„დღეს ჩვენ ვაცხადებთ „ნაციონალური მოძრაობის" განაჩენს. ჩვენ ვაცხადებთ განაჩენს იმ დამნაშავე გუნდის, რომელიც დაუნდობლად თხზავდა სრულიად უდანაშაულო მოქალაქეების მიმართ კრიმინალურ სცენარებს, იჭერდა ამ მოგონილი სცენარებით, ქმნიდა საზოგადოებრივ აზრს, რომ ისინი იყვნენ ჯაშუშები, ტერორისტები, შეიარაღებული გადამტრიალებლები და ა.შ. სინამდვილეში ის, რასაც ეს რეჟიმი აბრალებდა უდანაშაულო ადამიანებს, ბუნებაში საერთოდ არ ყოფილა", - ამის შესახებ ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და კოალიცია „ანტისოროსის" წინააღმდეგ ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულ დისკრედიტაციულ ქმედებებზე ისაუბრა.
„მოგახსენებთ, რომ მე ვარ ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური პატიმარი სააკაშვილის რეჟიმის, ჩემთან ერთად დააპატიმრეს 12 უდანაშაულო ადამიანი. ჩვენს საქმეს პირობითად ეწოდებოდა გიორგაძის მომხრეთა საქმე, რადგან ეს იყო კოალიცია „ანტისოროსი". კოალიციაში შედიოდა რამდენიმე პოლიტიკური პარტია და ჩვენ ვამხელდით სააკაშვილის რეჟიმის ავანტიურისტულ ურთიერთობას რუსეთთან მიმართებაში. ჩვენ ვამბობდით, რომ ასეთ დამოკიდებულებას შესაძლოა მოჰყვეს გართულებები დიდ მეზობელთან და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გამოვრიცხავდით რუსეთის როლს, როგორც ოკუპანტის როლს საქართველოს წინაშე.
2006 წლის მაისიდან უკვე იწყება საქმის შეთითხვნა ჩვენს წინააღმდეგ და 2006 წლის 6 სექტემბერს განხორციელდა საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესია, ტყუილი. ცაში ტრიალებდნენ ვერტმფრენები, დაახლოებით ათასამდე გამომძიებელი და სხვადასხვა დონის პროკურორი მონაწილეობას იღებდა სპეცოპერაციაში, რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დააკავეს „ანტისოროსის" ლიდერთა წარმომადგენელი 70 ადამიანი. მათ შორის 13 ადამიანს პრაქტიკულად მიესაჯა პატიმრობა, თუმცა, ერთი მათგანს - მაია ნიკოლეიშვილს პირობითი სასჯელი აკმარეს. დანარჩენ 12-ს, რომლებმაც არ ვაღიარეთ ჩვენთვის დაბრალებული გადატრიალება, მოგვისაჯეს სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა. პირადად მე 4-ნახევარი წელიწადი სრულად მოვიხადე სააკაშვილის რეჟიმის ციხეში, იმ უპრეცედენტო პირობებში, რომელიც უკვე ყველა ჟურნალისტისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ცხადი იყო", - განაცხადა ზაზა დავითაიამ.
ზაზა დავითაიამ გაასაჯაროვა კუდ-ის ყოფილი თანამშრომლის ზაურ ახალაიას განცხადება, სადაც იგი ჰყვება, თუ როგორ დაიგეგმა და განხორციელდა კოალიცია „ანტისოროსის" წევრებისთვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დაბრალება ვანო მერაბიშვილისა და დათა ახალაიას მეთაურობით.
„საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ გიორგი ბადაშვილს; სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბატონ ირაკლი ნადარეიშვილს,
სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის ზაურ ახალაიას განცხადება:
გაცნობებთ, რომ 2005-2006 წლებში ვმუშაობდი შსს-ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილედ. აღნიშნულ სამმართველოს ეწოდებოდა ე.წ. პოლიტიკური სამმართველო. მის ფუნქციებში შედიოდა პოლიტიკურ-ოპოზიციურად განწყობილი პარტიების მიმართ ოპერატიული მუშაობა. კერძოდ, მათი დისკრედიტაცია, შანტაჟი, აგენტურის ჩანერგვა, უკანონო მოსმენები და ტექნიკური ღონისძიებების გატარება.
2006 წელს უშუალოდ ვიღებდი მონაწილეობას ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „სამართლიანობის" და მისი მხარდამჭერი სხვა პარტიების და პირების წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციაში. მონაწილეობა მაქვს მიღებული აღნიშნული ოპერაციის როგორც დაგეგმვაში, ისე განხორციელებაში. სწორედ ამ შეთითხნილი და გაყალბებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს: ზაზა დავითაია, მაია ნიკოლეიშვილი, მაია თოფურია, რამაზ სამნიძე, თემურ ჟორჟოლიანი და სხვები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილე პირი, რომ ეს საქმე გახლდათ შეთითხნილი, პოლიტიკურად მოტივირებული და საქმეში ყველა მტკიცებულება გაყალბდა.
2006 წლის გაზაფხულის ბოლოს ქალაქ ბათუმში, უშიშროების შენობაში, რომელიც მდებარეობს გრიბოედოვის ქუჩაზე, ჩამოვიდა შს მინისტრი ივანე მერაბიშვილი და კუდ-ის დირექტორი დათა ახალაია. მათ თათბირი გამართეს შენობის ბოლო სართულზე, აჭარის უშიშროების მაშინდელი მინისტრის სოსო გოგიტიძის სამუშაო კაბინეტში, რომელიც მხოლოდ მაშინ იღებოდა, როდესაც ჩამოდიოდა ივანე მერაბიშვილი. აღნიშნულ თათბირს ვესწრებოდით აჭარის კუდ-ის ხელმძღვანელი პირები, კერძოდ: აჭარის კუდ-ის მთავარი სამმართველოს უფროსი თეიმურაზ პატარიძე, მისი მოადგილე ალეკო ბალაძე, პირველი სამმართველოს უფროსი გიორგი იშხნელიძე, მეორე სამმართველოს უფროსი ვაჟა დიასამიძე და მე, ზაურ ახალაია, რომელიც ამ დროისთვის ვიყავი პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილე.
აღნიშნულ თათბირზე ივანე მერაბიშვილისა და დათა ახალაიასგან მივიღეთ დავალება. კერძოდ: პოლიტიკურ გაერთიანება „ანტისოროსში" და მათ მომხრე პარტიებში არსებული ცნობილი პირების შეთითხნილი დაკავების და პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოცილების შესახებ. ივანე მერაბიშვილისგან და დათა ახალაიასგან მივიღეთ ბრძანება, აღნიშნულ პარტიებში ჩაგვენერგა და გაგვეწევრიანებინა პირები აგენტურული აპარატიდან, რომლებიც შემდგომში მისცემდნენ შეთითხნილ და ყალბ ჩვენებებს ზემოხსენებული პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, რომ თითქოს ისინი აპირებდნენ შეიარაღებული გზით კონსტიტუციური წყობილების დამხობას", - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე ზაურ ახალაია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გაერთიანება „ანტისოროსის" წინააღმდეგ არსებულ საქმეში მტკიცებულებად კოდორის ხეობიდან წამოღებული იარაღი „ჩაუდეს", რომელიც სავარაუდოდ ემზარ კვიციანის ბატალიონს ეკუთვნოდა.
„რაც შეეხება 2006 წლის თათბირს ბათუმში, სადაც გადაწყდა ჩემს მიერ ზემოჩამოთვლილი, ამ საქმეში უდანაშაულო პირების განზრახ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხი. ამ საქმეში მტკიცებულებების საქმით ჩადებული ცეცხლსასროლი იარაღი ჩვენი სამსახურის მიერ ჩამოტანილ იქნა კოდორის ხეობიდან და უნდა ეკუთვნოდეს ემზარ კვიციანის ბატალიონის წევრებს. ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა აჭარის კუდ-ის უფროსის თეიმურაზ პატარიძის კაბინეტის უკან, მოსასვენებელ ოთახში. როდესაც ეს იარაღი მოჰქონდათ თბილისში, ჩასადებად, საკუთარი ხელით ჩავალაგე ორ „X5" მარკის ავტომობილში. ერთ-ერთს მართავდა დათა ახალაიას პირადი მძღოლი", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ავტორი ასევე ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანებისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ დაგეგმილ და განხორციელებულ თავდასხმებზე.
„ამავე პერიოდში აღნიშნულ პოლიტიკურ ძალასა და მის მხარდამჭერებს ჰქონდათ პოლიტიკური აქტივობები. კერძოდ, იმართებოდა მიტინგები ქალაქ თბილისსა და ბათუმში, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.
ამ თათბირამდეერთი წლით ადრე, სექტემბრის თვეში დამირეკა იმერეთის კუდ-ის უფროსმა კონსტანტინე არჩაიამ და მთხოვა მასთან სამუშაო კაბინეტში მისვლა (ამ დროს ზაურ ახალაია გახლდათ იმერეთის სოდ-ის თანამშრომელი). კონსტანტინე არჩაიამ მითხრა, რომ ვიყავი წასასვლელი აჭარაში თეიმურაზ პატარიძესთან, სადაც უნდა შეთანხმებულიყო ჩემი იმერეთის სოდ-დან აჭარის კუდ-ში გადასვლის დეტალები.
მისივე თქმით, მათ ჰქონდათ დავალება მიღებული დათა ახალაიასგან და მისი მოადგილისგან ვაჟა ლელუაშვილისგან, შეეჩერებინათ ნებისმიერი ხერხით, კერძოდ ყაჩაღობის ინსცენირებით ზემოხსენებული პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები და აქტივისტები. მათ განახორციელეს აღნიშნული ქმედება. კერძოდ, ერთ ღამეში კუდ-ის ჩემთვის ცნობილმა თანამშრომლებმა თბილისისკენ მომავალი ოპოზიციონერები დააყაჩაღეს აჭარა-გურიის საზღვარზე მდებარე ატრაქციონ „ციცინათელას" წინ. შემდეგ დააყაჩაღეს მიკროავტობუსი იმერეთში, კოპიტნარის ხიდთან. ასევე სოფელ ფარცხანაყანებში დააყაჩაღეს წითელი „იკარუსი". თერჯოლის რაიონის ტერიტორიაზე დააყაჩაღეს მიკროავტობუსი და ავტობუსი", - ნათქვამია განცხადებაში.
ზაურ ახალაია წერილში აცხადებს, რომ ფლობს ზუსტ ინფორმაციას ბადრი პატარკაციშვილის დაყაჩაღებასა და მკვლელობასთან დაკავშირებით.
ზაზა დავითაიას თქმით, აღნიშნული განცხადების საფუძველზე მთავარ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება და წერილის ავტორი, ზაურ ახალაია მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.