„გახსოვდეს, ჩემი ერთ-ერთი ნეკნი
შენს მიუწვდომელ სხეულში ცხოვრობს"
ხევსურეთში დაიბადა, დაამთავრა შატილის საშუალო სკოლა. ამის შემდეგ სწავლობდა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში -დრამის რეჟისურაზე, ჯგუფის ხელმძღვანელი: ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია იყო. როგორც თავად ამბობს, პოეზიაში მისი სადებიუტო ნაბიჯები ხევსურეთში დაიწყო, როცა სხვადასხვა ლიტ-პორტალებზე საკუთარ ლექსებს აქვეყნებდა. მალე მისი ლექსები რამდენიმე ჟურნალში დაიბეჭდა. პირველი იყო „ლიტერატურა და ხელოვნება". შემდეგ უკვე პერიოდულად იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემებსა და ჟურნალებში... 2015 წელს მისი ლექსები სომხურ და უკრაინულ ენებზე ითარგმნა. გამომცემლობა „ინტელექტმა" დაბეჭდა წიგნი „არაბულები", რომლის შემდგენელ-რედაქტორი თავად გიორგია. მასში შესულია ძველი და ახალი თაობის არაბულების ლექსები. ამჟამად დუშეთის სახალხო თეატრის მთავარი რეჟისორია. ამას გარდა ხატავს კიდეც... პოეტი, რეჟისორი, მხატვარი გიორგი არაბული „რეპორტიორს" თავის მრავალმხრივ შემოქმედებასა და განცდებზე უამბობს...
- სხვადასხვა ლიტერატურულ საღამოებში ვმონაწილეობდი. მაგალითად, პირველი პერსონალური საღამო „წიგნის სახლში" მქონდა, სადაც რატი ამაღლობელი იყო მასპინძელი. მეორე იყო წიგნის სახლ „ლიგამუსში", მესამე - წიგნის მაღაზია „დიოგენეში". ლექსების კრებული „გზაზე გასვლა", სადაც შესულია 30-მდე ლექსი და ერთი მინიატურული პოემა, გამომცემლობა „ინტელექტმა" დაბეჭდა. პრეზენტაცია 2012 წელს Holiday inn-ში მოეწყო. ასევე ვმონაწილეობდი სხვადასხვა საქველმოქმედო საღამოებში და ფესტივალებში.
გამომცემლობა „ინტელექტის" და „საქართველოს რკინიგზის" პროექტის ფარგლებში, სახელწოდებით - „ლიტერატურული ექსპრესი" სხვადასხვა რეგიონებში მატარებლით ვმოგზაურობდით, თანამედროვე ავტორებთან ერთად საღამოებს ვმართავდით... მივიღე მონაწილეობა კულტურის სამინისტროს პროექტში „ცოცხალი წიგნები", სხვადასხვა რეგიონებში ჩავდიოდით, ვსტუმრობდით ბიბლიოთეკებს, სახლ-მუზეუმებსა და ა.შ... ეწყობოდა შეხვედრები მკითხველთან...
ვმონაწილეობდი „შავის ზღვის საერთაშორისო ფესტივალში" - ბულგარეთში, ქალაქ დობრიჯში, ასევე საბერძნეთში - ათენში, სადაც რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ეს იყო ეთნოგრაფიული ფესტივალი, სადაც მარტო ჩვენი ქვეყნის პოეზია იყო წარმოდგენილი. ჩემს ლექსებზე პატარა წარმოდგენა დაიდგა, ბალეტ+პოეზია+ეთნომუსიკა...
წელს ხევსურეთში, სოფელ ჩირდილში ერთკვირიანი ლიტერატურული ფესტივალი ჩავატარეთ. მწერლები მიტოვებულ სოფელში კარვებში ცხოვრობდნენ. იმართებოდა სხვადასხვა ღონისძიებები, მოვიარეთ ხევსურეთი, იყო წიგნის პრეზენტაცია, კონცერტი, გამოფენა, შეხვედრები...
- საინტერესოა, ხევსური პოეტის მიერ წაკითხულ ლექსებს როგორ აფასებდნენ საბერძნეთსა და ბულგარეთში?
- როდესაც ჩემი პოეზია იკითხებოდა, რა თქმა უნდა, არ თარგმნიდნენ. უბრალოდ, ისეთი ლექსები შევარჩიე, რომელიც მუსიკასავით მოსასმენი იქნებოდა. კითხვის დროს, პარალელურად, გოგონა ბალეტს ცეკვავდა. სხვათაშორის ამის გამო, რეპერიც კი ვეგონე. მიუხედავად ენის არცოდნისა, ჩვენ ერთმანეთის შესანიშნავად გვესმოდა, უამრავი მეგობარი დავტოვე იქ. ქართული კულტურის მიმართ, ბულგარელებს არაჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვთ, სტუმარ-მასპინძლობითაც გამოირჩევიან. საბერძნეთში - ქართული სათვისტომოს ორგანიზებით წავედით, სადაც ემიგრანტებს შევხდით. იქაც შესანიშნავი დღეები გავატარეთ.
- ყველა ხელოვანს საკუთარ შემოქმდებაში გარკვეული ბიძგი აქვს, თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა? (გარდა ხევსურეთისა)
***
ნუღარ დაუბრუნდები ჩემს სიყვარულს
ბილიკს ვერ ივლი,
ხეობას მარტო ფოთოლივით ჩავყვები ქარში
დამხვდება რწმენა დანგრეული მონასტერივით
მივალ ტკივილებს სარეველა ლექსებად წავშლი.
- მგონია, რომ ადამიანების თითქმის 90% წერს, დარწმუნებული ვარ, თქვენც წერთ... უბრალოდ, ამას ყურადღებას რამდენად აქცევენ, სხვა საკითხია. ბევრჯერ მითქვამს, წერა რომ არ ვიცოდი, მაშინ ვწერდი-მეთქი, ეს არ არის „გაპრანჭული" ნათქვამი, რვეულებიც მაქვს, რომლებიც სავსეა ნაჯღაბნებით და ვითომ ნაწერებით... ე.წ. ბიძგი მაინც ხევსურეთი იყო, თუმცა, რომ არა ხევსურეთი, ვფიქრობ, მაინც დავწერდი... რადგან განწყობების კოლექციონერი ვარ, რომელიც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, პირველ რიგში, შემოქმედებაში... და ალბათ, ეს არის ჩემი შემოქმედების ბიძგიც...
- ხევსური ახალგაზრდა პოეტის თვალით დანახული საკუთარი მხარე...
- ხევსურეთი არის ჩემი ქვეყანა, რომელიც ჩემი ოჯახიდან იწყება. მგონია, რომ თუ ადამიანმა ოჯახი დაკარგა (ვგულისხმობ მასზე უარის თქმას), ის სამშობლოსაც დაკარგავს, ასეთი ადამიანი ქვეყნისთვის ვერაფერს გააკეთებს. გარემო, სადაც ვიზრდებოდი, ვაფასებდი მოვლენებს, იქ ვისწავლე გარჩევა კარგისა და ცუდის, ვისწავლე ადამიანების ცნობა, მითუმეტეს, მთაში მცხოვრები ადამიანების, უნდათ თუ არა, ძალიან გულწრფელები არიან. ასეთ გარემოში ცხოვრება როცა გიწევს, მაშინ უფრო მეტად აღიქვამ კუთხესაც, ქვეყანასაც და ადამიანებსაც. ცნობიერება სწორედ ხევსურეთმა ჩამომიყალიბა. ხევსურეთი ჩემი პოეზიის ნათლიაა. ყველგან, თბილისშიც და თითოეულ კუთხეში მხვდება საოცარი გარემო, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ხევსურეთში უფრო ვარ „განწყობების კოლექციონერი"...
***
ჩვენს სოფელს ახლა
დამეწყრილი ხეობა იცავს,
გაგვიფერმკრთალდა ძაგანის და იახსრის მითი,
ხმლები კი არა
ხევსურეთში დაჟანგდა მიწა,
ახლა ვსხედვართ და
ნასახლარებს
თითებზე
ვითვლით...
...ვისთვის სულერთია ხევსურეთი
ხალხისგან იცლებაო წერენ,
- სისხლისგან იცლებაო მე ვწერ,
- სისხლისგან იცლებაო მე ვწერ,
- სისხლისგან იცლებაო მე ვწერ...
- ხევსურ ქალებზე გვიამბეთ...
- მითივით არის, თითქოს მთაში ქალი იჩაგრებოდაო, არ დაიჯეროთ... მე ხევსურეთის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ქალის კულტი ძალიან მაღლა იყო აყვანილი. როცა ორი მოსისხლე მტერი ერთმანეთს ხვდებოდა, ქალი შორს მდგომიც რომ დაენახათ, მამაკაცებს სირცხვილად ეთვლებოდათ ერთმანეთზე ხმლის, ხელის აღმართვა... ხევსურებს ქალი ღვთაებები ჰყავდათ, ერთ-ერთი ასეთი იყო მინანი ბასხაჯაური, კარატის ჯვრის დამაარსებელი. მათ მტრის ფასიც იცოდნენ და მოკეთისაც... ქალის ხასიათში ხაზგასასმელია სიამაყე. მაგალითად, დაახლოებით, ერთი საუკუნის წინ, როცა 16-17 წლის გოგონამ საქმროს დაკრძალვაზე თქვა, მეც იქ დამმარხეთ, სადაც ჩემი სატრფო მარხიაო, სადედამთილომ ტირილით მიუგო, - შენ ჯერ პატარა ხარ და ქარი სხვაგან გაგაფრენსო... ამ პატარა გოგონამ ეს ნათქვამი ვერ აიტანა და თავი მოიკლა... სიკვდილამდე ჯერ კიდევ გონზე მყოფმა, სადედამთილოს უთხრა, იმ ქარმა ვერ დამძრა, შენ რომ მითხარი, გაგაფრენდაო... 1900-იანი წლების დასაწყისში ხევსურმა ქალებმა რამდენიმე ტრადიცია გააპროტესტეს, თუნდაც აკვანში დანიშვნის. ეს ჩვენს უფლებას ზღუდავსო, როცა არგუმენტირებულად აუხსნეს კაცებს, თუ რატომ ზღუდავდა ის მათ უფლებებს, კაცები არ შეეწინააღმდეგნენ. ქალების სიტყვას ძალა ჰქონდათ. არ მინდა, ისე გამომივიდეს, რომ მხოლოდ ხევსურები არიან გამორჩეულები, უბრალოდ, ახლა ხევსურ ქალებზე ვსაუბრობ, რომელთაც ყველაზე უკეთ ვიცნობ... ხევსური ქალები ჩვეულებრივი ქალები არიან, რომლებიც იცვლიან თმის ფერს... სიგარეტს ოდითგანვე ეწეოდნენ, შეიძლება სამი საყურე ჰქონოდათ ერთ ყურზე...
ასეთ ამბებს ვიწერ იქ მცხოვრები უფროსი ადამიანებისგან, რომლებიც ცოცხალი მემატიანეები არიან.
- თქვენი თვალით დანახული საქართველო...
- ჩვენი მთავარი შეცდომა, იცით, რა მგონია? როდესაც დიდ წარსულს მივტირით... ის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი განძია, თუმცა მხოლოდ წარსულის მაგალითებით წინ ვერ წავალთ, თუ თავად არ ვიმოქმედეთ. არ შეიძლება,დღესაც დავით აღმაშენებელზე ვსაუბრობდეთ, რომელიც უდიდესი მეფე იყო, გიორგი ბრწყინვალე ჩემი საყვარელი მეფე, თამარი... გორგასალი... იმ დიდებულმა ხალხმა ქვეყნისთვის თავის გასაკეთებელი გააკეთა, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ დღეს? როდემდე შეიძლება ვილაპარაკოთ „ვეფხისტყაოსანზე"? რომელიც ქართული ლიტერატურის უდიდესი ნაწარმოებია, ჩვენ ვსაუბრობთ წარსულზე, მაგრამ სამომავლოდ საკუთარი ქვეყნისთვის არაფერს ვაკეთებთ... ისინი ვეღარ გაცოცხლდებიან... სამაგიეროდ, ჩვენ ვარსებობთ ახლა... და შეგვიძლია, რაღაც შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რომლის მდგომარეობა ჩვენზეა დამოკიდებული და არა იმაზე, რანი ვიყავით გუშინ... ქვეყანა რომ გიყვარს, რას აკეთებ ამ სიყვარულისთვის?... აქ კი განათლებაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი... მორალის კითხვა არ მინდა, მაგრამ, თუ ქვეყნისთვის კარგი გვინდა... ამის კეთება პირველ რიგში საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ...
- გარდა ამ ყველაფრისა, ხატავთ კიდეც...
***
გოგოები
თივის ზვინებს გვანან..
ბიჭები კი
ამ ზვინებში შევარდნილ
მიმქრალ
ნაკვერჩხლებს..
ადამიანები მხოლოდ ცეცხლმოკიდებულ ზვინებს ამჩნევენ,
ნაკვერჩხალს ვერავინ ხედავს.
- ჩემი ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, ხატვაზე განსაკუთრებულად დამოკიდებული არასდროს ვყოფილვარ... ბავშვობაში, როგორც ყველა ბავშვი ისე ვხატავდი. ამ საქმეს დაახლოებით ერთი წლის წინ მოვკიდე ხელი... ნახატებშიც ვცდილობ, ენერგია ჩავდო... გრაფიკა უფრო მეტად მიყვარს, მაგრამ ფერწერაში, ფერებია სასწაული, ორი ფერი უკვე პოეზიაა, მხატვრობაა... ძალიან აქტიური მხატვარიც არ ვარ, უბრალოდ მგონია, რომ რასაც სიტყვებით ან სცენაზე ვერ ვამბობ, ამას ფერებით გადმოვცემ...
- საკუთარ თავს როგორ ფერებში ხედავთ? და როგორი ფერი აქვს თქვენ პოეზიას?
- ალბათ, ლურჯი... მგონია, რომ ლურჯი და წითელი ყველაფრის საწყისი ფერებია... ჩემს პოეზიას კი შემოდგომის ფერები აქვს...
* * *
გადავეჩვიე მონატრებას,
გადავეჩვიე შენს თვალებს,
გადავეჩვიე ძველებურად წერას,
გადავეჩვიე ძილს,
გადავეჩვიე მეგობრებს და მათ ხელებს,
გადავეჩვიე სოციალურ ქსელებს,
გადავეჩვიე სიზმრებს,
გადავეჩვიე სიყვარულს
ვდგავარ გზაჯვარედინზე ჯიბეებშიხელებჩაწყობილი და ვამბობ:
მივეჩვიე მარტოობას,
მივეჩვიე სიჩუმეს,
მივეჩვიე ფსალმუნებს,
მივეჩვიე ჩაბნელებულ გარემოს,
მივეჩვიე ღმერთს.
მივეჩვიე საკუთარ თავს.
- როგორ გგონიათ, ამ ფერებს მკითხველი აღიქვამს?
- შეიძლება, ვიღაც ჩემს პოეზიას შავ ფერებშიც ხედავდეს...
- ამ სამ სფეროს ცხოვრების გზაზე ბოლომდე გაჰყვებით?
- ჯერჯერობით რასაც ვიცი, რომ სერიოზულად გავყვები, რეჟისურაა, შეიძლება კინოსკენაც წავიდე... პოეზია და მხატვრობა ეს სხვაა... ოდესმე თუ ვიგრძენი, რომ ვეღარ ვწერ, აღარ დავწერ... სადამდეც მეყოფა ხატვის და წერის ენერგია, მანამდე გავაგრძელებ...
***
ეს ლექსები
მდოგვის მარცვლებივით ხელისგულში მოქცეული,
სულს გიბერავდა და
გკვებავდა,
როცა წყალწყალა რწმენა გამძიმებდა,
გაშიმშილებდა
- თეატრზე მოგვიყევით...
- 2010 წელს პირველი საკურსო სპექტაკლი „მუნჯი ახმედი და ზღვა" (გურამ რჩეულიშვილის „მუნჯი ახმედი და სიცოცხლე"-ს მიხედვით) დავდგი.
2012 წელს ათონელის თეატრში მქონდა პირველი სპექტაკლის პრემიერა, უილიამ საროიანის „ჰეი, გესმით ჩემი". 2013 წლიდან დუშეთის თეატრის მთავარი რეჟისორი ვარ, ლია ლიქოკელი იყო მანამდე... აქ 2014 წელს საბავშვო სპექტაკლი „ჩიპოლინოს თავგადასავალი" დავდგი. რომელშიც სკოლის 25 მოსწავლე მონაწილეობდა. ასევე დავდგი ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!".
- დუშეთის სახალხო თეატრში როგორ აღმოჩნდით?
- როცა ამ თეატრის რეჟისორობა შემომთავაზეს, თავდაპირველად უარი ვთქვი. ზოგადად პირველად თეატრის რეჟისურა მეგონა გვირაბი, სადაც სინათლის კარი დახურული იყო... ეს ხომ ურთულესი პროფესიაა... დღემდე უამრავ რამეს ვსწავლობ... თეატრის 135 წლის იუბილეა, ამასთან დაკავშირებით ვმუშაობ ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობების მიხედვით, სპექტაკლზე სახელწოდებით „თავსაფრიანი დედაკაცი", რომელიც სავარაუდოდ, წლის ბოლოს იქნება...
- ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთ რამეს ამბობთ, - „ჩემთვის თეატრი არ არსებობს პოეზიის გარეშე და არ არსებობს პოეზია დრამატურგიის გარეშე". ეს ორივე რის გარეშეა თქვენთვის წარმოუდგენელი?
- აქაც იმავეს ვიტყვი, რაც ზემოთ აღვნიშნე, ეს ორივე ვერ წარმომიდგენია განწყობების გარეშე... როდესაც სარეჟისოროზე ჩავაბარე, საერთოდ არაფერი ვიცოდი, სად ვხვდებოდი და ა.შ... მაგრამ ვიცოდი, რომ თეატრი იყო ის გარემო, სადაც ამ ყველაფერს ერთად მოვუყრიდი თავს. ვფიქრობ, თეატრი ამ განწყობების გადმოსაცემად ძალიან კარგი სივრცეა. სცენაზე მსახიობები რას ლაპარკობენ, ეს არ მაინტერესებს, რასაც არ ლაპარაკობენ, მე ის მაინტერესებს. სწორედ ეს არის განწყობა... რაზეც არ ვსაუბრობთ, თუნდაც ერთმანეთში... მგონია, რომ სცენა ამ განწყობების მუზეუმი, გალერეაა...
* * *
ბედნიერებავ, როგორ ავცდით გზაში მე და შენ,
შენ დამემალე,
მე კი ცრემლმა ფერი მიცვალა,
შენი ადგილი, ჩემს ხეულში გარდაიცვალა.
ერთი უბრალო პოეტი ვარ-
სევდის მძევალი,
ბედნიერებავ, განვსხვავდებით ძლიერ მე და შენ.
მე საფლავს ვხედავ,
გადაღლილი ჩემი თვალებით
- როგორც პოეტს, პოეზიაში მთავარ მიგნებად რა მიგაჩნიათ?
- მიგნება ალბათ, ის არის, რასაც ემოცია იწვევს. ყოველ შემთხვევაში, პოეზია ჩემთვის ემოციებით ფასდება. ემოციის აღძვრაა მკითხველში მთავარი, თორემ მორალის კითხვა მიგნება ვერასდროს იქნება. განწყობებს, რამაც ჩემზე იმოქმედა, პოეზიაში გადმოვცემ. რაც მე ვიგრძენი, მინდა, შენც გაგრძნობინო, თუ ამას ვიღაც ჩემნაირად აღიქვამს, ის უკვე მკითხველისაა, თუ ვერ დაიჭერს, ისევ ჩემად რჩება...
* * *
როცა ყველა მდინარე დაშრება,
როცა ჩემს სახლს ობისფერი გადაფარავს
და ლურჯი სიზმარი დასრულდება,
როცა მიწით შევიმოსები,
როცა ჩამყვება ყველა სურვილი მიწაში
და მეც ჩავყვები მწვანე ბილიკს სამარისაკენ...
მეტყვი:
- „შენ მოკვდი მთაზე, რომელზეც ადიოდი,
როგორც მოკვდა აარონი,
შენი ძმა ჰორის მთაზე...."
და მე ვიტყვი
- „როდესაც ვდუმდი, გაცვითა ჩემი ძვლები,
ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა."
- ალუდა ქეთელაური (ჯგუფ „მეხუთე სეზონის" სოლისტი, რომელიც 2012 წელს 24 წლის ასაკში გარდაიცვალა) თქვენი მეგობარი იყო...
- ალუდა ჩემთვის იყო განწყობების გალერეა, საბადო... აი, ხომ ხედავთ რატომ აქვს ამ განწყობებს ჩემთვის ამდენად დიდი მნიშვნელობა... ალუდას შეეძლო ძალიან დიდი სიყვარული, ალუდა უყვარდა ყველას, ვინც არ იცნობდა მათაც... მუსიკაში სწორი მიმართულება ჰქონდა არჩეული, ბოლო დროს განსაკუთრებით, როდესაც ჯგუფი ჩამოაყალიბეს ბიჭებმა... „ზეცას შახეეო, აპარეკავ" პირველი სიმღერა იყო „მეხუთე სეზონის", რომლის ტექსტიც პატარამ დავწერე, ვერ წარმომედგინა თუ ამაზე შეიძლებოდა მუსიკის დაწერა, ეს არის რაღაც დრამატურგიული, ამბავი-ლექსი, მაგრამ ალუდამ და ბიჭებმა იმდენად მუსიკალურად აღიქვეს, რომ ძალიან საინტერესო კომპოზიცია შექმნეს.
ამიტომაა, რომ დღეს ბევრი არაქართველიც კი მღერის „აპარეკას"... სწორედ მაშინ, როცა ალუდა იწყებდა ყველაფერს... იმ პერიოდში გარდაიცვალა... ის საოცარი ენერგიით და მზრუნველობით გამოირჩეოდა, ის იყო ბავშვი, რომელმაც რაღაც ტვირთებს ვეღარ გაუძლო... ბავშვში ვგულისხმობ სისუფთავესა და გულწრფელობას ადამიანების მიმართ... რომლითაც ის გამოირჩეოდა, საოცარი ბუნება ჰქონდა... ალუდა გამორჩეული ადამიანი იყო....
- თეატრი, პოეზია, ხატვა - დომინანტი რა არის მათში?
- არ მინდა, სხვანაირად გაიგოთ, მაგრამ მგონია, რომ გულწრფელობაა მთავარი... თუ შემოქმედებაში გულწრფელი არ ხარ, არაფერი გამოგივა...
მეოცე საუკუნის მინიმა პოეტზე
ბერიკაცო,
რომ ჩამომჯდარხარ კიბეზე,
შინ არავინ გელოდება?
ნუთუ ყველას დაავიწყდი ამ კორპუსში,
ამ ქუჩაზე,
ამ ქალაქში,
ამ ქვეყანაში?!.
- ვინ არის გიორგი არაბული იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც მისი შემოქმედება მოსწონს და ვინ არის საკუთარი თავისთვის?
- იმ ადამიანებისთვის ალბათ, იმაზე მეტი, ვიდრე ვარ... საკუთარი თავისთვის კი, ადამიანი, რომელიც ცხოვრების გზაჯვარედინზე ჩერდება და ფიქრობს, საით წავიდეს... არ ვიცი, ეს გზები საით მიდიან, მაგრამ მე მაინც მივყვები... გზები, რომელიც შეიძლება უბრალო ასფალტი აღმოჩნდეს... უბრალო ბილიკი... კლდიანიც... ან გზა - სასაფლაოს გავლით...
ვირჩევ გზას, რომელიც ჩემთვის უცნობია... მხრებზე კი ბარგად ჩემს შემოქმედებას დავატარებ...
* * *
ყოველდღიურად ვხვდებით ერთმანეთს.
სხვადასხვა განწყობით.
ყოველდღიურად ვსაუბრობთ.
შენ ყოველთვის ცოტას.
მე ყოველთვის ბევრს.
მაინც არ მემეგობრები.
ყოველთვის რაღაც მანძილია ჩვენს შორის.
ჰო,
ასეთი ხარ ჩემო თავო,
ყველაზე ჩემო მეგობარო..
როცა ყველა მდინარე დაშრება,
როცა ჩემს სახლს ობისფერი გადაფარავს
და ლურჯი სიზმარი დასრულდება,
როცა მიწით შევიმოსები,
როცა ჩამყვება ყველა სურვილი მიწაში
და მეც ჩავყვები მწვანე ბილიკს სამარისაკენ..
მეტყვი:
- „შენ მოკვდი მთაზე, რომელზეც ადიოდი,
როგორც მოკვდა აარონი,
შენი ძმა ჰორის მთაზე...."
და მე ვიტყვი
- „როდესაც ვდუმდი, გაცვითა ჩემი ძვლები,
ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა."
***
რამხელა ტყუილია უშენობა,
რამხელა ტკივილია ჩემთვის.
რაც უფრო იზრდება ჩვენ შორის მანძილი,
მე ვამბობ: პირიქით, პირ-იქით იბრუნე.
რამხელა ტყუილია უშენობა,
რამხელა ტკივილია ჩემთვის.
ჩვენი სიყვარული ისე დაგვიანდა,
ხვალე, მარტო შენი ტანი მეყვარება.
***
ეს ლექსები
მდოგვის მარცვლებივით ხელისგულში მოქცეული,
სულს გიბერავდა და
გკვებავდა,
როცა წყალწყალა რწმენა გამძიმებდა,
გაშიმშილებდა.
....
შენი თვალების იქით,
მარტოობის მღვრიე ბურუსში,
დგას ჩემი სახლი,
სადაც ცხოვრობს წითელი ეჭვი,
და ყოველ ღამე მისი ბოდვა
ძილს მაკარგვინებს.
ნუღარ დაუბრუნდები ჩემს სიყვარულს,
როგორც ნა-სახლარს.
აქ სიყვარული - მიწად იქცა,
მიწა - ტალახად.
ნუღარ დაუბრუნდები.
თიბათვე
სიკვდილის ვარცლში ფეხჩადგმული კუბოს ითლი და
ღეჭავ თამბაქოს
ცოლი სარკმლიდან გადმოგყურებს თავშლის სწორებით
თვითონ ზურგზე გრძნობ ჩამქრალ თვალებს
ტკივილის
სიყვარულს
და გაწევს ტვირთად მისი ცხოვრება
ცოლის გადაღლას
დამჭკნარ ღაწვებს
დაბეჩავებას
შენს თავს აბრალებ
სიკვდილშამაე წუხრა დგება დაცლილი სოფლის
წყალწყალა რწმენა შეგრჩენია როგორც სიბრმავე და კვდები, კვდები
თან სიკვდილიც არ გაქვს სამყოფი გადააფურთხებ მწარე თამბაქოს ცდილობ სული გადააყოლო მზის გადაწვერას
გადააყოლო გაჭირვება
ცოდვა
სიბრალე
ცოლი კი გზვერავს
შეპარვია მასაც სიბრმავე
და მისი მზერა
გინგრევს ნეკნებს
გინგრევს სოფელს
მიწას ხლეჩავს და
რაც ცოლი გახდა გაგიძნელდა სიტყვა "მიყვარხარ"
ამასობაში
დაგიბერდა
დაგიბეჩავდა
„მე გავემგზავრე დედაჩემო,
ჩემი ბავშვობით
და მაპატიე,
ვეღარასდროს ვერ დაგიბრუნებ"