საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ცრუ, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი, კომისიის რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელების გამო „რუსთავი 2"-ის დაცვის საზოგადოებრივი საბჭოსგან ბოდიშის საჯაროდ მოხდას მოითხოვს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2015 წლის 9 ნოემბერს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის თაობაზე განცხადება გაავრცელა, რომლის მიზანი იყო ყველა მოდავე მხარის ყურადღება გაემახვილებინა შექმნილი ვითარების შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე. კომისიის განცხადებაში კერძოდ, აღნიშნული იყო: „კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების ირგვლივ შექმნილი ვითარება (როცა, ერთი მხრივ, სასამართლოს განჩინებით კომპანიის დირექტორსა და მისივე მინდობილობით მოქმედ ყველა პირს შეჩერებული აქვთ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ხოლო მეორე მხრივ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული დროებითი მმართველები არ ახორციელებენ წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს), კომისიის შეფასებით ქმნის რეალურ საფრთხეს შეფერხდეს, ან უფრო მეტი - შეჩერდეს მაუწყებლის ურთიერთობა მესამე პირებთან, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს მაუწყებლის ფუნქციონირების შეწყვეტა, მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. აქედან გამომდინარე, მივმართავთ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის მხარეებს მიიღონ ყველა ზომა იმ მიზნით, რომ სასამართლო პროცესის არცერთ ეტაპზე კომპანია არ დარჩეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ მართვის გარეშე, რათა თავიდან იქნას აცილებული მაუწყებლის საქმიანობის შეწყვეტა."
2015 წლის 11 ნოემბერს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის დაცვის საზოგადოებრივმა საბჭომ გაავრცელა ქიბარ ხალვაშისადმი მიმართვა, სადაც კომისიის ზემოაღნიშნულ განცხადებაზე დაყრდნობით შემდეგი ფრაზაა ჩამოყალიბებული: „მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ "რუსთავი 2" მენეჯმენტში შექმნილი ვაკუუმის თაობაზე გააფრთხილა და 15 ნოემბერს არხს გათიშვით დაემუქრა, ცხადი გახდა, რომ მენეჯმენტის გარეშე დარჩენილი კომპანია ვერ შეძლებს გადასახადების გადახდას. ასეთ ვითარებაში, პარალიზებულ ტელეკომპანიას მაუწყებლობის შეჩერება მოუწევს და იძულებული გახდება, დაარღვიოს კანონის მოთხოვნები."
მარეგულირებელი კომისიის განცხადება შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის დაცვის საზოგადოებრივი საბჭოს მიერ ისე დამახინჯდა, რომ შეუძლებელია ზემოთ მოყვანილ ორ ციტატას და მათ არსს შორის საერთოს პოვნა. სიცრუეა, რომ კომისია დაემუქრა „რუსთავი 2"-ს არხის გათიშვით. სიცრუეა, რომ კომისიამ არხის გათიშვა 15 ნოემბრისათვის განსაზღვრა, ისიც გადასახადების გადაუხდელობის გამო.
კომისიას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი საბჭოს განცხადების ზემოაღნიშნულ ფრაზაში არც ერთი სიტყვა არ შეესაბამება სინამდვილეს, ადგილი აქვს სიცრუის ტირაჟირებას, რომელსაც ერთი მხრივ, შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება კომისიის პოზიციასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ - ზიანს აყენებს კომისიის საქმიან რეპუტაციას და იმიჯს.
კომისია მიმართავს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის დაცვის საზოგადოებრივ საბჭოს საჯაროდ მოუხადოს ბოდიში კომისიას და საზოგადოებას არასწორი, ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო.