reportiori.ge - მხატვარი გიორგი მახარაშვილი: გამოფენა ადამიანის დაბადებას ჰგავს, უკვე ხალხისთვის იბადები... (ფოტორეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:23
ინტერვიუ
მხატვარი გიორგი მახარაშვილი: გამოფენა ადამიანის დაბადებას ჰგავს, უკვე ხალხისთვის იბადები... (ფოტორეპორტაჟი)
16 ნოემბერი, 2015. 15:01

 

 

„დინება"

 

 

მისი ყოველი ნახატი საშუალებას გაძლევს, შენეულად აღიქვა შინაარსი, იპოვო კავშირი საკუთარ შინაგან სამყაროსთან... ის ასახავს ადამიანს, როგორც ფანტომს, არაკონკრეტულ სახებას... მის შემოქმედებაში ხაზგასასმელია ადამიანის პიროვნულობა სხვადასხვა მდგომარეობაში... როგორც თავად ამბობს, ამით სურს, საკუთარი ხედვით, ადამიანში მიმდინარე მისტიკური და სულიერი დინამიკა ასახოს, ყოველი პროცესი, რომელიც ადამიანის თვალთახედვის მიღმა მიმდინარეობს... ალბათ, სწორედ ესაა მისი შემოქმედების სიძლიერე, რაც ნამუშევრებში მკაფიოდ შესამჩნევია... მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის ხატვის ლექტორი გიორგი მახარაშვილი, „რეპორტიორს" საკუთარ შემოქმედებაზე უამბობს...


- ბავშვობიდან ყოველთვის რაღაცას ვხატავდი. სკოლაში, გაკვეთილებზე, უკანა მერხზე ვიჯექი, ყურადღება სულ ხატვაზე მქონდა გადატანილი, ამის გამო მასწავლებლები ხშირად მეჩხუბებოდნენ კიდეც... მამაჩემიც ახლოს არის ხატვასთან... რაც დრო გადიოდა, ხატვის სურვილი უფრო მიღრმავდებოდა.


სამხატვრო აკადემიაში ჩავაბერე, საკმაოდ წარმატებით... თავდაპირველად, მინის მხატვრული დამუშავების განხრით ვსწავლობდი და ბაკალავრის სტატუსიც ამ განხრით ავიღე. ხოლო მაგისტრატურაზე სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი ავირჩიე, აკადემიური ხარისხი ხატვის სპეციალობით მაქვს.

 

 

- მინის ხელოვნებამ რით დაგაინტერესათ?

 

 

 

 

- მინაში საინტერესო რაღაცეებს მივაგენი. იმ პერიოდში ვიტრაჟი მაინტერესებდა, თუნდაც ფერების ნათება... მინა საკმაოდ სპეციფიკური და საინტერესო მასალაა, კონკრეტული რაღაცების კეთების საშუალებას გაძლევს, ფაქტობრივად, ჩარჩოში გაქცევს.





ზოგადად მინის ნამუშევრები, თუნდაც არქიტექტურაში საკმაოდ ეფექტური და საინტერესოა. ვფიქრობ, ამ ორ მიმდინარეობას გარკვეული შერწყმა გავუკეთო, მინის სინთეზი მხატვრობასთანაც მოვახდინო...

 

 



- მხატვრობაზე გვესაუბრეთ...


- მხატვრობა ამოუწურავი თემაა... იდეების განხორციელებაში დამეხმარა... სამყაროსადმი გამძაფრებული აღქმის შეგრძნება... ადამიანს ზოგადად სათქმელი და იდეა ყოველთვის ბევრი აქვს, ჩემი სათქმელიც ნელ-ნელა მხატვრობით გამოვხატე. ხელოვნებაში სრული თავისუფლება ვნახე... აზრის ერთ ვიზუალობაში გამოხატვა შევძელი...

 

 

 

„უცნობი მეფე"

 

 

- გამოფენებზე გვიამბეთ...


- გამოფენებთან დაკავშირებით ყოველთვის ფრთხილი დამოკიდებულება მქონდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, გამოფენაზე გატანილი ნამუშევრებით საზოგადოებას კარგად წარმოვუჩინო ის, რისი თქმაც მსურს.


გამოფენა დაბადების დღეს ჰგავს, ადამიანის დაბადებას... განსაკუთრებით პირველი გამოფენა, რადგან ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, უკვე ხალხისთვის იბადები...

 

 

 

 

- პირველი (ჯგუფური) გამოფენა გალერეა „ვერნისაჟში" მქონდა... მაგისტრატურაზე ვსწავლობდი. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ თოჯინების თეატრში პერსონალური გამოფენა მოვაწყვე, ორმოცამდე ნამუშევარს „მეტამორფოზები" დავარქვი.

 

 

 

 

- გამოფენამდე მუშაობის პროცესია საინტერესო, რადგან როგორც მუსიკოსს, ერთიანი ალბომივით გამოგაქვს ნამუშევრები.

 

 

 

„გზაჯვარედინი"

 

 


„წყნარი ქაოსი"

 

 

- მისტიკა მიზიდავს... უცნაურში და საიდუმლოში დიდი აზრი იმალება... შეიძლება, პატარა ნაგლეჯს გაძლევდეს, თუმცა კიდევ მეტის გაგების სურვილი გიჩნდება... მაგალითად, როგორც ნისლი, რომელიც ძალიან მომწონს, ის შეიძლება, რაღაც მომენტში ძალიან ახლოსაა შენთან, მაგრამ სანამ არ გაივლი, ვერ გაიგებ, იმის იქით რა ხდება... ნახატებშიც ასეა, გამოვხატავ მისტიკურად... მომწონს, როდესაც საკუთარ თავს კითხვებს ვუსვამ პასუხის შემდეგ ახალი კითხვა ჩნდება... ჩემს ნამუშევრებშიც ასეა...

 

 

 

 

- მინდა, ადამიანში გაგრძელდეს ნამუშევრის იდეა... და შინაარსი თავისეული აღქმით დაასრულოს...


ტილოსთან მუშაობისას საკუთარ თავში აღმოჩენებს ვაკეთებ. ხშირად მხატვრები შორიდან აკვირდებიან ცხოვრებას, რადგან ასე უფრო კარგად შეიძლება დაინახო, შიგნით რა ხდება... ხშირად იმდენად ახლოს ხარ რაღაც მომენტთან, რომ მთლიან ნახატსაც ვერ ამჩნევ...


ეს ყველაფერი, თუნდაც რაღაცების გაიგივება ერთმანეთთან, შინაგანი ურთიერთდაპირისპირებები ცხოვრებაში წამადგა... განვითარება მომცა, არამარტო მხატვრობაში, ჩემს თავშიც ბევრი რამ დაალაგა... გამოფენამდე ვამჩნევდი, თუ როგორ მივდიოდი ერთ კონცეფციამდე... პერსონალურ გამოფენაზეც სწორედ ეს იყო მთავარი, ერთი შინაარსის მქონე, ერთ კონცეფციაზე აგებული ნამუშევარი... სადაც ადამიანის შინაგანი პიროვნული ფენების, მძაფრი სხვადასხვა შეგრძნებების, მდგომარეობის გარდასახვისა და გარდაქმნის უნარი გამომეხატა... ადამიანს გამოფენაზე შესვლისას მინდა ერთი კონკრეტული შეგრძნება დაებადოს... მართალია, თითოეული ნამუშევრიდან სხვადასხვა ემოცია წამოვა, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი ერთიანობაშია მოქცეული...

 

 

- ჰოლანდიაში სამი თვე ცხოვრობდით და ნამუშევრებსაც გამოფენისთვის იქ ქმნიდით...

 

 

 

 

- საქართველოში მყავს ხელოვნების წარმომადგენელი მარია შირშოვა. სწორედ მან იპოვა პროგრამა, რომლითაც შემეძლო, ჰოლანდიაში წავსულიყავი და ჩემი პერსონალური გამოფენაც მომეწყო. ჩრდილოეთ ჰოლანდიაში, პატარა ქალაქში დენ-ჰელდერში სამი თვე ვცხოვრობდი... სწორედ იქ ვქმნიდი ჩემს ნამუშევრებს...ეს ძალიან მშვიდი და წყნარი ადგილია... დავდიოდი და სხვადასხვა ადგილებს ვათვალიერებდი.


 

 

- ყველაზე დიდ დროს სანაპიროზე ვატარებდი, სადაც განსაკუთრებული იდუმალება იყო, ხალხს ვესაუბრებოდი, მათგანაც ბევრ ინფრომაციას ვიღებდი... მინდოდა, ინსპირაცია სწორედ იქაური გარემოსგან წამოსულიყო... ეს სიმშვიდეც ნახატებში გადმომეცა. კონცეფციაც სწორედ სიჩუმესა და სიმშვიდეზე ავაგე. გამოფენას „სიჩუმე" დავარქვი.

 

 





პირველ სართულზე გალერეა იყო, მეორეზე მე ვცხოვრობდი.. ადამიანებს შეეძლოთ მოსულიყვნენ და მუშაობის პროცესისთვის ეყურებინათ. რამდენიმე გაზეთშიც დაბეჭდეს ჩემს შესახებ: „საქართველოდან ჩამოსული ნიჭიერი მხატვარი" - მსგავსი სათაურებით...


გარდა ამისა, ვმონაწილეობდი საქველმოქმედო პროექტში, შემომთავაზეს და სიამოვნებით დავთანხმდი, ვასწავლიდი ხატვას. ვისაც დეპრესია, სუიციდისკენ მიდრეკილება ჰქონდა და ა.შ... ეს პროგრამა მათ გარკვეულწილად დაეხმარა... ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო ამ პროგრამაში ჩართვა.

 

 

- ამ გამოფენაზე ყველაზე დასამახსოვრებელი რა იყო თქვენთვის, რომელმაც თქვენზე ემოციურად და მძაფრად იმოქმედა?

 

 

- ყოველი დღე სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იყო, თუმცა ერთს გავიხსნებ... ერთი მოხუცი ქალბატონი ერთ-ერთ ჩემს ნამუშევართან იდგა და საკმაოდ დიდი ხანი აკვირდებოდა, შემდეგ მოიწყინა... ჩემი ყურადღება ამან მიიქცია... დავინტერესდი. როცა გამოველაპარაკე, მითხრა, ძველი ჰოლანდიური ისტორია გამახსენა ამ ნახატმაო... ქალი, რომელმაც ბავშვი ზღვაში დაკარგა და თურმე სულ ზღვასთან იდგა, ეძებდა და ელოდა თავის შვილს... ეს ისტორია თავისთავად ამაღელვებელია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ვიღაცას ჩემმა ნახატმა სწორედ იქაური ისტორია გაახსენა, სიმბოლურიც კი იყო... თვითონ ამ ქალის შვილი კი, სხვა კუნძულზე ცხოვრობდა, მათი გზის გამყოფი ზღვა იყო, რატომ-არ ვიცი, მაგრამ რაღაც მიზეზით ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონდათ, ალბათ, იმ ქალმა საკუთარი ისტორიაც დაინახა ამ ნახატში... ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა...

 



„დავიწყებული ისტორია"


 

- ასევე საკმაოდ წარმატებულ საერთაშორისო მულტიმედიურ პროექტში „Amnezia" მოხვდა თქვენი ნახატები...


- უკრაინიდან პროექტ „ამენზიას" კურატორი ალექსანდრე მიხედი დამიკავშირდა, რომელმაც შემომთავაზა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება, მითხრა, რომ მსგავსი პროექტი, სადაც წიგნისა და მხატვრობის ურთიერთშერწყმა ხდება, აქამდე არ ყოფილა. პროექტის პირობები და იდეა ძალიან მომეწონა, რადგან ნაწარმოები ჩემეული ინტერპრეტაციების გაკეთების საშუალებას მაძლევდა და დავთანხმდი. შევასრულე ორი ნამუშევარი თემაზე - „ამნეზია".




პროექტი საერთაშორისო იყო, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ქალაქებიდან დიდი გამოხამურება მოჰყვა. აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის ფარგლებში გაიმართა ნამუშევრების გამოფენა. პროექტმა ბერლინშიც გადაინაცვლა.

 

 

„все частище пишу слово Бог, iз средньоi литери ... სულ უფრო და უფრო ხშირად ვწერ სიტყვას (ღმერთი) პატარა ასოთი..."- ეს იყო ჩემი ინსპირაციების მთავარი თემა.

 



- 2011 წლიდან დღემდე სამხატვრო აკადემიის ხატვის ლექტორი ხართ, ამ სფეროში თქვენს მოღვაწეობაზე რომ გვიამბოთ...

 

- თავდაპირველად ზოგიერთ სტუდენტს არ სჯეროდა, ლექტორი რომ ვიყავი, უფრო ასაკოვანს ელოდნენ ალბათ... შემდეგ უკვე მიჯერებდნენ და მომყვებოდნენ... თან მეც ახალი დამთავრებული მქონდა და ვიცოდი, ჩემს ახსნილს რას და როგორ უფრო გაიგებდნენ. ზოგადად სტუდენტს არ უნდა დააკარგინო ის შტრიხი, რომელიც მას აქვს... თუმცა ეტაპობრივად ბიძგები, ინფორმაციები უნდა მისცე... ყველა სტუდენტი ინდივიდუალურია, თითოეულს თავისებური მიდგომა სჭირდება, კარგად უნდა გაიცნო... ამ მხრივაც საჭიროა მუშაობა. ლექციის დასრულების შემდეგ, არ ხდება ისე, რომ არ მანაღვლებდეს, ჩემი სტუდენტი რას აკეთებს, პირიქით, მაინტერესებს, სხვა ტექნიკურ საგნებში, თუნდაც ფერწერაში, ქანადაკებაში და ზოგადად... ჩემთვის ქულებზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ მიიწევს წინ... მინდა, რომ წინსვლა და განვითარება ჰქონდეთ... მათგან მეც ბევრი რამ ვისწავლე...

 

 

- „მხატვარი, როგორც წესი, არ ამბობს, ის გაჩვენებს" - ნათქვამი გაქვთ, გვითხარით,  რის წარმოჩენას ცდილობთ თქვენივე შემოქმედებით?

 

 

 

„მეტყველება"

 

 

- არ მიყვარს, როდესაც ნახატებში ამბის თხრობაა, ვფიქრობ, ეს უფრო მწერლის საქმეა... ნახატებში ერთიანი ფრაგმენტი, ის ერთი კონკრეტული უნდა იყოს, რაც მრავალმხრივ აღქმის და შენეული ვერსიების შექმნის საშუალებას გაძლევს... მაგალითად, კონკრეტულ პორტრეტში, ფანტომში, იდოს შინაგანი პროცესი, ის რიტმი, რომელშიც ისაა ჩაძირული... თუნდაც ტკივილი... ბევრი განცდა... სხვადასხვა ემოცია...რითაც ადამიანმა საკუთარი თავიც შეიძლება დაინახოს. ბევრ ხალხში, სადაც ქაოსია, იქ შეგიძლია მხოლოდ ერთი რამ დაინახო, რაც აუცილებლად უნდა გამოხატო, ამ შემთხვევაში მხატვრობით... სათქმელსაც ალბათ, ასე გამოვხატავ...

 

 


 „თქვი"



- ულტრაიისფერი უხილავი საღებავებითაც არაჩვეულებრივი ნამუშევარი შექმენით...

 

 

 

- ეს იყო შეკვეთა, ჩემთვის ერთგვარი ექსპერიმენტი... კონკრეტული ოთახის კედლები მოვხატე, კედელზე ბევრჯერ დამიხატავს, ზოგადად კედელთან მუშაობა, დიდ სიბრტყეზე, ძალიან შთამბეჭდავია... ასევე საინტერესო იყო ამ საღებავებთან მუშაობა... ამასთან სასაცილო იყო, ერთ დილითაც დასახატად მისულმა, ვერაფერი დავინახე, რადგან არ ჩანდა, ამიტომ მუშაობა ღამით მომიწია...


 

 

- ნამუშევარი, რომელიც ყველაზე ახლოსაა თქვენს შინაგან სამყაროსთან...

 

- მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნამუშევარში ჩემს თავსაც გამოვხატავ, ერთს მაინც გამოვარჩევდი... „ქალაქში" ასე ჰქვია ნახატს... ზოგადად, მიყვარს ქალაქში სეირნობა, სიარულის დროს ჩნდება იდეები... თითქოს უკეთაც ფიქრობ... ამ ნახატშიც ფაქტობრივად ადამიანი იმ გარემოში იღვენთება, იფანტება... თითქოს იმ ადგილას ხარ, თან არ ხარ... ალბათ, ეს ნახატი ჩემთან ყველაზე ახლოსაა...


 

„ქალაქში"

 

 

- შინაგანი გრძნობების ფერებთან ასოცირებას თუ ახდენთ?


- დიახ, თუმცა ყოველდღე სხვადასხვანაირად არის... გააჩნია მდგომარეობას...ყოველდღე სხვა ფერები აქვს ჩენს შინაგან ემოციას, გრძნობებსა და განწყობას...

 

 

 

- თუ თვლით, რომ ხელოვან ადამიანს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა და მოვალეობა აკისრია?

 

- ალბათ, საზოგადოებასთან არა... ვფიქრობ, ეს უფრო სურვილი უნდა იყოს. ვთვლი, რომ ვალდებულება სამყაროსთან აქვს... გასცეს ის ხელოვნება, რაც მასშია, განავითაროს, იფიქროს და გაშალოს..







"უდაბნო"

 

 

„ნიშნები"

 

 


 

 

„მევიოლინე"

 

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016