„საია"-ს ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი სამართლებრივ საკითხებზე „რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებთან კონსულტაციის გამართვას უარყოფს. მისი თქმით, ის მხოლოდ მესამე სექტორთან შეხვედრის ორგანიზებას დათანხმდა; ზაალ უდუმაშვილისთვის მინდობილობით უფლებამოსილების მინიჭების საკითხზე კი საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.
„ის, რომ მე მათ გავუწიე რაიმე კონსულტაცია ან მივეცი რჩევის მსგავსი, ასეთი რამ არ ყოფილა. ჩვენ ამ პროცესში არ ვართ მხარე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ არის გარკვეული მცდელობები, „საია" იქცეს მხარედ. შეხვედრა შედგა. ერთადერთი, რასაც დავპირდი მათ, ეს იყო, რომ უახლოეს დღეებში იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან მათი შეხვედრა", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დროებითმა მმართველებმა რეზო საყევარიშვილმა, დავით დვალმა და „რუსთავი 2"-ის ყოფილმა დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ დღეს სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს. როგორც პრესკონფერენციაზე ჯარჯი აქიმიძემ განაცხადა, მათ პროცესებში დახმარებისთვის მიმართეს „საია"-ს და სთხოვეს, რომ გაფართოებულ რეჟიმში მიადევნონ თვალი ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესებს. აქიმიძის განმარტებით, „საია"-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა მათ დახმარება აღუთქვა.
„ამ პრესკონფერენციის გაძღოლა დამევალა მე. სანამ „რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველები გააკეთებენ განცხადებას, მინდა, რამდენიმე საკითხზე გავამახვილო ყურადღება. იქიდან გამომდინარე, რომ გაჩნდა უამრავი აზრი მოსამართლის განჩინებაზე, ჩვენ, მმართველებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევსულიყავით, რადგან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებდა განჩინება. მმართველები გაემიჯნენ გადაწყვეტილებას, სანამ სასამართლოში საბოლოოდ არ გაირკვეოდა საქმე. ჩვენ გვქონდა ეჭვი, რომ ყოფილი ხელმძღვანელობა ელოდა, როდის მივიდოდნენ მმართველები, რაც მათ წისქვილზე ასხამდა წყალს.
მეორე საკითხს რაც შეეხება, მინდა განვაცხადო, რომ „საია"-ს ხელმძღვანელთან გვქონდა საუბარი. მას დახმარება ვთხოვეთ, აქტიურად ჩაერთონ პროცესში, რათა არ მოხდეს საზოგადოებრივი აზრის გამძაფრება. მათ უნდა დაარეგულირონ ეს მდგომარეობა. მან აღგვითქვა დახმარება და გვითხრა, რომ გაფართოებულ რეჟიმში ყურადღებას მიაქცევენ აღნიშნულ სიტუაციას", - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.