უკრაინელი ჟურნალისტის ვოლოდიმირ ბოიკოს განცხადებით, უკრაინაში მედიას პოროშენკოს ადმინისტრაცია აკონტროლებს, რა ინფორმაცია გავრცელდეს მედიაში და რა დაიბლოკოს.
როგორც ბოიკო აღნიშნავს, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილზე თითქმის ყოველდღე, სკანდალური პოლიტიკური კომპრომატები ვრცელდება.
„აქ ტელევიზიებსა და პრესას, ძირითადად პოროშენკოს ადმინისტრაცია აკონტროლებს, შესაბამისად, პრეზიდენტის ჯგუფი განსაზღვრავს, რა ინფორმაცია გავრცელდეს მედიაში და რა დაიბლოკოს. თანაც, უკრაინაშიც თითქმის ყოველდღე სკანდალური პოლიტიკური კომპრომატები ვრცელდება, რომლის მთავარი ადრესატი, როგორც წესი, ოდესის ექსცენტრიული გუბერნატორი სააკაშვილი გახლავთ. ის უკრაინაშიც დიდ პოლიტიკურ სკანდალებშია გახვეული",- აცხადებს ბოიკო.
ჟურნალისტი ასევე, აცხადებს, რომ პოროშენკოს ადმინისტრაცია გავრცელებულ ჩანაწერებს არც მომავალში გამოეხმაურება.
„ეჭვიც არ მეპარება, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი და პრეზიდენტი პოროშენკო სააკაშვილის რევოლუციურ ვნებებზე განმარტებას არ გააკეთებენ. არადა, უკრაინის ხელისუფლება ვალდებულია, ქართველ სამართალდამცავებს რეალური სცენარის გარკვევაში დაეხმაროს და დაადგინოს, როგორ გეგმავდა სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას",- აღნიშნავს ჟურნალისტი.
მისივე შეფასებით, ნათელია, სააკაშვილი და მისი ჯგუფი უკრაინაში სახელმწიფო პრობლემების აღმოსაფხვრელად კი არა, პირადი კეთილდღეობისთვის იმყოფებიან.
„უკრაინა მათთვის დროებითი თავშესაფარია. მეტიც, სააკაშვილი უკრაინელებთან საუბრისას არც მალავს, რომ მისი მიზანი საქართველოში პოლიტიკური რევანშია. ვფიქრობ, გავრცელებული ჩანაწერების გამო სააკაშვილი რიგითი უკრაინელებისგან ადექვატურ პასუხს მალე მიიღებს",- აცხადებს ვოლოდიმირ ბოიკო.
წყარო: ნიუპოსტი