„დღეს ვიხილეთ, თუ როგორ განახორციელა მოსამართლე ურთმელიძემ საკუთარი პროფესიული სუიციდი", - ასე შეაფასა „რუსთავი 2"-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ქიბარ ხილვაშის სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა, ტელეკომპანიის წილების დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა. მურადაშვილი განმარტავს, რომ ტელეკომპანიის იურისტები გააგრძელებენ ბრძოლას და ამისათვის მიმართავენ ყველა ინსტანციას.
„პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ საავტორო უფლებების ნაწილში სასარჩელო უფლებები იყო სრულიად უსაფუძვლო და ეს გაკეთებული იყო იმ მიზნით, რომ სწორედ მოსამართლე ურთმელიძესთან მოხვედრილიყო ეს საქმე. დღეს ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ქიბარ ხალვაშს არანაირი ინტერესი არ ჰქონდა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და კომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებას, ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ ნამდვილად ბეჭედი დაუსვა იმას, რომ ის შევა ისტორიაში როგორც სამარცხვინო მოსამართლე. მან მთელი საქართველოს კანონმდებლობა თავდაყირა დააყენა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება სრულიად უკანონოა. მოსამართლე ამაზე აუცილებლად აგებს პასუხს. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე.
ვაპირებთ, გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში და შემდეგ მესამეშიც, თუ ამის საჭიროება იქნება. გავივლით ყველა ინსტანციას და მივმართავთ ყველა იმ სამართლებრივ ზომას, რაც გაგვაჩნია კანონმდებლობით, ჩვენი ინტერესების დასაცავად.
მოგეხსენებათ, სააპელაციოში არის სამი მოსამართლე. ვფიქრობ, სამი მოსამართლე უფრო სერიოზულად იმსჯელებს და იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება არ გამოვა ასეთი დაჩქარებული წესით. სამი მოსამართლისთვის პასუხისმგებლობის აღება ასეთ საქმეზე, ალბათ, უფრო რთული იქნება და იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო უფრო ობიექტური იქნება", - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხილვაშის სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა, ტელეკომპანიის წილების დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა.
"რუსთავი 2-ის" წილის 60% მან ქიბარ ხალვაშს, 40% კი ხალვაშის კუთვნილ კომპანია "პანორამას" გადასცა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით.