„არ შეიძლება მშობლისადმი უღირსად მოქცევა. მშობელი ეს არის ღვთისგან მადლმოსილი და მას ეძლევა მადლი, რათა გადასცეს თავის შვილებს და ეს არ უნდა დაჰკარგოთ," - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.
"მინდა დღეს ვისაუბრო ერთ საკითხზე, რომელიც მარადიული და მძიმე საკითხია. ეს არის მშობლისა და შვილის დამოკიდებულება. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც მშობლებს არ ესმით შვილების და შვილებს არ ესმით მშობლების. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა აზროვნება, შეხედულება, მსოფლმხედველობა განსხვავდება. აი, ამიტომ ხშირია კონფლიქტი მათ შორის. თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი კანონი, რომელიც ღმერთმა მისცა კაცობრიობას, არის: "პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა", მაგრამ ამით არ მთავრდება, "რათა კეთილი გეყოს შენ და მრავალჟამიერ იყო ქვეყანასა ზედა". ამიტომ მე მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო თქვენს დამოკიდებულებას მშობლების მიმართ. მშობლის შეიძლება არ გესმოდეს, შეიძლება განსხვავებული აზრი გქონდეთ შენ და მშობელს, მაგრამ შენ ვალდებული ხარ, მშობლის საშუალებით მიიღო მადლი ღვთისა, მადლისა სულისა წმინდისა და ამით კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა", - ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქმა თავისი სტუდენტობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ სახლში დაბრუნებისას ყოველთვის ცდილობდა, რაიმეთი გაეხარებინა მშობლები და მათთვის საჩუქრები გაეკეთებინა.
„უნდა ეცადოთ, რომ რაღაცით ასიამოვნოთ თქვენს მშობელს. გირჩევთ, მთავარი ყურადღება მიაქციოთ ამ საკითხს", - განაცხადა უწმინდესმა.