უამინდობის გამო პრობლემები შეიქმნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში.
დაზიანდა სასოფლო შიდა გზები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაფიქსირდა მეწყერის ერთი შემთხვევა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ყველა პრობლემურ ლოკაციაზე დილიდან იმყოფება.
სოფელ სილაურში ადიდებულმა მდინარემ საკარმიდამო ნაკვეთი და თხილის ნარგავები წაიღო.
იგივე პრობლემა შეექმნა სოფელ ჯუმათში მცხოვრებ ერთ ოჯახს. უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა სოფელ კონჭკათში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მდგომარეობა ადგილზე სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან გელა აროშიძესთან ერთად შეისწავლა და ოჯახი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყო. მერაბ ჭანუყვაძე დღეს სოფელ ლიხაურში ე.წ. საყვავილის ბინის მაცხოვრებლებსაც შეხვდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამორტიზებული სახურავების გამო წყალი სახლებში ჩასდით. აგილზე მიტიანილია თუნუქის მასალა და გადახურვითი სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება.
მეწყრული პროცესების გამო დაზიანებულია სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზა სოფელ შრომაში.
„უამინდობის გამო რამდენიმე სოფელში პრობლემებია, ძირითადად დაზიანდა სავალი გზები, საკარმიდამო ნაკვეთები და მრავალბინიანი კორპუსების სახურავები. შესაბამისი სამსახურები ადგილზე სწავლობენ სიტუაციას, ითვლიან ზარალს და დაზარალებულებს საჭიროების მიხედვით ეხმარებიან. სოფელ კონჭკათში იყო მეწყერის შემთხვევა, საიდანაც ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადავიყვანეთ", - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ. პრობლემურ ლოკაციებზე მუნიციპალური ტექნიკა სანიაღვრე არხებს აწესრიგებს.