თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით დვალის „რუსთავი 2"-ის დროებით მმართველად დანიშვნის თაობაზე 5 ნოემბრის განჩინების გაუქმების პარალელურად, ტელეკომპანიის ყოფილ მენეჯმენტს უფლებამოსილება აღუდგა. ამის თაობაზე ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
„სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის და შპს „ტელეკომპანია საქართველოს" წარმომადგენლების საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე უფლებამოსილება აღუდგინა საწარმოს წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს - ყოფილ მენეჯმენტს", - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო, ერთი მხრივ, დვალისთვის დროებითი მმართველის უფლებამოსილების გაუქმებას, მეორე მხრივ კი, ჩამორთმეული უფლებამოსილების მენეჯმენტისთვის დროებითი აღდგენის საფუძვლად ტელეკომპანიაში მოსალოდნელი ვაკუუმის თავიდან აცილებას ასახელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების ნაწილი დავით დვალის დროებით მმართველად დანიშვნის თაობაზე გაუქმდა, ხოლო რევაზ საყევარიშვილის ნაწილში ძალაში დარჩა.
დროებითმა მმართველებმა - დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა სასამართლოში წარმოადგინეს თავიანთი პოზიცია, რომელშიც მიუთითებდნენ, რომ მათი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ დროებითი მმართველის მიერ თავისი ფუნქციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იქმნება ვაკუუმი შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის საქმიანობაში, რადგან წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება", - აღნიშნავენ საქალაქო სასამართლოში.