შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ეკატერინე კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 26,9992 გრ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. დადგინდა, რომ ეკატერინე კ-მ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოიტანა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).