„დღეს, მოსამართლე ურთმელიძე დადგა კონსტიტუციაზე მაღლა და დამარხა ქართული სასამართლო", - ამ განცხადებას ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი აკეთებს:
„მინდა, მივუსამძიმრო საქართველოს მოსახლეობას ქართული დემოკრატიის დასამარება. აქ არ არის საუბარი „რუსთავი 2"-ის მომავალზე და იმ ხალხის მომავალზე, რომელიც ჩვენი თანამშრომლები არიან. აქ საუბარია ქვეყნის მომავალზე. წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე საათში ან დღეში შეიძლება „რუსთავი 2"-ზე აღარ გავიდეს ის „კურიერი“, რაც ამ დრომდე გადიოდა. ამ ხალხმა, რომელიც ახლა აქ დგას და კიდევ იმ ასეულობით ადამიანმა, რომელიც „რუსთავი 2"-ში მუშაობს, თავისი მხრებით მოიტანა ეს არხი დღემდე. ძალიან ხშირად, საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ იმისთვის, რომ თქვენთვის ის ინფორმაცია გადმოეცათ, რომელიც ყველაზე ობიექტური იყო და მაყურებელი ელოდა „რუსთავი 2"-სგან. ეს შეიძლება აღარ იყოს. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას. ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო საათამდე! და აუცილებლად დავამატებ, რომ ჩვენ დიდხანს ვაპირებთ აქ მუშაობას!" - აცხადებს უდუმაშვილი.