ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დროებითმა მმართველებმა რეზო საყევარიშვილმა, დავით დვალმა და „რუსთავი 2"-ის ყოფილმა დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ სურვილი აქვთ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ტელეკომპანიის გარშემო არსებულ ვითარებაში მედიატორის როლი შეასრულონ. როგორც დავით დვალმა განმარტა, მათ უკვე მიმართეს „საია"-ს და დაგეგმილი აქვთ შეხვედრები სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
„მივმართეთ „საია"-ს ხელმძღვანელს, ანა ნაცვლიშვილს. ხვალ გვაქვს დაგეგმილი ამ მხრივ შეხვედრები, მივმართავთ სხვა არასამთავრობოებს. უკონფლიქტო, სამართლებრივი გზით გვინდა განხორციელდეს ეს დავა. იქნებ მედიაცია შეასრულონ და დაარეგულირონ ეს საკითხი", - განაცხადა დავით დვალმა.
აქვე დვალმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ტელეკომპანიის დროებითმა მმართველებმა უფლებამოსილება ზაალ უდუმაშვილს გადასცეს და ამით დაანახვეს საზოგადოებას, რომ ხელოვნურად არავინ აფერხებს „რუსთავი 2"-ის ფუნქციონირებას.
„უფლებამოსილება ზაალ უდუმაშვილს მივანიჭეთ, ეს არის ჩვენი კეთილი ნება. მე მინდა, რომ განხილვა მოხდეს ზედა ინსტანციაში და ითქვას, იყო თუ არა დაშვებული შეცდომა. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, ყველა უფლებამოსილება დირექტორის მოადგილემ შეასრულოს. ამ უფლებას ვანიჭებთ, რადგან იმ ორგანიზაციაზე ყველას შესტკივა გული, ზალიკოსაც, ჩვენც და ა.შ. საუბარია აქ მეორე მხარის ნებაზე. თუ საუბრობენ, რომ პრობლემა შეექმნებათ მათ ამის გამო, ჩვენ ამ პრობლემას ვუხსნით", - განაცხადა დვალმა.