ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„თიბისი ბანკის" მესვეურებს, როგორც ქართული საფინანსო სისტემის უმსხვილესი ინსტიტუტის ხელმძღვანელებს, მეტი სოლიდურობა და პასუხისმგებლობა მართებთ, რადგანაც დოლიძე-ოსიპოვის კამპანიასთან ერთად სამართლებრივიდან შავი პიარის სივრცეში გადანაცვლებით, ისინი დარტყმის ქვეშ აყენებენ არა მარტო საკუთარი ბანკის რეპუტაციას, არამედ მთლიანად საბანკო სისტემის სტაბილურობას. ეს ქმედებები დროის კონტექსტიდანაც ამოვარდნილია და წინააღმდეგობაში მოდის დღევანდელობის უმთავრეს - სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნასთან.
9-წლიანი მძიმე მემკვიდრების ტვირთი დღეს ყველაზე მეტად ქართულ ბიზნესს აწვება, რადგანაც იგი ორ დაპირისპირებულ მხარედაა გაყოფილი. წინა ხელისუფლებამ ბიზნესმენთა ერთ ნაწილს ქონება უკანონოდ წაართვა და მეორე ნაწილს გადასცა. დღეს, ერთნი საკუთრების დაბრუნებას ელოდებიან, მეორენი კი - წართმევას. ორივე მხარე დაძაბულია და ეს ძალიან უარყოფითად აისახება ქვეყნის ბიზნეს-გარემოზე. ეს დღეს ქვეყნის წინსვლის შემაფერხებელი უპირველესი ფაქტორია და მისი დაძლევის ერთადერთი გზა სამართლიანობის უპირობო აღდგენა და წართმეული საკუთრებისა და აქტივების დროული დაბრუნებაა.
ჩვენ დღემდე არ გაგვიხდია საჯარო განხილვის საგნად ჩვენს ბიზნესებზე ძალადობის ის ფაქტები თუ სქემები, რომელშიც, სამწუხაროდ, საკუთარი სურვილითა თუ იძულებით, ჩართული იყო „თიბისი ბანკიც". ამას არც მომავალში გავაკეთებთ, რადგანაც ბანკი ნდობაზე აგებული ინსტიტუტია და ეჭვის შეტანა მის კეთილინდისიერებაში, არა მხოლოდ ამ ბანკს დააზარალებს, არამედ მთელ საბანკო სისტემას და თითოეულ მოქალაქეს.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, შევეგუოთ ფაქტების უტიფარ გაყალბებას და დავიჯეროთ, რომ ჩემი აქტივები მათ მიერ კეთილსინდისიერად იქნა შეძენილი სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილის ე. წ. აუქციონზე, სულ რაღაც ჩემი საქართველოდან განდევნიდან თვენახევარში. ეს იყო ძალადობა და სახელისუფლებო ბერკეტების ბოროტად გამოყენება, სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა ჩვენ მივმართეთ არა პროკურატურას , არამედ სასამართლოს, რადგან მიგვაჩნია, რომ დავებიდან უნდა ამოვიდეთ ცივილიზებულად და მალე, რათა ქვეყანამ წინ იაროს.
ამიტომაც, „თიბისი ბანკის" მესვეურებს მოვუწოდებ, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს, შეეშვან დაშანტაჟების ცდებს და დაუბრუნდნენ სამართლებრივ სივრცეს. უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ, მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას, რათა ბოლო მოეღოს სამართლებრივ დავას და უკანონოდ წართმეული ქონება სამართლიანად დაგვიბრუნდეს. ჩვენ ასევე მზად ვართ, ავანაზღაუროთ ის ხარჯები, რომლებიც მეორე მხარის მიერ კომპანიაში იქნა გაწეული", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ჩხარტიშვილის პრეს-სამსახური ავრცელებს.