მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განჩინებაში მიუთითებს, რომ ქიბარ ხალვაშის ადვოკატების შუამდგომლობას გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამიას მოხსნას და დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილისა და დავით დვალის დანიშვნას საფუძვლად დაედო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სასამართლოს შეუძლია, უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებად.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებაში აღნიშნულია, რომ „რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების დანიშვნა ემსახურება „რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის რეალური გარანტიების შექმნას.
ურთმელიძე განჩინებაში განმარტავს, რომ ეს ინსტიტუტი განამტკიცებს პირის დარღვეული უფლების რეალური და ეფექტური აღდგენის შესაძლებობას და გამორიცხავს მართლმსაჯულების განხორციელების ფორმალურ ხასიათს.
მოსამართლე განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის გამოყენება დასაშვებია ნებისმიერ გადაწყვეტილების მიმართ, თუ ის არ არის მიქცეული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
„შესაბამისი წინაპირობების არსებობისას დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ დაუყოვნებლივ აღასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება", - აღნიშნულია განჩინებაში.
მოსამართლე განჩინებაში განმარტავს, რომ დროებითი მმართველის ინსტიტუტს მრავალი უპირატესობა გააჩნია, რომელიც საბოლოოდ ემსახურება დავაში მონაწილე ორივე მხარის ინტერესს. ურთმელიძე მიღებულ გადაწყვეტილებას ამყარებს ამერიკული სასამართლოს პრაქტიკით.
„ნიუ-იორკის სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში, რომელიც ეხებოდა რადიოსადგურში დროებითი მმართველის დანიშვნას, განმარტა, რომ დროებითი მმართველის ვალდებულებაა, შეინარჩუნოს და დაიცვას ქონება სასამართლო დავის შედეგის მიუხედავად. დროებითი მმართველი პასუხისმგებელი და ერთგულია არა რომელიმე მხარის, არამედ მას გააჩნია ერთადერთი დანიშნულება - დაიცვას ქონება. გადაწყვეტილების თანახმად, მაშინ როდესაც არსებობს ქონების ღირებულების შემცირების საშიშროება, სხვა ალტერნატიული საშუალების გამოყენება, გარდა მმართველის დანიშვნისა, არ არის მისაღები.
დროებითი მმართველის დანიშვნა არ წყვეტს საკითხს მატერიალურ უფლებასთან მიმართებით და არ წარმოადგენს მატერიალური უფლების დადგენის წინაპირობას. ეს არის ქონების დაცვის საშუალება. აშშ-ის კანონდებლობისა და პრაქტიკის თანახმად, დროებითი მმართველის დანიშვნა მართალია წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციის სფეროს და სასამართლოს გააჩნია ფართო თავისუფლება საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების საფუძველზე, მიიღოს მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოპასუხის უფლებების დაცვისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად საქმიდან უნდა იკვეთებოდეს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების გარკვეული წინაპირობები", - აღნიშნულია განჩინებაში.
მოსამართლე აქვე განმარტავს, რომ დროებითი მმართველი ინიშნება მაშინ, როდესაც ეს საჭიროა მოტყუების პრევენციის, დავის საგნის დაცვის, ქონების დაზიანების, განადგურების, ღირებულebის შემცირების, დახარჯვის თავიდან აცილების მიზნით.