მესტიის ცენტრალურ გზას და სოფელ ლახამულას მდინარე ტვიბრა პრობლემას ვეღარ შეუქმნის - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულაში, მდინარე ტვიბრას კალაპოტის გამაგრება რკინა-ბეტონის ფილებით მიმდინარეობს.
მდინარეს მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები ახასიათებს, რამაც საფრთხე არაერთხელ შეუქმნა ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ზუგდიდი-მესტიის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზას.
სტიქიის დროს ღვარცოფული ნაკადი ცენტრალური გზის გავლით მიედინებოდა სოფელ ლახამულაში, აზიანებდა დასახლებულ პუნქტში გამავალ შიდა საავტომობილო გზასაც, რამდენჯერმე დატბორა დასახლებული პუნქტები.
პროექტის დასრულების შემდეგ მეწყრულ-ღვარცოფული ნაკადი გაივლის მაქსიმალურ გამტარუნარიანობაზე გათვლილ რკინაბეტონის წყალგამტარ არხში, რომელიც შემდგომ სპეციალური ტექნიკით გაიწმინდება.
პროექტის ღირებულება 1 724 470 ლარს შეადგენს. არხის მშენებლობა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. ამ ეტაპისთვის სამუშაოების 80% შესრულებულია.
პროექტი 2015 წლის ბოლოს დასრულდება. არხის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „თი ემ" აწარმოებს.