ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით ხალვაში საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება. ხოლო, რაც შეეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის სასამართლოს წარმოებას, სალიას თქმით, ტელეკომპანიის ადვოკატების განცხადებები იმის შესახებ, რომ საქმეში მტკიცებულებათა ნაკლებობაა და მოსამართლე სხვადასხვა მანიპულაციებს მიმართავს, სიმართლეს მოკლებულია.
„ქიბარ ხალვაში რამდენიმე დღით გაემგზავრა გერმანიაში, არსად გაქცეულა და უახლოეს მომავალში დაბრუნდება. რუსთავი 2-ის ადვოკატები საკუთარი განცხადებებით საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან. ერთის მხრივ ამბობენ, რომ სარჩელი არის კომიკური, საქმეში არ არის მტკიცებულებები და მეორეს მხრივ აცხადებენ, რომ საქმე არის კომპლექსური, რთული და სამმა მოსამართლემ უნდა განიხილოს. რა თქმა უნდა, საქმეში არის მტკიცებულებები. თუ მტკიცებულებები არ იყო, რის ამორიცხვას ითხოვდნენ შუამდგომლობებით?! საქმეში ფიგურირებს წილების მონაცვლეობა სხვადასხვა პირების საკუთრებაში. არცერთი მტკიცებულება მათი მხრიდან, თუნდაც ერთი გადახდის ქვითარი, რომელიც დაადასტურებდა, რომ რომელიმე მესაკუთრემ წილის შეძენისას თანხა გადაიხადა, საქმეში წარმოდგენილი არ არის." - განაცხადა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა გადაცემაში „2030."