ქიბარ ხალვაშის და „რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების მიერ სპეციალურად გამართული ბრიფინგის შემდეგ, სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრა „რუსთავი 2"-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.
მან შეფასება გააკეთა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განმარტებასთან დაკავშირებით, სადაც ის საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრობს. პაატა სალიას განცხადებით, მათ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაურღვევიათ.
„სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცალ-ცალკე განსხვავებული ნუმერაცია აქვს იმ ნორმას, რომელიც იქნა გამოყენებული 5 ნოემბრის განჩინებაში მოსამართლის მიერ. ხოლო ის ნორმა, რომელიც კომპანიის იურისტებმა გაასაჩივრეს და საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, იყო სულ სხვა ნორმა ნუმერაციით, თუმცა, შინაარსობრივად ისინი დაკავშირებულია ერთმანეთთან და იდენტურია", - განაცხადა მურადაშვილმა.
შესაბამისად, მურადაშვილის განმარტებით, დღევანდელი საკონსტიტუციო სარჩელი მიმართულია იმ მოთხოვნით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება გაფართოვდეს თავისი შინაარსობრივი გაგებით და გავრცელდეს იმ ნორმაზეც, რომელზეც მიუთითებდა მოსამართლე ურთმელიძე 5 ნოემბრის განჩინებაში.