„ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, მოსამართლე ურთმელიძემ ნიკა გვარამიასთან მიმართებაში თავისივე გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, რაც, მისი აზრით, მოსამართლეზე განხორციელებული ზეწოლის შედეგია.
„გადაწყვეტილება, რომელიც ურთმელიძემ მიიღო, იყო ზეწოლის შედეგი. ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ ნიკა გვარამიასთვის შეეჩერებინა მმართველობის უფლება და რამდენიმე დღეში შეერთებული შტატების ელჩის და მარიონეტული პოლიტიკური სპექტრის განცხადებების და მუქარის ფონზე, თავისივე გადაწყვეტილება გააუქმა. ამაზე მეტი კომიკური სიტუაცია რა შეიძლება იყოს. ნიკა გვარამიამ დაამარცხა სახელმწიფო და გვარამიას რომ სახელმწიფოს და საკუთარ ხალხს დაამარცხებინებ, ეს უთავმოყვარეობის და უპრინციპობის მაჩვენებელია", - განუცხადა „რეპორტიორს" ბაღათურიამ.
მისი თქმით, დღეს სასამართლოში მიმდინარეობს ქონებრივი დავა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მფლობელობაზე მიხეილ სააკაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის. „ამ ქონებრივ დავაში სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს ღიად, აშკარად მიმდინარეობს ჩარევა ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნიდანაც. გამორჩეული ფიგურა გამოიკვეთა აშშ-ის ელჩის სახით, რომელიც აკეთებს დიპლომატისთვის სრულიად შეუფერებელ განცხადებებს. ეს უფრო ზედამხედველის განცხადებებს ჰგავს, ვიდრე დიპლომატის, რომელსაც მართებს მეტი ტაქტი და მეტი პასტივისცემა სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიმართ. აშშ-ის ელჩს აყოლილები არიან ქართველი მაღლჩინოსნები, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, საპარლამენტო ფრაქციები, „ნაციონალები", „რესპუბლიკელები" და „თავისუფალი დემოკრატები". სანამ თავად არ ვცემთ პატივს ჩვენსავე სუვერენიტეტს, მანამდე არც აშშ-ის ელჩი და არც მოზამბიკის ელჩი პატივს არ გვცემს", - განაცხადა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, თუ საქართველოს შიდა საქმეებში საერთაშორისო ძალების მხრიდან ჩარევა და ზეწოლა გაგრძელდა, არაა გამორიცხული, საპროტესტო აქციები დაიწყოს.
„თუ დავინახეთ, რომ საქართველოს სუვერენიტეტის შელახვა გრძელდება, იძულებული ვიქნებით, მივმართოთ ხალხს, რომ დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი. არ გამოვრიცხავ, მოვუწოდოთ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ", - აღნიშნა ბაღათურიამ.