საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი სამინისტროს ერთ წლიან მუშაობას აფასებს. როგორც გურამ ოდიშარიამ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ერთი წლის განმავლობაში 2000 ადამიანი მიიღო, ვისაც მინისტრთან შეხვედრა სურდა. მისივე განმარტებით, კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი რეგიონები და ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციაა.
გურამ ოდიშარიამ დეტალურად ისაუბრა საზღვარგარეთ განხორციელებულ პროექტებზე და ყურადღება გაამახვილა ტაო-კლარჯეთში ჩატარებულ 5 ექსპედიციაზე. მინისტრის განმარტებით, იშხნის მდგომარეობა გამოსწორდა და ყველაფერი კარგად მიმდინარეობს.
როგორც გურამ ოდიშარიამ აღნიშნა, წარმატებით განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება სარესტავრაციო პრაქტიკაში მიღებული ნორმების დაცვით მიმდინარეობს. შედგა 5 ექსპედიცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად და შედეგად თურქულმა მხარემ იშხნის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასრულების ვადა გაახანგრძლივა. სამუშაოები დეკემბრის ნაცვლად, 2014 წლის მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
ოდიშარიამ აღნიშნა, რომ ერთი წლის განმავლობაში სამინისტრომ 140-ზე მეტი საერთაშორისო პროექტი განახორციელა. მისივე ინფორმაციით, მომავალში მეტი დაფინანსება ექნება კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურას.
კულტურის მინისტრის განმარტებით, დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში 12 სახელოვნებო სკოლაში იყო, დასაქმდა 72 დევნილი პედაგოგი, სადაც უფასოდ 1000-მდე დევნილი მოსწავლე ივლის.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, მომავალი წლის ოქტომბერში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი "აბესალომ და ეთერის" წარმოდგენით გაიხსნება.