ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თამაზ ურთმელიძის დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:
„კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს არაფერს, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს დამატებითი მტკიცებულება და გვექნება ძალიან მალე სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელიც უტყუარი იქნება სასამართლო სისტემისთვის. შეუძლებელია ამ გადაწყვეტილების დასაბუთება, ისეთი უსაფუძვლო საქმეა. კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება არ ცვლის არაფერს, საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ ჩვენ კიდევ ერთი მყარი და ფაქტობრივი მტკიცებულება გვაქვს იმისი, რომ სასამართლო სისტემა დასრულებულია საქართველოში. იყვნენ თუ არა ჩვენი ადვოკატები პროცესზე ტყუილად წარმოდგენილები? მე ვიტყოდი, რომ არა! მათ გააკეთეს ყველაფერი, რომ დეტალურად აღინუსხოს, რა ხდებოდა „რუსთავი 2"-ის პროცესზე. სულ რომ მართალი ყოფილიყო ქიბარ ხალვაში, მისი პოზიცია იმდენად სუსტად იყო დაცული, რომ შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში მაინც ვერ გაიმარჯვებდნენ. რას დაასაბუთებს მოსამართლე ურთმელიძე, ძალიან საინტერესოა. გადაწყვეტილებას ნულოვანი სამართლებრივი შინაარსი აქვს. ჩვენ მივმართავთ ყველა გზას. მივმართავ სააპელაციო სასამართლოს - ნუ დაიწყებენ პროცესების აქსელერაციას, ნუ მიიღებენ უკანონო გადაწყვეტილებებს", - განაცხადა გვარამიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის წილების 60 პროცენტი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, 40 % კი მის საკუთრებაში არსებულ შპს „პანორამას" დაუბრუნდება.
წილებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ „რუსთავი 2"-ის ყველა ადვოკატმა, ერთის გარდა, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის - ქიბარ ხალვაშის სხვა მოთხოვნებს, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა არხის საავტორო უფლებების დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე. როგორც ცნობილია, ქიბარ ხალვაში ზიანის ანაზღაურების მიზნით 18 მილიონ დოლარს ითხოვდა.