მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა-ლოცვა აღევლინება.
წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ. ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებოთ იმართება. ქართლში მას გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა ჰქვია; კახეთში - ალავერდობა, თეთრი გიორგობა; სამეგრელოში - ილორობა და სხვა.
წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა.
ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მან მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს, 30 წლის ასაკში, მოკვეთეს თავი. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
ლეგენდის თანახმად, წმმინდა გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია და ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა. საქართველოში არსებობდა წმმინდა გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო.
წმინდა გიორგი კაბადოკიელის კულტი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მას არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა მიმართულების ქრისტიანული აღმსარებლობის მორწმუნეები კათოლიკეები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, მონოფიზიტები სცემენ თაყვანს. წმინდანის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში-ყურანშიც კი მოიპოვება.
ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს, დღესასწაულობს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.