საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარნეულში 24 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა იძულებით გადაადგილებული პირთათვის კიდევ ერთი 24-ბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დაასრულა.
სამუშაოების საერთო ღირებულება 855821.76 ლარია. აღნიშნულ პროექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. პროექტის ფარგლებში 24 საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია მოხდა. აქედან 17 ერთოთახიანი და 7 ოროთახიანი მათ შორის, ერთი ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა სრულად ადაპტირებული.
პროექტის განმავლობაში მშენებლობაზე 30 ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც 5 იძულებით გადაადგილებული პირი იყო.
პროექტის ფარგლებში უკვე გაიხსნა რეაბილიტირებული შენობები ქუთაისში, წყალტუბოსა და ვანში. მარნეულის შემდეგ, დარჩენილი შენობების გახსნაც ეტაპობრივად მოხდება.