მედიაკავშირი „ობიექტივი" საქართველის იუსტიციის სამინისტროს მიმართავს და საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატებიდან, ერთ-ერთი კანდიდატის, ნანა რევაზიშვილის სარეკომენდაციო წერილში არსებული ცდომილების გამოსწორებისკენ მოუწოდებს.
როგორც „ობიექტივის" მთავარი რედაქტორი, ბონდო მძინარაშვილი აღნიშნავს, ნანა რევაზიშვილის მონაცემებში წერია, რომ მას რეკომენდაცია მედიაკავშირმა „ობიექტივმა" გაუწია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მედიაკავშირ „ობიექტივის" განცხადება
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპროკურორო საბჭოს წარუდგინა მთავარი პროკურორობის კანდიდატები - ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და ირაკლი შოთაძე.
წერილის დანართში მითითებულია კანდიდატების მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, სუსტი და ძლიერი მხარეები და რეკომენდატორები. ამ წარდგენის და რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატის - ნანა რევაზიშვილის რეკომენდატორთა შორის დასახელებულია მედიაკავშირი "ობიექტივი".
მედიაკავშირი "ობიექტივი" ხაზგასმით აცხადებს, რომ პროკურორობის არც ერთი კანდიდატისთვის არ გაუწევია რეკომენდაცია.
როგორც გავარკვიეთ, ქალბატონ ნანა რევაზიშვილს რეკომენდაცია გაუწია "ობიექტივის" ერთ-ერთმა მოწვეულმა წამყვანმა, რომელმაც ამ რეკომენდაციის შესახებ არ აცნობა მედიაკავშირის გამგეობას და ხელმძღვანელობას. "ობიექტივის" 100-ზე მეტი მოწვეული წამყვანიდან "ობიექტივის" სახელით რეკომენდაციების მიცემის უფლება არავის აქვს.
მედიაკავშირი "ობიექტივი" სთხოვს იუსტიციის სამინისტროს, გამოასწოროს შეცდომა და საიტზე განთავსებული ოფიციალური დოკუმენტი შეასწოროს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ პროკურორობის კანდიდატების პროფესიონალიზმსა და კომპეტენციაში ეჭვი არ გვეპარება და ვიმედოვნებთ, საპროკურორო საბჭო ღირსეულთა შორის ღირსეულს შეარჩევს მთავარ პროკურორად.
ბონდო მძინარაშვილი,
მედიაკავშირ "ობიექტივის" მთავარი რედაქტორი."