შიმშილობის მე-19 დღე - „პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გრძელდება. 10-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პროტესტის ამ ფორმაზე უარის თქმა მოუწია ემზარ კვიციანს. მან საავადმყოფო გუშინ დატოვა. პარტიის წევრი „რეპორტიორს" აქციის მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა:
-აქცია მიმდინარეობს, გამოხმაურებები იყო. დღეს საელჩოების წარმომადგენლებთან არის შეხვედრა, ხვალ კი - პარლამენტის წევრებთან. ვფიქრობ, რაღაც კონსენსუსამდე მივალთ. ჯაჭვური შიმშილობა გრძელდება, ვენაცვლებით ერთმანეთს. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ შედეგს არ მივაღწევთ.
- მოშიმშილეებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა კახა კალაძემ. თუ გადაწყდა, როდის შედგება ეს შეხვედრა?
- ჯერჯერობით, დაგეგმილი არაა, მაგრამ მივესალმები კახა კალაძის ამ ჟესტს. ძალიან კარგია, რომ თინა ხიდაშელის ვინმეს არ ეშინია; კარგია, რომ შეხვედრაზე ფიქრობენ... ამდენი ხანი, წვიმაში, სიცივეში ადამიანები შიმშილობენ. ამას, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან რეაგირება სჭირდებოდა.
- ამ ეტაპზე რამდენი ადამიანი შიმშილობს? იყო ინფრმაცია, რომ მათი რიცხვი 500-მდე გაიზრდებოდა?
- გუშინ საღამოს 70 ადამიანი შიმშილობდა. მოშიმშილეების რაოდენობა ყოველდღიურად იცვლება. ხვალ კი მიტინგი გაიმართება, ველოდებით ბევრ ხალხს. როგორ წარიმართება მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან, იმის მიხედვით გავაგრძელებთ აქციას.
- ზოგიერთი ექსპერტი „პატრიოტთა ალიანსის" მოთხოვნებს სკეპტიკურად უყურებს...
- შეუძლებელი არაფერია, ჩვენი მოთხოვნებიდან ყველაფერი არის ის, რაც წაადგება ჩვენს ქვეყანას. მთელმა ქვეყანამ იცის, რომ არჩევნები გაყალბდა, გააყალბა თინა ხიდაშელმა. ჩვენი შიმშილობა ამაზე აქცენტირებული არაა, ჩვენ აქციას ვატარებთ იმის გამო, რომ მომავალი 2016 წლის არჩევნები არ დაემსგავსოს წლევანდელ შუალედურ არჩევნებს.
- როგორია მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარება?
- შიმშილობის პირველ-მეორე დღესვე გახდნენ ცუდად აქციის მონაწილეები. თუმცა ეს არ გავახმაურეთ, არ ჩავთვალეთ საჭიროდ. მოშიმშილეთა შორის ერთი ახალგაზრდაა, რომელმაც ერთი თვის წინ მოიყვანა ცოლი, თაფლობისთვე აქვს და მაინც აქციაზე ზის. შემოგვიერთდა 93 წლის მოხუცი... ვცდილობთ, 60 წელს ზემოთ ადამიანებმა არ იშიმშილონ.
- გაიზრდება მოშიმშილეთა რაოდენობა?
- კი, ამის მსურველი ბევრია, თუმცა, ვუფრთხილდებით და არ ვაძლევთ ყველას შიმშილობის საშუალებას.
- როდემდე აპირებთ შიმშილობას?
- თუ მოლაპარაკების დროს მივაღწიეთ გარკვეულ კონსენსუსს, თუ წამოვიდნენ დათმობაზე, რა თქმა უნდა, აქცია შეწყდება, თუ არაფერზე დაგვთანხმდნენ, უტიფრად მოიქცნენ და არაფრად ჩაგვაგდეს, რა თქმა უნდა, გაგრძელდება პროტესტი.