„ქართული ერთობის დარბაზის" აღმასრულებელი საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ტელევიზია „ქართულმა" მაუწყებლობა თანამგზავრზე დაიწყო. გილოცავთ!
ეს ყველას გამარჯვებაა, ვინც უკვე დადგა ან მომავალში დადგება ბატონი რეზო ჩხეიძის დაწყებულ დიდ წამოწყებასთან - ტელევიზია „ქართულის" შექმნასთან დაკავშირდებით!
ნახეთ ვებგვერდები qedi.qtv.com.ge, qtv.com.ge და დარწმუნდებით - რა დიდი საქმეა დაწყებული, რომლის სათავეებთან ბატონ რეზოსთან ერთად, იდგნენ დიდი მოღვაწეები,მართლაც , სახელმწიფო კაცები - მერაბ ბერძენიშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, გიგა ბათიაშვილი, გივი თოიძე, ტარიელ ხარხელაური, რომან რურუა, არნოლდ გეგეჭკორი, ომარ მხეიძე, თემურ გუგუშვილი, რამაზ ყურაშვილი. მათ განსაკუთრებულად უჭერს მხარს მეცნიერებათა აკადემია, მისი პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე.
ეს არის არა ბრძოლა სკამებისათვის, არამედ ქართული იდეით გაერთიანებისა და მომავლის საქართველოსათვის. ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ დაპირისპირებას და მთავარ პრინციპად ვირჩევთ თანამშრომლობის ჰარმონიზაციას.
არც ხელისუფლების ლანძვასა და რევოლუციებშია გამოსავალი და არც ხელისუფლების ხალხისაგან გაუცხოება და ხალხზე უფროსობა მოგვიტანს სასურველ შედეგს. ტაძართან ქართული იდეით ერისა და ბერის გაერთიანება მიგვიყვანს, როგორც ამას ჩვენივე ისტორია გვასწავლის, როგორც ამას ჩვენი სულიერი მამა, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე გვირჩევს ქადაგებებში.
ჩვენ სწორედ ამ განწყობით ვამზადებთ „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესს", რომელიც მომდევნო წელს შედგება თბილისში. მანამდე კი, საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში, რაც მთავარი და განსაკუთრებულად ხაზგასასმელია, მსოფლიოს 20 -ზე მეტი ქვეყნის 30 ქალაქში შედგება კონგრესის სესიები.
სწორედ ეროვნული იდეით გაერთიანება გვამოძრავებდა, როცა სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, ლაზარეს აღდგინების 2014 წლის 4 აპრილს, გავაჟეღრეთ მოწოდება ერისა და ბერისადმი - მომდევნო წელს გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნის თაობაზე.
სწორედ ამ განწყობით მეცნიერებთან ერთად ვქმნით მომავლის საქართველოს პროგრამას,რომელსაც წარუდგენთ - ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესს!
ჩვენ ვთანამშრომლობთ საპატრიარქოსთან, ასეთივე თანამშრომლობისთვის ვართ განწყობილი საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკურ პარტიების, არასამთავრობო სექტორის, ქართული მედიის ,საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და მისიების, საქართველოში მოქმედი კონფესიების მიმართ.
ჩვენ ვიცით,რომ ყოველი ადამიანი სიმდაბლით მაღლდება და რომ თითოეულს და ყველას ერთად „სიყვარული აგვამაღლებს", როგორც ეს გენიალურად თქვა შოთა რუსთაველმა.
სიყვარულით გავიმარჯვოთ საქართველოსათვის!
ჩვენ ამ განწყობით ვიკრიბებით მომავალ პროგრამებზე საუბრისათვის, 23 ნოემბერს, გიორგობას, სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში", - ნათქვამია განცხადებაში.