ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი საუბრობს იმ სამართლებრივ საკითხებზე, რაც მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება გადაწყდეს. საძაგლიშვილის განმარტებით, მოსამართლე ურთმელიძის განჩინებას „რუსთავი 2" ვერ გაასაჩივრებს.
როგორც საძაგლიშვილი ამბობს, ურთმელიძემ განჩინების დაუყონებლივი აღსრულება მოითხოვა და დროებით მმართველად სხვა პირები დანიშნა, შესაბამისად, „რუსთავი 2"-ის იურისტებს უფლებამოსილება შეუწყდათ. იურისტი ამბობს, რომ ურთმელიძის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება რევაზ საყევარიშვილს და დავით დვალს ექნებათ:
„აბსოლუტურად ყველა პირს, რომელმაც შეიძლება გაასაჩივროს ეს განჩინება, შეგვიწყდა უფლებამოსილება. ერთადერთი, გასაჩივრება შეეძლება რევაზ საყევარიშვილს და დვალს. სურპრიზი არ იქნება, რომ მათ გასაჩივრების სურვილი არ ექნებათ. ჩემი ინფორმაციით, რეესტრმა ეს გადაწყვეტილება უკვე დაარეგისტრირა", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.