არასოდეს ავადმყოფობდა...
პირველად გულის შეტევა მაშინ დაეწყო, როდესაც თავისი შვილშვილის, 10 წლის სალომეს გატაცების შესახებ ინფორმაცია ტელე-ეკრანიდან შეიტყო...
საავადმყოფოდან რამდენიმე დღის გამოსული იყო...
სახლში დაბრუნებულმა თვითმფრინავის ბილეთები მაგიდაზე დავყარე და გვერდით ჩამოვუჯექი...
ორივეს გაგვიჭირდა საუბრის დაწყება...
- გადაწყვიტე? - მკითხა დიდხნის დუმილის შემდეგ და თითქოს აუტანელი სამარისებური მყუდროება ამ კითხვამ შთანთქა.
- ჰო... - ვუპსუხე და მხარზე ხელი გადავხვიე - უნდა მაპატიოთ მამა.
- ნუ ნაღვლობ. მე მიმავალი ვარ. არ მინდა ყოველ დღე გიყურებდე და უბედურების მოლდინში მთელი სხეული მიცახცახებდეს. სჯობია ვერ გხედავდეთ და ვიცოდე, რომ საფრთხეს გაცილებული ხართ შვილო...
ერთი სათხოვარი მაქვს: სალომე ჯერ პატრაა, ვიცი ეს შიში და ნერვიულობა მის გონებას დაღად დააჩნდება. მას ახლა, მხოლოდ ის ვიღაც გარეწერები კი არა, მთელი საქართველო მტერი ჰგონია... შენ არ უნდა გაგიჭირდეს ეტაპობრივად მისი სულიერი სამყაროს ფორმირება ისე, რომ სამშობლო არ შესძულდეს და არ დაკარგოს...
- ნუ ნაღვლობ. ხომ მენდობი?
- გენდობი... გენდობი და ამის იმედად ვრჩები... ვინ იცის, იქნებ ცოცახალს ვეღარც მომისწროს, მაგრამ იმის ღირსი მაინც გამხადე, ჩემს საფლავზე სანთელი, რომ აანთოს...
- რას ამბობ მამა? სამუდამოდ კი არ გტოვებთ, როგორც კი ყველაფერი გაირკვევა ჩვენ დავბრუნდებით.
- ზაირა, მომაწოდე ბილეთები ქალო - უთხრა დედაჩემს და რამდენიმე წუთი მზერა გაეყინა - რა რიცხვშია გაფერნის თარიღი?
- 24 დეკემბერს.
- დაბრუნების?
- ...
- კაცი, როდესაც ბილეთს ერთი მიმართულებით ყიდულობს, თავადაც არ იცის უკან როდის დაბრუნდება...
- ჰო, არ ვიცი... როცა იქნება...
- ჰოდა, როცა იქნება, შეიძლება მე მაშინ უკვე, აღარ ვიყო შვილო...
***
გამთენიისას, დილის 5 საათზე, მძინარე სალომე, როგორც ჯალათმა ისე ავგლიჯე მამაჩემს მკერდიდან და მისი გული შორს, უცხო ქვეყანაში ჩემს შვილთან ერთად წამოვიყოლე...
10 წელი გაჰყურებდა გზას, გზას, რომელსაც ჩვენი დაბრუნების მოლოდინი ერქვა...
მერე დრო-დარო დაეღალა თვალები...
დაეღალა და დაბრმავდა...
***
დილით, მისაღებში მყოფ მოქალაეებს ბოდიში მოვუხადე. დღეს მიღება არ მექნება-მეთქი ვუთხარი და მძიმედ გავაღე კაბინეტის კარი...
სააგენტოში დავრეკე.
- ერთი ბილეთი, უახლოეს რეისზე თუ შეიძლება...
- ქვეყანა?
- საქათველო...
- ორივე მიმართულება?
- არა, ერთი...
დავჯავშნე ბილეთ და ისევ ტელეფონს დავწვდი... ჯერ დედაჩემის ნომერი ავკრიფე. არ მიპასუხა. შემდეგ ჩემი ძმის მობილურმა გამიბა ხანგრძლივი ზუმერი...
- მამა! - გიჟივით ვიყვირე და ფეხზე წამოვვარდი
- რა მოხდა? - ფერდაკარგული შემოვარდა კაბინეტში მდივანი.
- მამა... მამა აღარა მყავს - ვუპასუხე და ხარივით ავბღავლდი.
რამდენიმე წუთის შემდეგ ძმამ დამირეკა...
- ნუგზარ ...
- ვიცი...
- საიდან?
- ჩემთან იყო... დამემშვიდობა...
***
მესამე დღეს, მის გაყინულ ცხედარს მკერდზე ვიხუტებდი...
იმ გულის დაბრუნება მინდოდა 10 წლის წინ, რომ წავართვი.
პ.ს. დღეს შენი დაბადების დღეა მამა. ნეტავ თუ მაპატიე ეს სისატიკე?
ავტორი: ნუგზარ სულაშვილი