საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ტერორიზმის საფრთხეებსა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე „რეპორტიორს" ესაუბრა:
- მთელი მსოფლიო შეძრულია იმ ტერაქტების სერიის გამო, რომელიც საფრანგეთში მოხდა. საფრანგეთის მთავრობა პირდაპირ აცხადებს, რომ ეს არის არა ცალკეული ტერაქტი, არამედ პირდაპირი ომი. ეს არის ტერორისტული სახელმწიფო და საერთო საზოგადოებრივი განწყობაა დღეს, რომ ამ „სახელმწიფოს" შეეზღუდოს ყოველგვარი შესაძლებლობა, რომ ვეღარ განახორციელოს მსგავსი ქმედებები. გატარდება სამხედრო ღონისძიებები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ამ ძალების ნეიტრალიზება. გარკვეული თვალსაზრისით, ეს მოითხოვს იმ პოლიტიკის კორექტირებას, რომელიც წამყვანი ქვეყნების მიერ ტარდებოდა რეგიონში. მდგომარეობა რთულია, მაგრამ ყველა შემთხვევაში ძალიან სერიოზული გააზრება, ანალიზი და სწრაფი მოქმედება სჭირდება. ცხადია, რომ ეს არის არა რელიგიის, არამედ ტერორიზმის პრობლემა, ეს არის დამნაშავეების პრობლემა. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ამას კავშირი აქვს საერთო პოლიტიკურ მიმართულებებთან, გეოპოლიტიკასთან და სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკასთან.
- რამდენად დგას მსოფლიოსა და მათ შორის საქართველოს წინაშე, ტერორიზმთან მიმართებაში, მიგრანტების პრობლემა?
- აქტუალური საკითხია მიგრანტების გადაადგილების შეზღუდვა, საზღვრების გამკაცრება და ა.შ. ცხადია, ყველა შემთხვევაში უსაფრთხოების ზომები უნდა იქნას მიღებული, მაგრამ გლობალურ სამყაროში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა ფუნდამენტურად ვერ შეიცვლება.
სოციალური მდგომარეობა და უმუშევრობის დონე არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დიდი მიგრაციებისა. ეს არ არის მხოლოდ უსაფრთხოების პრობლემა. ეს არის სოციალური უსაფრთხოების პრობლემაც. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. სამწუხაროდ, ჩვენში ამას უფრო მარტივად უყურებენ და მიაჩნიათ, რომ თუ სასაზღვრო პოლიტიკას გაამკაცრებ, ეს საკითხი გადაწყდება. საკითხის გადაწყვეტა სასაზღვრო პოლიტიკის გამკაცრებით ვერ მოხდება.
- რა ზომებს უნდა მიმართოს საქართველოს ხელისუფლებამ ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით და არსებობს თუ არა რეალური საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის?
- ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, უსაფრთხოების ზომებს გაატარებს. რამდენადაც ვიცი, განსაკუთრებული ზომების გატარების შესახებ გადაწყვეტილება შესაბამის სამსახურებს უკვე მიღებული აქვთ. რაც შეეხება ტერაქტების სავარაუდო მიზანს, ვფიქრობ, რომ დღეის ვითარებით, საქართველოს საკითხი აქტუალური არაა.
რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები მაინც გასატარებელია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსახლეობაც გაკონტროლდეს. საკმაო ადამიანია წასული ჩვენგან და შეერთებულია „ისლამურ სახელმწიფოსთან".
- იმოქმედებს თუ არა მიმდინარე მოვლენები ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე?
- იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე ეს ყველაფერი არ აისახება. თუმცა, უსაფრთხოების და საზღვრების გადაკეტვის საერთო ზომები თუ გამკაცრდება, ეს ვიზა-ლიბერალიზაციას ალბათ შეეხება. თუმცა, ჩემი აზრით, ამან არ უნდა შეაფერხოს საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი. საზღვრების გამკაცრება თავისუფალ გადაადგილებას არ შეცვლის, რაღაც სხვა მექანიზმები იქნება. ამიტომ, ვიზალიბერალიზაცია დაკავშირებულია იმ პოლიტიკასთან, რომლის მიხედვითაც გადაადგილების შეზღუდვები იხსნება, მაგრამ უსაფრთხოების ზომები ამ გადაადგილებისას საზღვრებზე იქნება გამკაცრებული.
- 2016 წლის ბიუჯეტზეც გკითხავთ. „ნაციონალური მოძრაობა" პენსიის 50 ლარით ზრდას ითხოვს და აცხადებს, რომ ბიუჯეტი ამის საშუელებას იძლევა. რამდენად რეალურია მათი მოთხოვნა?
- ესე იგი მთავრობას არ უნდა, რომ ხალხს მისცეს პენსია და „ნაციონალურ მოძრაობას" უნდა?! თუ რესურსი გამოინახება, რა თქმა უნდა, უმრავლესობა მზად არის, რომ მსგავსი ქმედებები განახორციელოს. ის სოციალური პოლიტიკა, რომელიც განვახორციელეთ, არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა. ამის დასანახად მხოლოდ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაც საკმარისია. ჩვენ კარგად ვერ ვაცნობიერებთ, რა დიდი განსხვავებაა ამ მიმართულებით წარსულსა და აწმყოს შორის. ასე რომ, ჰუმანიზმისა და სოციალური საკითხების გადაწყვეტის მიმართულებაში „ნაციონალურ მოძრაობა" ვერ იქნება ბაირახტარი.
მთავარ პრობლემად დღეს ეკონომიკური აქტივობის გაზრდა, უმუშევრობის შემცირება და დასაქმების ზრდა მიმაჩნია.
- ეთანხმებით თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას?
- ჩემი პირადი განწყობა რომ გითხრათ, მგონია, რომ ეს საკითხი ძალიან სერიოზულ და უფრო ღრმა დაფიქრებას საჭროებს. არ არის მარტივი საკითხი. საქმე ეხება საერთოდ მოქალაქეობის განცდას, პატრიოტულ განცდას, თანასწორობას. ყველა ამის გათვალისწინებით უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული. ამაზე მსჯელობა საჭიროა, იმ პრაქტიკული რეალობის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს მსჯელობა გაღრმავდება.