„მამაჩემის თავადურ წარმოშობაზე თავად გვარი - ამირეჯიბი მიუთითებს. ეს საუკუნეების მანძილზე გვარად ქცეული მეფის სასახლის თანამდებობაა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის უფროსს რომ შეესატყვისება. თანამდებობა საგვარეულო იყო, მემკვიდრეობით გადაეცემოდა და ყოველი ოჯახი, რომელიც ამ გვარს ატარებდა, პირდაპირ მეტოქეობდა, რათა თავისი ოჯახიდან მოემზადებინა კანდიდატი. ულმობელი კონკურენცია იყო, ამიტომ ყველა კანდიდატი ღირსეულ განათლებას იღებდა როგორც საქართველოში, ასევე ბიზანტიაში - აქედან მოდის გვარის წარმომადგენელთა ტრადიციული განათლებულობა. ბოლო ასი წლის მანძილზე ერთადერთი „ხეპრე" გვარში - თქვენი მონა-მორჩილია: ლიტერატურული ფაკულტეტის სამი კურსი მაქვს დამთავრებული. მესამე კურსზე უკვე მწერალთა კავშირის წევრი ვიყავი, ვიბეჭდებოდი და სწავლა მივატოვე", - წერდა მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი.
მწერალი თბილისში 1921 წლის 18 ნოემბერს დაიბადა. დედა - მარიამ მიხეილის ასული ნაკაშიძე, ქალთა უმაღლეს კურსებდამთავრებული პედაგოგი - პირდაპირი შთამომავალი იყო აფხაზეთის, სამეგრელოს და გურიის მთავრებისა: შერვაშიძეებისა, დადიანებისა, გურიელებისა და ასევე - მიქელაძეებისა და ნაკაშიძეებისა.
მამა - ირაკლი გიორგის ძე ამირეჯიბი - ცნობილი ადვოკატი - ჩამომავალი ამირეჯიბებისა, მაღალაშვილებისა, ქარუმიძეებისა, ფავლენიშვილებისა, ჯოხთაბერიძეებისა.
1941 წლის 23 ივნისს, ომის დაწყებიდან მეორე დღეს, პირდაპირ კალათბურთის მოედნიდან წაიყვანეს ჯარში. ჯერ ამიერკავკასიის სამხედრო-საჰაერო ძალების 203-ე ცალკე ასეულის რადისტ-ტელეგრაფისტია, შემდეგ კი გროზნოს აეროდრომის 26-ე ავიადივიზიის რადიოსადგურის უფროსი. ჩრდილოკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის დერეფანში შორეული ნათესავი ნახა, ჩრდილო კავკასიის ფრონტის ფინანსური სამმართველოს უფროსი, რომელიც საინტენდანტო სამსახურში გადაისვრის, ტრანსპორტში. იმ დროს სპარსეთის ყურედან ირანის გავლით ამიერკავკასიაში მოკავშირეთა სამხედრო დახმარება იგზავნება - ავტომანქანები, შეიარაღება, ამუნიცია და 1903 წლის ქვასავით მაგარი, თეთრი ლობიოც კი. ერთი ასეთი კოლონის მეთაურის მოადგილე ხდება.
ამ დროისათვის ჭაბუა ამირეჯიბის დედ-მამა და ახლო ნათესავები რეპრესირებულები იყვნენ: მამა დახვრიტეს, დედა გადაასახლეს. ყოველივე ამის გამო ჭაბუა ამირეჯიბი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს, როგორც „არასწორად გაწვეული".
თბილისში დაბრუნებულმა სწავლა განაგრძო თსუ-ში. იყო არალეგალური ანტისაბჭოთა ორგანიზაცია „თეთრი გიორგის" ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი, 1943 წელს იგი დააპატიმრეს შეიარაღებული აჯანყების მზადების ბრალდებით და მიუსაჯეს 25 წლის პატიმრობა. მალე სასჯელი შეუცვალეს დახვრეტით. სიკვდილმისჯილთა საკანში იჯდა სამთვენახევარი, შემდეგ კვლავ შეუცვალეს განაჩენი 25 წლის პატიმრობით.
პატიმრობის მანძილზე სამჯერ გაიქცა. დახვრეტა მეორედაც მიუსაჯეს, რაც შემდგომ შეცვალეს და ახალი ვადა დაუმატეს. საერთო ჯამში, მას 83 წელი ჰქონდა მისჯილი. პატიმრობის დროს მონაწილეობდა ყარაგანდისა და ტაიმირის პოლიტპატიმართა აჯანყებებში, იყო ამ აჯანყებათა ორგკომიტეტის წევრი.
პატიმრობის 16 წელი გაატარა ყარაგანდის, კოლიმის, მორდოვეთის, ტაიმირის ნახევარკუნძულის, აღმოსავლეთ ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის ბანაკებში. იყო ტყის მჭრელი, ჩრ. ოსეთის სატყეო კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი (1945-47), ბელორუსიის სატყეო მრეწველობის სამინისტროს ტყის გადამამუშავებელი კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი (1947-50).
ჭაბუა ამირეჯიბი 1959 წლის დეკემბერში დაბრუნდა გადასახლებიდან.
ოჯახში არცთუ სახარბიელო ვითარება დახვდა: მამა 38-ში დაუხვრიტეს, დედას ათი წლის პატიმრობა მოუხდია სხვადასხვა ბანაკებში და დაბრუნებულა. მისი უმცროსი და, ნათია ამირეჯიბი დეიდებთან იზრდება. უფროსი და, როდამი მოსკოვში ცხოვრობს, ჩინებული პოეტის, მიხეილ სვეტლოვის ცოლია, ხოლო მისი სიკვდილის შემდგომ - ბრწყინვალე ფიზიკოსის, ბრუნო პონტეკორვოს მეუღლე. სწორედ ამ პერიოდის შესახებ შექმნის აგრეთვე კატორღელი და შესაშური ერუდიციის კრიტიკოსი, ოტია პაჭკორია თავის მშვენიერ ლიტერატურულ პორტრეტს „ჭაბუა და ბრუნო". ქალბატონი როდამი მეორე ქმრის სიკვდილის შემდეგ თბილისში ბრუნდება, სადაც 77 წლისა განისვენებს კიდეც და დაუტოვებს ხსოვნას აღსრულებული ნათესაური ვალისას, რადგან დედამისსაც და ჭაბუასაც პატრონობდა პატიმართა ბანაკებში და მარტოდდარჩენილ უმცორს დას, ნათიასაც უვლიდა...
ჭაბუა ამირეჯიბი 1970-74 წლებში საქართველო-აშშ ერთობლივი საწარმოს „ამსაქფილმის" დამაარსებელი და დირექტორია; ალმანახ „კინოს" დამაარსებელი და რედაქტორი, საქართველოს სახკინოს სარეკლამო-საინფორმაციო ბიუროს დამაარსებელი და დირექტორი, კინოსტუდია „ქართული ფილმის" მეორე გაერთიანების დირექტორი, კონოსტუდია „მემატიანეს" დირექტორი, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს, შემდეგ პარლამენტის წევრი, საქართველოს თავდაცვის ფონდის თავმჯდომარე, ქართულ სულიერ ფასეულობათა დაცვის ასოციაცია „ივერიის" და გაზეთ „ახალი ივერიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე.
ჭაბუა ამირეჯიბმა სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო 1960 წელს, როცა ჟურნალ "მნათობში" გამოაქვეყნა მოთხრობა „რატომ არ დამაცადე". იგი ავტორია მოთხრობების კრებულებისა „გზა", „ძია შოთას ბადია", „არაკების კრებული", „თაფლის წვეთი", არის მრვალი პუბლიცისტური წერილის, სცენარებისა და სტატიების ავტორი.
1972 წელს ჟურნალ „ცისკარში" დაიწყო ჭ. ამირეჯიბის პირველი რომანის „დათა თუთაშხიას" ბეჭვდა. იგი ითარგმნა მსოფლიოს მრვალ ენაზე. რომანი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად წარადგინეს 1977 წელს, მაგრამ მაშინ ეს პრემია მწერალს არ მიენიჭა. 1978 წელს ავტორისვე სცენარით გადაიღეს მრავალსერიანი მხატვრული ფილმი. 1981 წელს ჭ. ამირეჯიბს, როგორც სცენარის ავტორს, ფილმ „დათა თუთაშხიას" დამდგმელ კოლექტივთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია კინემატოგრაფიის დარგში. ამავე წელს ჭ. ამირეჯიბს მიენიჭა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.
მისი ბიოგრაფია შეტანილია კემბრიჯის (IBC, 1997) და აშშ (ABI, 1998) ბიოგრაფიულ ცნობარებში.
1994 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
2001 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, 2002 წელს - ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი.
ჰყავს ექვსი შვილი, სხვადასხვა ცოლებისგან. მიაჩნდა, რომ ეს ბანაკებსა და თავისუფლებას შორის მიმოქცევის შედეგია, მაგრამ ღმერთმა იმით დააჯილდოვა, რომ, ოთხი ათეული წელი, როგორც თავად ამბობს, „ ნამდვილ მეუღლესთან, პოეტ თამარ ჯავახიშვილთან ერთად ცხოვრობს სრულ თანხმობაში".
ჭაბუა ამირეჯიბს ჰყავს ხუთი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი.
2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მწერლის ფიზიკური მდგომარეობის გამო ბერად აღკვეცის წესი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ მისსავე სახლში, თამარაშვილის გამზ. №8-ში შეასრულა. ამ საიდუმლოს მწერლის მოძღვარი დეკანოზი, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილიც ესწრებოდა. როგორც მეუფე სერაფიმემ, საიდუმლოს შესრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელი. წესის შესრულების შემდეგ, ბერ დავითს ბერული სამოსელი, სკვნილი გადასცეს და ერზე, სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს. მეუფე სერაფიმეს განცხადებით, ჭაბუა ამირეჯიბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი პიროვნებაა და ეკლესიას მისი ბერად აღკვეცის ფაქტი მიულოცა.
ჭაბუა ამირეჯიბი 2013 წლის 12 დეკემბერს (92 წლის ასაკში) გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.