5 ნოემბერს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ამხანაგურ მატჩში მონაწილეობდნენ არასრულწლოვანი მსჯავრდებულები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მისი მოადგილეები, ასევე საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წევრი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი კახა ცხადაძე, ვეტერანი ფეხბურთელები გიორგი ნემსაძე და ზაზა ზამთარაძე.
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო ხელს უწყობს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას. როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა აღნიშნა, ამხანაგურ მატჩს ჯერ კიდევ წინა ვიზიტის დროს დაჰპირდნენ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს და დღეს ეს პირობა შეასრულეს.
„მე შეგნებულად არც ვთამაშობ და არც ვმსაჯობ, რადგან ორივე გუნდს ვგულშემატკივრობ, ვნახოთ, რა ანგარიშით დამთავრდება ეს თამაში. ვფიქრობ, ასეთი სპორტული აქტივობები მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, მაგრამ არ უნდა დაკარგო მომავლის იმედი. ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ აქედან მეტი მოტივაციითა და უნარ-ჩვევებით გახვიდე. ყველა ასეთი პროგრამა ზუსტად იმისთვისაა, რომ მოხდეს არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რესოციალიზაციის საკითხების უზრუნველყოფა. ამაზე ჩვენ ძლიან ბევრს ვმუშაობთ და გვაქვს შედეგებიც,"- განაცხადა კახიშვილმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თქმით, ახლო მომავალში კიდევ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდება, რომელთა მიზანიც იქნება თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის რესოციალიზაციის სხვადასხვა პროგრამების შეთავაზება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისი უწყება უკვე მესამე წელია სოციალურ პროგრამებს ახორციელებს. მისი თქმით, 2 კვირის წინ სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში იყვნენ არასრულწლოვან მსჯავრდებულთა დაწესებულებაში, რა დროსაც აღნიშნული ამხანაგური მატჩი დაიგეგმა.
„ყველაზე მთავარია ის, რომ მათ შანსს ვაძლევთ შესაძლებლობების ფარგლებში მიიღონ სრულფასოვანი განათლება, იყვნენ ჩვენი საზოგადოების ნაწილი და წარმატებულად დაუბრუნდნენ საზოგადოებას. პირველ რიგში უნდა იგრძნონ, რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. ამით არსებული ბარიერები მოიხსნება და ღირსეულ მოქალაქეებად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს."- განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
კახა ცხადაძის განცხადებით, მამებს სურს მათი შვილები სწორ გზაზე იდგნენ, დაინახონ რა არის წარმატებული სპორტსმენობა.
"მაგალითი უნდა აიღონ ჩვენგან , ასეთი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანი უნდა იყოს მათთვის, ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ დავანახოთ მათ, რა არის კარგი და სწორი ცხოვრება, რა შეიძლება გააკეთონ მათ თავის ქვეყანაში. ჩვენ გვსურს გვერდში დავუდგეთ ამ ახალგაზრდებს."-აღნიშნა ცხადაძემ.
ლევან კობიაშვილი კი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდებმა გვერდში დგომა და მხარდაჭერა იგრძნონ.
"ჩვენ, ფეხბურთის ფედერაციამ შევიტყვეთ ამ პროექტის შესახებ და მზადყოფნა გამოვთქვით ჩავრთულიყავით, დარწმუნებული ვარ ჩვენი მხრიდან მომავალშიც იქნება მხარდაჭერა,. გვიხარია თუ ახალგაზრდები ჩართულები არიან სპორტულ აქტივობებში და ითამაშებენ ფეხბურთს,"- აღნიშნა კობიაშვილმა.
სტუმრებმა არასრულწლოვნებს საჩუქრად სპორტული აქსესუარები გადასცეს.