„ბიბისის" ცნობით, პარიზში განხორციელებული ტერაქტების ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელსაც სირიის მოქალაქის პასპორტი ჰქონდა, საფრანგეთში საბერძნეთის გავლით ჩავიდა.
როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა ნიკოს ტოსკასმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, სირიის მოქალაქემ რეგისტრაცია ოქტომბრის დასაწყისში, ლეროსის კუნძულზე გაიარა.
ფრანგული მხარის ცნობით, ერთ-ერთი ტერორისტი საფრანგეთის მოქალაქე იყო, ის ფრანგული სპეცსამსახურებისთვის, ისლამისტებთან კავშირების გამო იყო ცნობილი.
გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ტერაქტების ერთ-ერთი შემსრულებლის ცხედრის შემოწმებისას, ეგვიპტის მოქალაქის პასპორტი აღმოაჩინეს.
ფრანგული მედია იტყობინება, რომ სტადიონ "სტად დე ფრანსთან" ტერორისტები ბელგიის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილით მივიდნენ. ფრანგი სამართალდამცველები ამჟამად შეატ-ის მარკის შავ ავტომობილს ეძებენ.
პარიზში განხორციელებული ტერაქტების გამო ბრუსელის გარეუბნებში რეიდები ჩატარდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ფრანგული მედია ასევე იტყობინება, რომ ერთ-ერთი ტერორისტი სავარაუდოდ, ქალი იყო.
ბოლო მონაცემებით, პარიზში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 127 ადამიანი დაიღუპა. პასუხისმგებლობა თავდასხმებზე დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.