reportiori.ge - ღარიბაშვილის ახალი ინიციატივა – მძღოლების ჯარიმები მცირდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:04
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ღარიბაშვილის ახალი ინიციატივა – მძღოლების ჯარიმები მცირდება
ავტორი:
12 ნოემბერი, 2013. 17:56

შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ურჩი მძღოლებისთვის ჯარიმები მცირდება. 100-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 50-ლარიანი ჯარიმა, 1500 ლარის მაგივრად - 500 ლარი, საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, სამართალდამრღვევს მართვის უფლება 2 წლის ნაცვლად, 6 თვით ჩამოერთმევა. ინიციატივას მძღოლებიცა და სპეციალისტებიც მიესალმებიან და ამბობენ, რომ კანონის ლიბერალიზაცია საჭირო და დროული იყო.

 

ამ ინიციატივის შედეგად აუცილებელი გახდა რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ჯარიმების ოდენობის და მართვის უფლების ჩამორთმევის ვადების შემცირების მიზნით, კერძოდ:


კანონპროექტის მიხედვით, 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა (რადარები) - 100 ლარი განახევრდება და დამრღვევი მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ხოლო აღნიშნული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, არსებული საურავის ოდენობა 500 ლარის ნაცვლად, 150 ლარამდე შემცირდება. ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს მართვის უფლება 2 წლის ნაცვლად, 6 თვით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1500-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 500-ლარიანი ჯარიმით იქნება შესაძლებელი.


125-ე მუხლის მე-8 ნაწილი დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის 10-ლარიან ჯარიმას და გადაუხდელობის შემთხვევაში 150-ლარიან საურავს ითვალისწინებს. ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, დამრღვევ მძღოლს 1 წლის ნაცვლად, მართვის უფლება 6 თვის ვადით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1000-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 500-ლარიანი ჯარიმით იქნება შესაძლებელი.


ასევე, 125-ე მუხლის 71-ე ნაწილით, ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 100-ლარიანი ჯარიმა ნახევრდება და მისი ოდენობა 50 ლარი იქნება. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მძღოლს 500 ლარის ნაცვლად, 150 ლარის ოდენობით დაერიცხება საურავი. ჯარიმისა და საურავის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კი დამრღვევ მძღოლს მართვის უფლება 2 წლის ნაცვლად, 1 წლის ვადით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1500-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 500-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით იქნება შესაძლებელი.


მცირდება აგრეთვე 125-ე მუხლის 72-ე ნაწილით, განმეორებით ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 200-ლარიანი ჯარიმა და მისი ოდენობა 100 ლარი იქნება. ჯარიმის და საურავის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კი 2 წლის ნაცვლად, მართვის უფლება 1 წლის ვადით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1500-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 1000 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით იქნება შესაძლებელი.


ასევე განახევრდა 116-ე, 117-ე, 1181-ე, 1182-ე, 1183-ე, 119-ე, 120-ე, 121-ე, 123-0ე, 125-ე, 127-ე და 1271-ე მუხლებით დადგენილი ჯარიმებისა და საურავების გადაუხდელობის შემთხვევაში მართვის უფლების ჩამორთმევის ვადები და ჩამორთმეული მართვის უფლების ჯარიმით შეცვლის თანხები, კერძოდ: ამ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირს მართვის უფლება 1 წლის ნაცვლად, 6 თვით ჩამოერთმევა, ხოლო 2 წლის ნაცვლად - 1 წლით. ჩამორთმეული მართვის უფლების ჯარიმით შეცვლის შემთხვევაში, თუ მართვის უფლება 6 თვით არის ჩამორთმეული, ჯარიმის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად, 500 ლარი იქნება, ხოლო 1 წლით ჩამორთმევის შემთხვევაში, 1500 ლარის ნაცვლად - 1000 ლარი.

მძღოლები კმაყოფილებას ვერ ფარავენ და „რეზონანსთან" საუბარში ამბობენ, რომ ახალი ჯარიმები უფრო გონივრული და მათთვის შვების ტოლფასია.


„ჩემი შემოსავლის ნახევარი ჯარიმებში მიდის. სულ ვცდილობ არაფერი დავარღვიო, მაგრამ მაინც „ესემესი-ესემესზე" მომდის. ბანკში, სადაც ჯარიმებს ვიხდი, უკვე მცნობენ. ასე რომ, ჩემთვის და ჩემნაირებისთვის ეს ინიციატივა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რაც არ უნდა კეთილსინდისიერი მძღოლი იყოს, წვრილმანი დარღვევები მაინც ყელას აქვს. ჯარიმები კი მაღალი იყო".


„ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 100-ლარიანი ჯარიმა, ჩემი აზრით უსამართლობა იყო. ეს სიახლე ბევრ მძღოლს მოუტანს შვებას, რადგან მაღალი ჯარიმები ალესილი ნაჯახივით გვაწვა კისერზე", - გვითხრა ლევან ფიცხელაურმა, რომელსაც მძღოლობის 15-წლიანი სტაჟი აქვს.


ექსპერტი სატრანსპორტო უსაფრთხოების საკითხებში შალვა ოგბაიძე მიიჩნევს, რომ ჯარიმების ოდენობა შესაცვლელი იყო, რადგან ის მოქალაქეების ფინანსურ მდგომარეობას არ შეესაბამებოდა. გარდა ამისა, მიაჩნია, რომ მაღალი ჯარიმა ნაკლებ დარღვევას არ ნიშნავს.


„ჯარიმა პრევენციის საშუალება უნდა იყოს და არა პანაცეა. ჯარიმის ოდენობა ამა თუ იმ კონკრეტული დანაშაულის, დარღვევის თუ გადაცდომის რაოდენობას არ განსაზღვრავს, რაღაც დოზით ამცირებს, მაგრამ იმაზე ქვევით უკვე ვეღარ. წინა ხელისუფლების დროს, ჯარიმები, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან და შემოსავლებთან მიმართებაში არაზომადი იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საურავი, რომელიც ვადაგადაცილებულ ჯარიმებს ედებოდა, 1500 ლარზე ადიოდა. ამ დროს კი მძღოლებს 500-ლარიანი მანქანები ჰყავდათ. ასე რომ, ეს ჯარიმები პროფილაქტიკური და პრევენციული ხასიათის კი არა, არამედ, ბევრი ოჯახისთვის ფინანსური დაქცევის ტოლფასი იყო. კარგია, რომ ამის ლიბერალიზაცია მოხდა. ეს მისასალმებელია", - ამბობს ოგბაიძე.

 

მისივე თქმით, გზებზე არსებული პრობლემების გადასაჭრელად სხვა, უფრო ძირეული ღონისძიებების გატარებაა საჭირო და ეს ყველაფერი, პირველ რიგში მაღალპროფესიული ავტოსკოლების გახსნით უნდა დაიწყოს, რათა მათ საფუძვლიანად მოამზადონ მომავალი მძღოლები და მართვის მოწმობის ინტერნეტში ტესტების სწავლით არ იღებდნენ.


„ზოგადად, ამ ხელისუფლებას წინა ხელისუფლებისაგან მძიმე სამძღოლო კულტურის მემკვიდრეობა ერგო", - ამბობს ოგბაიძე. „- საკავლიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ავტომობილის მართვის მოწმობის მსურველებს წარედგინება, დაბალია. აქედან გამომდინარე, ვერავითარი ჯარიმები ვერ გვიშველის თუ განათლების იმ სფეროს არ მივხედეთ, რომელიც კონკურენტუნარიან, მაღალ სამძღოლო კულტურის და უსაფრთხოდ მოსიარულე მძღოლების გამოშვებას უზრუნველყოფს".


ლალი ჯანაშია

გაზეთი „რეზონანსი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016