საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თბილისში საინვესტიციო კონფერენცია იმართება. კონფერენცია სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა გახსნა.
ბიზნესფორუმის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა მიმართა.
მისი განცხადებით, მსგავსი კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვილნიუსის სამიტის წინ, რათა ბიზნესმენებმა კარგად გააცნობიერონ, რას ნიშნავს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა.
„მნიშნველოვანია, ბიზნესმენებს ჰქონდეთ სწორი წარმოდგენა, როგორ კეთდება ბიზნესი ევროკავშირში. ასევე, მნიშვნელოვანია კონტაქტების დამყარება ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, ამიტომ დღევანდელი ღონისძიება იქნება მოსამზადებელი იმ ბიზნესურთიერთობებისთვის, რომელიც საქართველო-ევროკავშირს შორის ვილნიუსის სამიტის შემდეგ დაიწყება", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
ალექსი პეტრიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზეც ისაუბრა.
„იმედი მაქვს, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასაც სწრაფად გავივლით და როდესაც ყველა ნაბიჯი შეფასდება დადებითად, მივიღებთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასაც. არ მინდა, ვინმეს შეექმნას ილუზია, რომ ეს ერთ, ორ ან სამ კვირასა თუ თვეში მოხდება, მაგრამ ეს არ არის ძალიან შორეული პერსპექტივა", - განაცხადა პეტრიაშვილმა.