„ვერ შევეგუებოდი, რომ „რუსთავი 2"-ს დროებითმა მმართველებმა შეუცვალონ პროფილი ან „რუსთავი 2" გადაიყვანონ სხვა ბრძოლის ველზე, ვიდრე არის თავისუფალი ჟურნალისტიკა", - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს. თეა წულუკიანის კომენტარს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„მინდა, ვთქვა, რომ დღეს „რუსთავი 2"-ის, როგორც კერძო კომპანიის, მესაკუთრეები კვლავ არიან სააკაშვილის მეგობარი ძმები ყარამანიშვილები. ეს არ შეუცვლია არავის გუშინ, არც მოსამართლეს; შესაბამისად, ვერ შეცვლიდა ვერც საჯარო რეესტრი და დღეს „რუსთავი 2"-ის მესაკუთრედ კვლავ რჩება ის ხალხი, ვინც მანამდე იყო „რუსთავი 2"-ის მესაკუთრე. ესენი არიან ამჟამად კიევში მყოფი ძმები ყარამანიშვილები - ეს დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერიდანაც. ამიტომაც გუშინ არ მომხდარა „რუსთავი 2"-ის მესაკუთრეების ცვლილება.
მნიშვნელოვანია, ითქვას, რომ მოსამართლის გუშინდელი გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებულ იქნა დღის განმავლობაში და შემოვიდა საჯარო რეესტრში 18 საათისთვის, როგორც ამას ზოგიერთი ამბობს - მათ შორის, ზოგიერთი წარმომადგენელი რესპუბლიკური პარტიიდან, ზოგიერთი წარმომადგენელი საერთაშორისო თანამეგობრობიდან. საჯარო რეესტრმა ეს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიიღო გუშინ, 5 ნოემბერს, 18 საათზე. 7-ის წუთებზე, როგორც ამას ვაკეთებთ, ეს გადაწყვეტილება იქნა საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული, რადგან არაფერი არ არის დასამალი, როდესაც საჯარო რეესტრში დოკუმენტაცია შემოდის.
ამის შემდეგ უკვე დადგა დღევანდელი დღე - 6 ნოემბერი, და დილით საჯარო რეესტრმა აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შუალედური, დროებითი ხასიათის გადაწყვეტილებაა და დროებით მმართველებად მოცემული კერძო კომპანიისა დარეგისტრირდნენ ბატონები დვალი და საყევარაშვილი. ეს არის დროებითი გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც ევალებოდა საჯარო რეესტრს. აქედან გამომდინარე, მე მინდა, მეგობრულად ვთხოვო აშშ-ის საელჩოს საქართველოში - განმიმარტოს, რას ნიშნავს „ღამით მომხდარი პროცესები" და ხელი დამიდოს იმ დოკუმენტზე, იმ პროცესებზე, რომლებიც სახელმწიფომ განახორციელა ღამით. მე ველოდები პასუხს, რადგან შეშფოთებით ვნახე ის განცხადება, რომელიც აშშ-ის საელჩომ გააკეთა და რომელიც, ვიტყოდი, პირდაპირ აკნინებს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტს", -განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონთან შესაბამისობაშია. თეა წულუკიანის თქმით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ გამოიყენა ის მუხლი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა.
„საერთო სასამართლოების მიერ გუშინ, ბატონი ურთმელიძის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ გავეცანით გუშინ, როდესაც ის 6 საათზე შემოვიდა საჯარო რეესტრში. გადაწყვეტილების არც ერთ ნაწილში არ არის მოშველიებული ის მუხლი სამოქალაქო-საპროცესო კოდექსისა, რომელიც შეაჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ. ეს მუხლი არ არის გადაწყვეტილებაში გამოყენებული. ბატონი ურთმელიძე დაეყრდნო სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის აბსოლუტურად სხვა მუხლს, რომელიც მოქმედებდა და დღესაც მოქმედებს. აქედან გამომდინარე, მე, როგორც ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრს, მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ვინმესთვის საკრიტიკო, ვინმესთვის - არმოსაწონი. ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ის არის მკაცრად შესაბამისობაში ქართულ კანონთან.
ბოლოს მინდა, ვთქვა ერთი რამ: „რუსთავი 2" აგრძელებდა დღემდე და გააგრძელებს თავის საქმიანობას, და კმაყოფილებით მინდა, აღვნიშნო, რომ ის განცხადებები, რაც დროებითმა მმართველებმა გააკეთეს დღეს, სწორედ ამას ადასტურებს. მე ვერ შევეგუებოდი იმას, რომ „რუსთავი 2"-ს დროებითმა მმართველებმა შეუცვალონ პროფილი ან „რუსთავი 2" გადაიყვანონ სხვა ბრძოლის ველზე, ვიდრე არის თავისუფალი ჟურნალისტიკა. ამიტომაც ღიად ვამბობ, როგორც ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრი, რომ მე არ შევეგუები, თუკი რომელიმე დროებითი მმართველი „რუსთავი 2"-ის ან ჟურნალისტების, ან „რუსთავი 2"-ის, როგორც სამაუწყებლო კომპანიის, საქმიანობის შეზღუდვას ან რაიმე სახით გადასხვაფერებას დააპირებს.
„რუსთავი 2" არის ჩვენი სამაუწყებლო სივრცის ნაწილი, ძალიან საყვარელი არხი საზოგადოების ბევრი წევრისთვის და ის ასეთადაც უნდა დარჩეს. სხვათა შორის, თუ თქვენ გაეცნობით სასამართლოს გადაწყვეტილებას, მოსამართლე ურთმელიძემ ჩათვლა, რომ მანამ, სანამ დავა დასრულდება, დროებით მმართველს უნდა ჩაბარდეს ეს კერძო კომპანია, რომ რომელიმე მხარემ, ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა და მის მიერ დანიშნულმა მოსამართლეებმა, მეორე მხრივ კი, ბატონმა ხალვაშმა, თავიანთ სამართლებრივ ბრძოლაში არ დააზიანონ კომპანია. ეს უწერია სწორედ მოსამართლეს თავის გადაწყვეტილებაში, რომელიც ამბობს, რომ კერძო კომპანია თავისი პროფილით უნდა იყოს დაცული დროებითი მმართველების მიერ. აღმოჩნდა, რომ დროებითი მმართველები, რომლებსაც ჩვენ ვუსმინეთ დღეს ყველამ ერთად, „რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები არიან და ისინი, ვინც რეალურად ნულიდან შექმნეს ეს კომპანია",- განაცხადა თეა წულუკიანმა.