„დვალს წაართვა ტელევიზია მიშა სააკაშვილმა და მერე მე წამართვა. მე კი არ გადავიფორმე, მე ვიყიდე", - განცხადება ქიბარ ხალვაშმა დღეს გამართულ საგანგებო ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა:
„დვალს წაართვა და მე,როგორც თავიანთ თანამოაზრეს, შემომთავაზეს, რომ მეყიდა. 2004 წელს, მათ თხოვნას ვუპასუხე დადებითად და 2006 წელს სააკაშვილმა ისევ მე გამომართვა, დამათმობინა ტელევიზია. აგერ არის დვალი, ჰკითხეთ - მე წავართვი თუ სააკაშვილმა?" - განაცხადა ხალვაშმა.
ტელეკომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა ამ ფაქტზე განმარტება გააკეთა:
„ნაციონალური მოძრაობა" სინდისმა რომ შეაწუხოს და მოვიდეს, მითხრას, ბოდიშს გიხდით, გიბრუნებთ ტელევიზიასო, უარს ვეტყვი? თქვენგან მიღებული არ მინდა-თქო, ვიტყვი? რატომ ცდილობთ ანტაგონიზმის მონახვას. არასდროს მითქვამს, რომ ამ ყველაფრის უკან ქიბარი იდგა. იქნებ მივმართოთ პროკურატურას, გაასაჯაროვოს ის ინფორმაციები, რომლებიც გამოძიებაში დევს. ვინ რა გააკეთა, ვინ რა იმოქმედა, გაკოტრებაზე როგორ გაუშვეს. ძალიან დაგაინტერესებთ. აღმოაჩენთ, რომ ის პირები, რომლებიც ოდესიდან გეგმებს აგზავნიან, ამ პროცესების მთავარი მონაწილეები არიან. და არა ის ვიღაც კარსანიძე, შლოპანცებიანი, რომელიც საიდანღაც მოიყვანეს და გადააფორმებინეს ტელევიზია. ახლა მე რომ ვთქვა, კარსანიძემ წამართვა ტელევიზია, ძალიან სასაცილო იქნება.
სამწუხაროდ, სააკაშვილი ისევ თქვენს გამოყენებას ცდილობს. მე ვიცი, რომ ეს იქნება ძალიან ხანგრძლივი ბრძოლა. მე მზად ვარ! იურიდიული მხარე დავუთმოთ იურისტებს, მაგრამ გულში ჩავიხედოთ და ვთქვათ - ვისი იყო ეს ტელევიზია, ვინ აქცია ყველაზე რეიტინგულ არხად? მოწმენდილ ცაზე, როცა პრობლემა არ არსებობდა, რატომღაც გადავწყვიტეთ მე და ჯარჯიმ, ვინმე კარსანიძისთვის კაპიკებში მიგვეცა ტელევიზია?! მე და რეზო ვართ ოფიციალური მმართველები, ვერავინ ეღირსება სისხლისღვრას, მიტინგებს. მხოლოდ მშვიდობიანი გზით ივლის ეს ტელევიზია. არანაირი ძალადობის ნიშანი არ იქნება!" - განაცხადა დვალმა.