საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ტერორიზმის საფრთხეებსა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე „რეპორტიორს" ესაუბრა:
- „ისლამური სახელმწიფოს" მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტები არ არის მხოლოდ ფრანგების მიმართ მიმართული, იგი მიზნად ისახავს მთელი ცივილიზებული სამყაროს დაშინებას. „ისლამური სახელმწიფო" ამ ქმედებით აცხადებს, რომ ის ცდილობს, რაც შეიძლება შეავიწროვოს დემოკრატიული სამყარო და გააფართოვოს თავისი გავლენები. მიმაჩნია, რომ პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ გამთლიანდება ის ძალისხმევა, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა განახორციელოს „ისლამური სახელმწიფოს" მიმართ, რათა ტერაქტების საშიშროება სხვა ქვეყნებში თავიდან ავირიდოთ. ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხე, რომელსაც სჭირდება როგორც სამხედრო ჩარევა, ისე მათი იდეოლოგიის წინააღმდეგ ძალიან ორგანიზებული აქტივობების განხორციელება ყველა ქვეყნის მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ისლამური სახელმწიფო" ცივილიზებულ მსოფლიოს ძალიან დიდ საფრთხესა და საშიშროებას შეუქმნის.
- რა ზომებს უნდა მიმართოს საქართველოს ხელისუფლებამ ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით და არსებობს თუ არა რეალური საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის?
- მიმაჩნია, რომ საქართველოში დიდი აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არ არის. არც იმის საჭიროებაა, რომ მოვიწვიოთ უშიშროების საბჭო და განვაცხადოთ, რა ქმედებები უნდა განვახორციელოთ. ეს უნდა იყოს საქმიანი აქტივობის ფარგლებში. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, მაგრამ ტერორისტული აქტების ჩვენკენ მომართვის საშიშროება ჯერჯერობით არ არსებობს. „ისლამური სახელმწიფოს" ძირითადი სამიზნე დღეს დიდი ევროპული სახელმწიფოებია, რომლებიც ფაქტობრივად გადამწყვეტ როლს თამაშობენ პროგრესის კუთხით. საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა ჯერჯერობით „ისლამური სახელმწიფოს" სამიზნეს არ წარმოადგენს. თუ ჩვენ ზომიერად ფრთხილ და ჩვენს უსაფრთხოებაზე გათვლილ საქმიანობას განვახორციელებთ, არა მგონია ეს საშიშროება დადგეს.
- რამდენად შესაძლებელია საქართველოში ეთნორელიგიურ ნიადაგზე ვითარების გამწვავება და რამდენად არის ხელისუფლება მზად, რომ გაუმკლავდეს მსგავსი ტიპის გამოწვევებს?
- გვჭირდება გარკვეული იდეოლოგიური მუშაობა პანკისის ხეობაში, რათა იქიდან არ მოხდეს ახალგაზრდების გადინება. ამ მხრივ, ვფიქრობ, სერიოზული ძალისხმევა დაგვჭირდება. ეს არის ჩვენი გამოწვევა. აქ არის საჭირო მეტი ყურადღების მიქცევა. პანკისში მცხოვრებ ხალხს უნდა დავანახოთ, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან" შეერთების პერსპექტივა არის გაცილებით წამგებიანი, ვიდრე პერსპექტივა, რომ ცხოვრობდე საქართველოში და საქართველოსთან ერთად იღვწოდე, რათა ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. მომხდარი ტერაქტების შემდეგ ეს საკითხი ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა და გაჩნდა აუცილებლობა, რომ ამ კუთხით მეტი ვიმუშაოთ. საჭიროა ინტენსიური შეხვედრები პანკისის მცხოვრებ მოსახლეობასთან.
- იმოქმედებს თუ არა მიმდინარე მოვლენები ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე?
- ეს პროცესები ვიზა-ლიბერალიზაციასთან უშუალო კავშირში არ არის, რადგან ვიზა-ლიბერალიზაციას აქვს თავისი განრიგი. ამ განრიგის მიხედვით ჩვენ ტექნიკურ დავალებებს ვასრულებთ და ძალიან კარგი და მაღალი შეფასება გვაქვს სათანადო ორგანიზაციების მხრიდან. გარდა ამისა, ამ კონტექსტში მინდა ვახსენო, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ბოლო მონაცემებში არის შეფასებები, რომ საქართველო სწორად მიდის ევროპული გზისკენ. ამრიგად, მიმაჩნია, რომ სრული სურათი საქართველოს მიმართ არის საკმაოდ პოზიტიური. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა რიგითმა მოქალაქემ დაინახოს, რა უპირატესობა აქვს ჩვენთვის ვიზა-ლიბერალიზაციას.