ერთ- ერთი ქალბატონი, რომელიც სროლების დროს რესტორანში იმყოფებოდა, თავდასხმის მომენტს იხსენებს.
"რესტორანში იყო ძალიან კარგი სიტუაცია, იყო მუსიკა და ძალიან ბევრი ხალხი , დაახლოებით 60 ადამიანი ან უფრო მეტი. უცებ გაისმა სროლის ხმა. ვხედავდი როგორ ეცემოდნენ ადამიანები ძირს, ზოგი ტიროდა, ზოგი შეუძლოდ იყო, საშინელება ხდებოდა", - ავრცელებს „ინტერპრესნიუსი""ბი-ბი-სი"-ზე დაყრდნობით.
სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტერაქტების სერიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 60-მდე გაიზარდა. პარიზში ტერორისტული აქტები დღეს იმ დროს განხორციელდა, როდესაც საფრანგეთ-გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ესწრებოდა. ერთ-ერთი აფეთქება სწორედ სტადიონის მახლობლად მოხდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ოლანდმა განცხადება სატელვიზიო გამოსვლისას ცოტა ხნის წინ გააკეთა. მანვე ფრანგ ხალხს სოლიდარობისა და სამძიმრის სიტყვებით მიმართა.
ამასთან, როგორც ოლანდმა აღნიშნა, მომხდარი ტერაქტების გამო, ქვეყნის საზღვრები უკვე ჩაიკეტა.