები „იმედი" და „პირველი არხი" დანაშაულებრივი შეთანხმების მონაწილეები არიან და მათ ფარული აუდიოჩანაწერების შესახებ გაცილებით ადრე იცოდნენ, ვიდრე ის საჯარო სივრცეში მოხვდებოდა.
როგორც ტელეკომპანიაში განმარტავენ, ახალი აუდიოფაილების გამოქვეყნების შესახებ მათ გამოშვებამდე 15 წუთით ადრე გაიგეს, რაც სრულიად საკმარისი დროა ჩანაწერის საეთეროდ მოსამზადებლად.
„აღნიშნულია ის ვებგვერდი, სადაც სამი დღის წინ, გიგა ბოკერიასთან და ნიკა გვარამიასთან მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერები გამოქვეყნდა. ამ ჩანაწერების ავთენტურობა თავად ფიგურანტებმაც დაადასტურეს, შესაბამისად, არ უნდა იყოს გასაკვირი ამ ინტერნეტპორტალის მიმართ ინტერესი",- აცხადებენ "ტელეიმედში".