„BBC"-ს ინფორმაციით, პარიზში მომხდარი ტერაქტების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა. საფრანგეთის პოლიციამ მომხდარ თავდასხმებთან კავშირში მყოფი პირების სია გამოაქვეყნა.
ძებნაში იმყოფება ბრიუსელში დაბადებული 26 წლის სალაჰ აბდესლამი. გამოძიების ინფორმაციით, ის ერთ-ერთი ტერორისტის ძმა არის, რომელმაც 13 ნოემბერს პარიზში თავი აიფეთქა.
ფრანგი სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ სალაჰ აბდესლამი, სავარაუდოდ, ერთადერთი გადარჩენილი თავდამსხმელია, რომელმაც მიმალვა შეძლო. პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ეჭვმიტანილი შეიარაღებული და საზოგადოებისთვის საშიშია.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პარიზში მომხდარი ტერაქტები ბელგიაში მყოფი ჯგუფის მიერ მზადდებოდა, რომელსაც თანამზრახველები საფრანგეთში ჰყავდა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ევროპულ ქვეყნებს შორის, „ისლამურ სახელმწიფოს" რაოდენობრივად ყველაზე მეტი მხარდამჭერი ბელგიიდან შეუერთდა. ტერაქტებთან დაკავშირებით საკუთარ გამოძიებას ბელგიაც ატარებს.
სალაჰ აბდესლამის გარდა, საგამოძიებო ორგანო ამ პირებს ასახელებს:
ბრუსელის მკვიდრი მუჰამედ აბდესლამი, რომელიც ბელგიაში დააკავეს, 31 წლის ბრაჰიმ აბდესლამი და 20 წლის ბილალ ჰადფი, რომლებიც თავდასხმების დროს დაიღუპნენ, ასევე პარიზის მკვიდრი 29 წლის ისმაილ ომარ მოსტეფა, რომელიც „ბატაკლანის" საკონცერტო დარბაზზე თავდასხმისას დაიღუპა. საფრანგეთის ქალაქ კურკორონის მკვიდრი ომარ მოსტეფა, ბოლო წლებში მეჩეთში ხშირად დადიოდა. პარიზის პროკურორის ფრანსუა მოლენის ინფორმაციით, 2004-2006 წლებში მოსტეფამ რამდენიმე დანაშაული ჩაიდინა, რის გამოც პოლიცია მისი პიროვნებით დაინტერესდა. გარდა ამისა, ფრანგული სპეცსამსარები მისი რადიკალური მოსაზრებების შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ. გამოძიება მიიჩნევს, რომ ომარ მოსტეფამ რადიკალური ისლამის მომხრე 2010 წელს გახდა და სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სირიაშიც იმყოფებოდა. ფრანგულმა პოლიციამ უკვე დააკავა ომარ მოსტეფას მამა და ძმა და მათ სახლში ჩხრეკა ჩაატარა.
გარდა ამისა, „სტად დე ფრანსთან", სადაც სამმა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი, სამართალდამცველებმა სირიის მოქალაქის პასპორტი აღმოაჩინეს. მოგვიანებით, საბერძნეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ დოკუმენტის მფლობელი ევროკავშირის ტერიტორიაზე კუნძულ ლეროსის გავლით ჩავიდა, სადაც სასაზღვრო კონტროლი 3 ოქტომბერს გაიარა. „სტად დე ფრანსთან" ნაპოვნია ეგვიპტის მოქალაქის პასპორტიც, თუმცა, როგორც საფრანგეთში ეგვიპტის ელჩმა განაცხადა, დოკუმენტი თავდასხმის დროს დაღუპულ უდანაშაულო ადამიანს ეკუთვნის.
პარიზის პროკურორის ფრანსუა მოლენის ინფორმაციით, თავდასხმები სავარაუდოდ სამმა ჯგუფმა განახორციელა, რომელიც ერთმანეთთან კოორდინირებულად მოქმედებდა. ყველა მათგანს ერთნაირი ე.წ. შაჰიდის ქამრები და ავტომატები ჰქონდათ.