ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დროებითმა მმართველებმა რეზო საყევარიშვილმა, დავით დვალმა და „რუსთავი 2"-ის ყოფილმა დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ რამდენიმე წუთის წინს სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს. როგორც დავით დვალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტელეკომპანიის დროებითმა მმართველებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უფლებამოსილება გადასცენ „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილს, რათა თავიდან აიცილონ ტელეკომპანიის მაუწყებლობასთან დაკავშირებული პრობლემები.
„პრობლემა იყო ზუსტად ის, რამე პრობლემა არ შექმნოდა ტელეკომპანიას. ეს იყო ჩვენი მოტივაცია და დავთანმხდით იმას, რომ დროებით მმართველობა არ აგვეღო. საზოგადოებაში გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. ვიზიარებ, რომ საკამათო პუნქტებია. აქედან გამომდინარე, კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად, სანამ არ გაირკვევა, რამდენად ვარ მიუკერძოებელი პირი, სასამართლო პროცესში, რადგან არ ვარ მონაწილე, მზადყოფნა გამოვთქვით, შემდეგ ინსტანციებში გასაჩივრებულიყო, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ვიმოქმედებდით. იმისთვის, რომ ჩვენ არ შევდივართ, მეორე მხარეს კი შეჩერებული აქვს უფლებამოსილება, მივმართეთ ყარამანიშვილებს, რათა არანაირი შეფერხება არ ყოფილიყო. სრულიად შესაძლებელია, გაურკვეველ პერიოდში შეიქმნას პრობლემა. მიუხედავად არაადეკვატური პასუხისა, რაც მივიღეთ, რომ საერთოდ არ გვცნობენ, მათ უფლება არ აქვთ არაფრის. გადავდგით შემდეგი ნაბიჯი და შევხვდი „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილს. ვუთხარი, თუ ორივე მხარეს სურს, დაძაბულობა თავიდან ავიცილოთ, მზად ვარ, მას გადავულოცო ჩემი უფლებები, მივცე მინდობილობა. ისევ ვამბობ, მეორე მხარე, რომელიც აცხადებს, რომ არ გვცნობს, სიტუაციას ცაიტნოტში აგდებს. ანუ, მე იძულებით უნდა გადავდგა ისეთი ნაბიჯები, რაც მიუღებელია ჩემთვის. არასდროს, არაფერი ძალით არ მოხდება. ვერ ვგრძნობ მათი მხრიდან თანამშრომლობის სურვილს. ჩვენ მივედით გადაწყვეტილებამდე, ეს არის ქაღალდი და მე და ბატონმა რეზომ ჩვენი უფლებები მივანიჭეთ ზაალ უდუმაშვილს. მას აქვს უფლება მინიჭებული, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და სრულფასოვნად შეუძლია იმოქმედოს. სასამართლო პრობლემა „რუსთავი 2"-ს აღარ ექნება. ამ საკითხში, ძალიან უცნაურია, მაგრამ ერთიანები ვართ. გაძლევთ გარანტიას, მართვის პრობლემა არ იქნება. დღეს ზაალ უდუმაშვილს აქვს სრული უფლება, ნორმალურად აფუნქციონიროს „რუსთავი 2", - განაცხადა დვალმა.