შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს და გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თემურ ხ, 1988 წელს დაბადებული რეზო ხ, 1981 წელს დაბადეული ვაჟა ხ. და 1981 წელს დაბადებული მანუჩარ თ. ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, თემურ ხ-მ ქობულეთში მცხოვრები, 1981 წელს დაბადებული ანეტა გ. სამსახურიდან იარაღის მუქარით, იძულებით გამოიყვანა, რის შემდეგაც თანამზრახველებთან ერთად მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. ბრალდებულებმა რეზო ხ-ს კუთვნილი ავტომანქანით ანეტა გ. ოზურგეთში ერთ-ერთი ნაცნობის სახლში წაიყვანეს, სადაც მას თავისუფლად გადაადგილების საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში ოზურგეთში დააკავეს, თემურ ხ-ს და რეზო ხ-ს პირადი ჩხრეკისას ორი ცეცხლსასროლი იარაღი, 11 ვაზნა და 2 მჭიდი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ნარკოლოგიური ექსპერტიზით, მანუჩარ თ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, ხოლო თემურ ხ-ს და რეზო ხ-ს მიმართ ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის 2-ე და 3 ნაწილებით).